ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის მიმართ მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროში ცნობილი მაესტრო იგორ პოლესიცკი (ფლორენციის ოპერა, იტალია) სპეციალურ წერილს ავრცელებს და ახალგაზრდა ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის ც.ზ.ს საქმეზე პროფესიული ჩართულობისთვის მადლობას უხდის.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გამო, წერილის შინაარსაც უცვლელად ავრცელებს:
„პატივცემულო ბატონო კაიკაციშვილო,
ვიცი რა, რომ თქვენ წარადგენთ ც.ზ-ს ინტერესებს. ჩემს მოვალეობად მიმაჩნია გაგიზიაროთ ზოგიერთი აზრი, რომელიც ეხება ამ ჭეშმარიტად ფენომენალურად ნიჭიერ ბიჭს.
ჩემთვის საბედნიეროდ, რამდენიმე წლის წინათ, ვნახე ც. იუთუბში და მოვისმინე მისი შესრულება და უკვე მაშინ სრულიად გამაოგნა ბავშვის მუსიკალური სიღრმის და სიმწიფის დონემ. მე, ისევე, როგორც ჩემი მრავალი კოლეგა მსოფლიოში, უდიდესი ინტერესით ვაკვირდები მის ზრდას და ჩემი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების საფუძველზე შემიძლია სრული დარწმუნებით ვთქვა, რომ საქართველოში იზრდება არა უბრალოდ ვუნდერკინდი, ბავშვი - სასწაული სწრაფი თითებით, არამედ ღრმა და თვითმყოფადი მუსიკოსი არაჩვეულებრივად რთული შინაგანი ემოციური ორგანიზაციით და შემოქმედებითი ინდივიდუალურობით. ასეთი ადამიანები უაღრესად იშვიათად იბადებიან და ყველა ჩვენგანს, ვინც ამას ვაცნობიერებთ, გვაკისრია პასუხისმგებლობა მის სულიერ კეთილდღეობასა და მომავალზე.
სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ იმ კეთილისმყოფელ მკვებავ გარემოს, რომელშიც ეს შესანიშნავი ბიჭი იზრდებოდა და დიდი წარმატებით განაგრძობს ზრდას, დანგრევა ემუქრება. ჩემი თვალსაზრისით, ასეთი ბავშვებისთვის უკვე ჩამოყალიბებული ოჯახური, სულიერი, პროფესიული და ემოციური კავშირების დარღვევამ შეიძლება მოიტანოს არაპროგნოზირებადი და, ხშირად კატასტროფული შედეგები, არამხოლოდ მომავლისთვის, როგორც ჭეშმარიტად დიდი მუსიკოსისათვის, არამედ როგორც უბრალოდ სრულფასოვანი ჯანმრთელი ინდივიდისთვის.
მე ძალიან ვიმედოვნებ, რომ თქვენ, პატივცემულო ადვოკატო კაიკაციშვილო, შეძლებთ კატასტროფის თავიდან აცილებას. არ მეშინია განვაცხადო, რომ მუსიკალური სამყაროს ბოლო წლების ერთ-ერთი უბრწყინვალესი მოვლენის მომავალი თქვენს ხელშია.
მე კი, პატივად მივიჩნევ ვიყო თქვენთვის სასარგებლო თქვენს ნებისმიერ წამოწყებაში ამ მნიშვნელოვან საკითხზე“ - ნათქვამია წერილში.
ცნობისთვის: „ახალაგზრდა ადვოკატების“ წარმოებაშია არასრულწლოვან ც.ზ-სა და ნ.ზ-ს საქმე. სამოქალაქო სამართალწარმოების გზით, ბავშვების მამა მოითხოვს შვილების საცხოვრებელი ადგილის მამის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსაზღრას, ბავშვების ბებიას კი წარდგენილი აქვს შეგებებული სარჩელი და მოთხოვნილია“ არასრულწლოვნების საცხოვრებელი ადგილის ბებიის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება და მამის უფლების შეზღუდვა ერთ-ერთი ხელოვანი არასრულწლოვანის საზღვარგარეთ გადაადგილების გამო. ამასთან, მამამ წამოიწყო ადმინისტრაციული წარმოებაც, სადაც დავის საგანს წარმოადგენს არასრულწლოვანი შვილების განცალკევება და ამ მიზნით, დამცავი ორდერის გამოცემა. ბავშვების მამა მოითხოვს შვილები საცხოვრებლად, დროებით, 9 თვის განმავლობაში, გადავიდნენ ბებიის საცხოვრებელი სახლიდან მოქმედი პროკურორ ზაზა კვირკველიას ოჯახში. ზაზა კვირკველია ბავშვების მამის სიძეა. ამასთან, მამა მოითხოვს 9 თვის მანძილზე ბავშვებს შეეზღუდოს აღმზრდელ ბებიასთან და ერთ-ერთი არასრულწლოვნის შემთხვევაში, მუსიკალურ პედაგოგთან ყოველგვარი კომუნიკაცია. 2021 წლის 20 სექტემბერს, 2021 წლის 8 ნოემბერს, 2022 წლის 31 მაისსა და 2022 წლის 28 ივნისს, სასამართლომ უკვე ოთხგზის მიიღო გადაწყვეტილება ც. ზ.-ძის საერთაშორისო ღონისძიებებში გამგზავრებასთან დაკავშირებით მამის თანხმობის გარეშე და ბებიის ნინო მამრაძის მიმართ ნებართვის მიცემა ასეთი გადაადგილებების უზრუნველსაყოფად.