პრეზიდენტი დისკრედიტაციას უკეთებს მოქალაქეობის ინსტიტუტს

8 ნოემბერი, 2013

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებებს, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველებს, ორმაგი მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას ახორციელებს. 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივიჩნევთ, რომ ინიციატივა  ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს და მხოლოდ პიარისთვის გამიზნული ნაბიჯია,რაც შესაძლოა მძიმე შედეგების მომტანი გახდეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს პრეზიდენტს მსგავსი მასშტაბური ქმედება 2004 წლიდან არასდროს განუხორციელებია.

ორგანიზაციის განცხადებით, მოქალაქოების მინიჭების საკითხს კონსტიტუციის მე-12  და საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი არეგულირებს, რომელთა მიხედვითაც, პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება, ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს საქართველოს ინტერესებიდან. პრეზიდენტის ინიციატივით, ორმაგი მოქალაქეობა 10 სექტემბრისა და 21 ოქტომბრის  ბრძანებულებებით 2023 კაცს მიენიჭა. ამ ადამიანებიდან კი საეჭვოა ის ფაქტი რომ ყოველ მათგანს საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება ჰქონდეს. ის არგუმენტი კი, რომ ამ  ნაბიჯით ინვესტორების დაინტერესება გაიზრდება სუსტია, რადგან ნებისმიერ დაინტერესებულ უცხოელს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია საქართელოს ტერიტორიაზე აწარმოოს ბიზნესი. ერთადერთი შეზღუდვა რაც მათ მიმართ იარსებებს არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრებით შესყიდვის შეზღუდვა. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, „ახალგაზრდა ადვოკატები“ მივიჩნევთ, რომ შეგნებულად ხდება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა.

ორგანიზაცია ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნევს რომ ინიციატივის განხორციელება არ არის მიზანშეწონილი და მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს არ განახორციელოს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება. პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციასა და მოქალაქეობის ინსტიტუტს და შეაჩეროს უფლების ბოროტად გამოყენება, რომელიც არ პასუხობს არც საზოგადოების ინტერესებს და არც კანონით დადგენილ წესებს.

 

 



კომენტარები