თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდა კომპოზიტორის საქმეზე კანონიერი წარმომადგენლის - მამის განცხადება ბებიის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის, შვილების 9 თვის განმავლობაში ბებიის საცხოვრებელი სახლიდან განცალკევების, მოქმედი პროკურორ ზაზა კვირკველიას ოჯახში განთავსებისა და ბავშვების ბებიასთან კომუნიკაციის შეზღუდვის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.
სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და არასრულწლოვანთა გამოკითხვის შედეგების მხედველობაში მიღებით, მამის მოთხოვნა ბებიის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემაზე იყო უსაფუძვლო და ადგილი არ ჰქონია ფსიქოლოგიურ ძალადობას, იძულებას ან ბავშვების ინტერესების უგულვებელყოფას. ამასთან, სასამართლოს წარმოებაშია კიდევ ერთი საქმე, რომელიც ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღრავს შეეხება, რაზეც შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სასამართლოს განმარტებით, ბავშვები მიჯაჭვულია ბებიას და ბებიის საცხოვრებელ გარემოს. მათ აქვთ სასტიკი უარყოფა შეიცვალონ საცხოვრებელი ადგილი და გარემო. ერთ-ერთი არასრულწლოვნის შემთხვევაში, რომელიც ცნობილი პიანისტი და კომპოზიტორია, გარემოს ცვლილება გამოიწვევს შემოქმედებითი და პიროვნული განვითარებისთვის მნიშვნელოვან დაბრკოლებას. ბებია ბავშვის შემოქმედებით ცხოვრებაში ასრულებს უმთავრესს ფუნქციას - არის მუსიკალური პედაგოგი, 9 თვით მასთან განშორება კი, ყოველგვარ რაციონალურ საფუძვლებსაა მოწყვეტილი. სასამართლოს განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება ემსაუხრება არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას და არ გამოხატავს ურთიერთ -დაპირისპირებულ მოდავე მხარეთა ინტერესებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არასრულწლოვანების ბებიის წარმომადგენლის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგა მოსალოდნელი შედეგი. არარსებული, გამოგონილი და უსაფუძვლო ბრალდებები, სასამართლომ კიდევ ერთხელ უარჰყო და მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მამას გააჩნდა პირადი შურისძიების მოტივები, რასაც ბავშვების სახელით და ინტერესების დაცვის საბაბით, სასამართლოს მხრიდან ისევ ეთქვა უარი. სამწუხაროდ, ადგილი აქვს შვილების ინტერესების წინააღმდეგ უფლების ბოროტად გამოყენებას. თავშივე ცნობილი იყო, რომ დამცავი ორდერის გამოცემის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი გარემოებები არ არსებობდა, მაგრამ ბავშვების მამამ აღნიშნული დავის წარმოებისთვის მოქმედება და მომზადება 2021 წლის სექტემბრიდან დაიწყო, ხელი შეუშალა ერთ-ერთ შვილს საზღვარგარეთ გამგზვარების თანხმობებში, მოისყიდა ე.წ. ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები და სასურველი დასკვნების მომზადებით, ასევე სასამართლო სხდომებზე ღია მხარდაჭერის პირობებში, შეეცადა ე.წ. ფსიქოლოგიური ძალადობის, ე.წ. იძულებისა და ე.წ. ბავშვის ინტერესების უგულვებელყოფის მტკიცებას, რაც ამჟამადაც კრახით დასრულდა. სამწუხაროდ, დასახელებული დავის ფარგლებში, მთელი 6 თვის განმავლობაში, ბავშვებმა დამატებითი ტანჯვა და სტრესი მიიღეს, რადგანაც ჩამოყალიბდა ნეგატიური მოლოდინი, რომ შესაძლებელი იქნებოდა 9 თვით შვილებს საცხოვრებელი გარემო შეეცვალათ. დავის ფარგლებში, მამამ არაერთი საჯარო პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც შეეხებოდა ბავშვების ბებიის დემორალიზაციას, შეურაცხყოფას, მოძალადედ წარმოჩენას. ასევე, ჩვეული მანერით დაიწყო სასამართლოს დისკრედიტაცია და საქმის გამხილველი მოსამართლე დაადანაშაულა ფარული გავლენების გატარებაში, სასამართლოს უწოდა „კორუმპირებული“, რაც ემსახურებოდა სასამართლოდ დაშინებას და მუქარის ქვეშ სასურველი განწყობების მიღებას, თუმცა უშედეგოდ - სასამართლომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, რაც აიხსნა არასრულწლოვნების ინტერესებით და განცალკავების მიმართ თავად ბავშვების დამოკიდებულებით.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ ჩაფლავდა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საქალაქო ცენტრის მხარდაჭერის, სასამართლო - სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების სოციალური მუშაკ მარიამ ცხვედიანის, ამავე განყოფილების უფროსი სოციალური მუშაკ ნინო იობაშვილის და სააგენტოს ფსიქოლოგ ხატია ნადარეიშვილის ოპერაცია, რომლის მიზანს უმძიმესი გამონათქვამებით, როგორც წარმოდგენილ დასკვნებში, ასევე სასამართლოში მიცემული განმარტებების დროს, ბავშვების ბებიის დისკრედიტაცია, დემორალიზაცია და უარყოფით პერსონად წარმოჩენა გახლდათ. სამწუხაროდ, დასახელებული მოხელეები თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების პირობებში, ახორციელებდნენ დაკვეთას, რაც მომდინარეობდა მოქმედი პროკურორ ზაზა კვირკველიას ხელდასხმით, რომელიც ბავშვების მამის სიძე, დის ქმარია.
საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, მოქმედი პროკურორი ზაზა კვირკველია თანხმობას გამოთქვამდა ბავშვების მიღებისთვის. 2022 წლის 24 იანვარს, მრავალწლიანი დუმილის შემდეგ, ფარული და კორუფციული შეთანხმებების ზედაპირზე გამოვლენის გამო, საზოგადოებამ მოისმინა ბავშვების ბებიის ოჯახისა და „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთობლივი განცხადება, რომლითაც ორი სოციალური მუშაკი მოქმედი პროკურორის მფარველობაში იქნა მხილებული. სწორედ ამ დღეს, საჯარო განცხადებიდან რამდენიმე საათში, ე.წ. ზრუნვის სააგენტომ მიიღო სამართალდამრღვევის ოქმი, რომლითაც ბებია დაისაჯა და დაჯარიმდა 500 ლარით. სამართალდამრღვევის ოქმში აღნიშნულია, რომ შემთხვევა შეეხება „ზეგავლენაში მამასთან ურთიერთობის საკითხს“ (სტილი დაცულია) და რომ აღნიშნული გამოვლინდა 2021 წლის 30 ნოემბერს.
სინამდვილეში, 2021 წლის 30 ნოემბერს ახალგაზრდა კომპოზიტორი მუსიკალურ პედაგოგ ბებიასთან ერთად იმყოფებოდა გერმანიაში. ამასთან, 2021 წლის 30 ნოემბერი კალენდარულად გახლდათ სამშაბათი დღე, ხოლო სასამართლოს დროებითი განკარგულებით, მამას ბავშვების მონახულების უფლება გააჩნია პარასკევსა და კვირას. ამდენად, სამართალდარღვევის ოქმის იურიდიული საფუძვლები, არც ფაქტობრივი მოცემულობა, ბუნებაში არ არსებობდა, რაც კიდევ ერთხელ ტოვებს მყარ საფუძველს, რომ ე.წ. ზრუნვის სააგენტომ 71 წლის ქალბატონი დასაჯა. მხილებისა და სკანდალის შემდეგ, ე.წ. ზრუნვის სააგენტომ სამართალდარღვევის ოქმის ფარგლებში საქმისწარმოება თავისივე ინიციატივით შეწყვიტა.
სასამართლომ საქმის მასალებისა და არასრულწლოვნების შუამდგომლობის საფუძველზე, 2022 წლის 18 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება და სოციალური მუშაკები: ნინო იობაშვილი და მარიამ ცხვედიანი ბავშვებთან გასაუბრების პროცესიდან დარბაზიდან გააძევა, რითაც მათი აცილების თაობაზე, ბავშვების მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მარიამ ცხვედიანმა და ნინო იობაშვილმა მიზანმიმართულად გააყალბებს დოკუმენტებში აღწერილი ფაქტები, რათა შეექმნათ სამართლებრივი საფუძვლები ბავშვების ბებიისგან განცალკევების მოთხოვნის დასმისთვის. საქმის მასალებით დგინდება, რომ ორი სოცილური მუშაკი ფარულ გარიგებებში იმყოფება ბავშვების მამასთან, დასკვნები კი მომზადებული იქნა არასრულწლოვანთა სპეციალიზაციით მოქმედი პროკურორ ზაზა კვირკველიას განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ დასახელებული ავანტიურისტული დავის ფარგლებში, რაც მამამ ფარული შეთანხმებების შედეგად წამოიწყო, მოხდა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მასშტაბური მხილება. ორგანიზაციამ აჩვენა ბავშვის ინტერესების დაცვის საუკეთესო მაგალითი. შედეგად, ფარულ გარიგებებში მხილებული სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კუპრეიშვილმა და ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის უფროსმა, ნინო ბუჩუკურმა საჩივრებით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას და მოითხოვეს ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ბავშვების ბებიის ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილისთვის საადვოკატო საქმიანობის ჩამორთმევა. სააგენტოს დასახელებულმა პირებმა ცილისწამებლურ კამპანიაში ჩართეს სააგენტოს სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმებული 10-ზე მეტი თანამშრომელი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ გიორგი კუპრეიშვილისა და ნინო ბუჩუკურის საჩივრები, დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო, არ დააკმაყოფილა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება ბავშვების კანონიერი ინტერესების წარმომადგენელ მამას შეუძლია, ერთჯერადი წესით, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს. საქმე მოსამართლე ირინა გოგოლაძემ განიხილა.