სასამართლო ახალგაზრდა კომპოზიტორის საქმეზე შემაჯემებელ სხდომა გამართავს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

22 ივნისი, 2022

2022 წლის 23 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, ახალგაზრდა კომპოზიტორის საქმეზე, შემაჯამებელ სხდომას გამართავს.  

დავის საგანს წარმოადგენს არასრულწლოვანი შვილების განცალკევება და ამ მიზნით, დამცავი ორდერის გამოცემა. ბავშვების მამა მოითხოვს შვილები საცხოვრებლად, დროებით, 9 თვის განმავლობაში, გადავიდნენ ბებიის საცხოვრებელი სახლიდან მოქმედი პროკურორ ზაზა კვირკველიას ოჯახში. ზაზა კვირკველია ბავშვების მამის სიძეა. ამასთან, მამა მოითხოვს 9 თვის მანძილზე ბავშვებს შეეზღუდოს აღმზრდელ ბებიასთან და ერთ-ერთი არასრულწლოვნის შემთხვევაში, მუსიკალურ პედაგოგთან ყოველგვარი კომუნიკაცია.

საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, მოქმედი პროკურორი ზაზა კვირკველია თანხმობას გამოთქვამს ბავშვების მიღებისთვის. 2022 წლის 20 იანვრის სასამართლო სხდომაზე, არასრულწლოვნებმა კატეგორიული უარი განაცხადეს საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე და მთლიანად გამორიცხეს ბებიის მხრიდან რაიმე ფორმით ფსიქოლოგიური ძალადობა. სწორედ ფსიქოლოგიური ძალადობის საფუძვლით მოითხოვს მამა ბავშვების განცალკევებას, ასეთი მოსაზრებებს კი საფუძველი მისცა ე.წ. ზრუნვის სააგენტოს საქალაქო ცენტრის მხარდაჭერის, სასამართლო - სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების სოციალური მუშაკის მარიამ ცხვედიანისა და ამავე განყოფილების უფროსი სოციალური მუშაკის, ნინო იობაშვილის მიერ საქმეზე წარმოდგენილმა გაყალბებულმა დასკვნებმა (დასახელებული სოციალური მუშაკები ჯერ ისევ სისტემაში საქმიანობენ. მათ ბიოგრაფიებს სააგენტო მალავს).

2022 წლის 24 იანვარს, მრავალწლიანი დუმილის შემდეგ, ფარული და კორუფციული შეთანხმებების ზედაპირზე გამოვლენის გამო, საზოგადოებამ მოისმინა ბავშვების ბებიის ოჯახისა და „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთობლივი განცხადება, რომლითაც ორი სოციალური მუშაკი მოქმედი პროკურორის მფარველობაში იქნა მხილებული. სწორედ ამ დღეს, საჯარო განცხადებიდან რამდენიმე საათში, ე.წ. ზრუნვის სააგენტომ მიიღო სამართალდამრღვევის ოქმი, რომლითაც ბებია დაისაჯა და დაჯარიმდა 500 ლარით. სამართალდამრღვევის ოქმში აღნიშნულია, რომ შემთხვევა შეეხება „ზეგავლენაში მამასთან ურთიერთობის საკითხს“ (სტილი დაცულია) და რომ აღნიშნული გამოვლინდა 2021 წლის 30 ნოემბერს. 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ 2021 წლის 30 ნოემბერს ახალგაზრდა კომპოზიტორი მუსიკალურ პედაგოგ ბებიასთან ერთად იმყოფებოდა გერმანიაში. ამასთან, 2021 წლის 30 ნოემბერი კალენდარულად გახლდათ სამშაბათი დღე, ხოლო სასამართლოს დროებითი განკარგულებით, მამას ბავშვების მონახულების უფლება გააჩნია პარასკევსა და კვირას. ამდენად, სამართალდარღვევის ოქმის იურიდიული საფუძვლები, არც ფაქტობრივი მოცემულობა, ბუნებაში არ არსებობდა, რაც კიდევ ერთხელ ტოვებს მყარ საფუძველს, რომ ე.წ. ზრუნვის სააგენტომ 71 წლის ქალბატონი დასაჯა. მხილებისა და სკანდალის შემდეგ, ე.წ. ზრუნვის სააგენტომ სამართალდარღვევის ოქმის ფარგლებში საქმისწარმოება თავისივე ინიციატივით შეწყვიტა. 

სასამართლომ საქმის მასალებისა და არასრულწლოვნების შუამდგომლობის საფუძველზე, 2022 წლის 18 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება და სოციალური მუშაკები: ნინო იობაშვილი და მარიამ ცხვედიანი ბავშვებთან გასაუბრების პროცესიდან დარბაზიდან გააძევა, რითაც მათი აცილების თაობაზე, ბავშვების მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ოჯახი და ორგანიზაცია მოითხოვს დასახელებული ორი სოციალური მუშაკის კრიმინალური საქმიანობის შესწავლას და პროკურორ ზაზა კვირკველიას მხრიდან მფარველობის განხორციელების შემოწმებას.

მარიამ ცხვედიანმა და ნინო იობაშვილმა მიზანმიმართულად გააყალბებს დოკუმენტებში აღწერილი ფაქტები, რათა შეექმნათ სამართლებრივი საფუძვლები ბავშვების ბებიისგან განცალკევების მოთხოვნის დასმისთვის. საქმის მასალებით დგინდება, რომ ორი სოცილური მუშაკი ფარულ გარიგებებში იმყოფება ბავშვების მამასთან, დასკვნები კი მომზადებული იქნა არასრულწლოვანთა სპეციალიზაციით მოქმედი პროკურორ ზაზა კვირკველიას განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ.

საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია მოსამართლე ირინა გოგოლაძის თავმჯდომარეობით განიხლავს. ბავშვების ბებიის ინტერესებს „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს. საქმეთა გადატვირთულობის გამო, საქმისწარმოება მნიშვნელოვნად შეფერხდა, რაც მამის მხრიდან სასამართლოს ფარულ გარიგებებსა და კორუფციაში საჯარო დადანაშაულებაც მოჰყვა. ფაქტის შესწავლის მიზნით, არჩილ კაიკაციშვილმა უკვე მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მოსალოდნელია, სასამართლომ შემაჯამებელი გადაწყვეტილებაც გამოაცხადოს.



კომენტარები