2022 წლის 3 აგვისტოს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში არსებული გამოწვევების, არსებული რეალობის ანალიზისა და ტენდენციების საკითხებზე კვლევის პრეზენტაციას გამართავს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სფეროს კვლევის ინტერესი განაპირობა, ერთის მხრივ სამართლის სფეროში საკითხზე მიმდინარე დისკუსიამ, მეორეს მხრივ საერთო სასამართლოებში არსებული დავების სიმრავლემ და კანონმდებლობის ანალიზმა. მაგალითად, ორგანიზაციამ 2022 წლის 13 აპრილს წერილით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სტატისტიკური ინფორმაცია აღნიშნული ინსტანციის მიერ 2019-2022 წლებში განხილულ საქმეების კატეგორიებთან დაკავშირებით. დგინდება, რომ 2019 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებით, დარეგისტრირდა 140 საქმე, 2020 წელს - 241 საქმე, 2021 წელს - 82 საქმე, რაც ამჟამადაც განხილვის რეჟიმშია, რაც მოწმობს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სფეროში არსებული საჭიროებები და ტენდენციები, როგორც ავტორთა უფლებების დაცვის, ასევე დამდგარი ზიანის ანაზღაურების მიმართულებით.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევის მიზანია, უწინარესს ყოვლისა, დაიცვას ავტორის უფლება და მოახდინოს სფეროში არსებული გამოწვევების, მიმართულებებისა და რეალობის ანალიზი.
დოკუმენტი მოიცავს მიმოხილვას ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაციებით სარგებლობის პრაქტიკა და მომსახურებით კმაყოფილების შესწავლა, საავტორო უფლებების დაცვის მნიშვნელობა და დამოკიდებულებები, მონაცემთა შედარება.
ორგანიზაციამ დოკუმენტი შექმნა კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალურ კომპანია „ACT“-თან („ეისითი“) თანამშრომლობითა და მონაწილეობით. საკითხის ექპერტიზა განახორციელეს პროფესიონალების გუნდმა, რომელთა მიზანს ზუსტი მონაცემების შეგროვება და საზოგადოებისთვის პრობლემის ფართოდ მიწოდება წარმოადგენდა. დოკუმენტში დეტალურად იქნა შესწავლილი სფეროს აქტუალური საკითხები, მონაცემები დაეფუძნა სფეროს მოქმედი წევრების აზრის შესწავლას, გამოკვეთა მიგნებები და დასკვნები. ამდენად, კვლევა წარმოადგენს პირველ სერიოზულ საქმიან დოკუმენტს, რომლიც შეთავაზებული იქნება საზოგადოებისთვის, საკითხით დაინტერესებული წევრებისთვის და სფეროში ჩართული ყველა რგოლის მომხმარებლისთვის.
კვლევის მიზანია, წინასწარი განწყობების ნაცვლად, დემოკრატიულ საზოგადოებაში, საკითხთან მიმართებით, ხელი შეუწყოს ობიექტური შეხედულებების გაჩენას და ჯანსაღ დისკუსიას.
ორგანიზაცია კვლევას მიაწვდის აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას, ბიზნესის წარმომადგენლებს, საავტორო და შემსრულებელ ორგანიზაციებს, ასოციაციებს, დიპლომატიური კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას. შეხვედრა 12:00 საათზე დაიწყება.