ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სამოქალაქო თავდაცვის სფეროში არსებულ სტრატეგიას აფასებს და საქართველოს მთავრობას სახელმწიო ბიუჯეტის შესახებ კანონით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით სამოქალაქო თავდაცვის განვითარებისთვის ცალკე დაფინანების გამოყოფის რეკომენდაციით მიმართავს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ სოფიო ჭელიძის განცხადებით, ორგანიზაციამ რეგიონული კონფლიქტებისა და შეიარაღებული, საბრძოლო მოქმედებების განახლების პროცესში, საქართველოს წინაშე არსებული რისკებისა და გამოწვევების მხედველობაში მიღებით, სამოქალაქო თავდაცვის სფეროში არსებული მდგომარეობა და სამართლებრივი შესაძლებლობები შეაფასა. შესწავლის შედეგად, მთლიანობაში, ორგანიზაცია დადებით შეფასებას აძლევს სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული საკანონმდებლო და ნორამტიული ბაზის საფუძვლებს და დამატებით ყურადღებით დაუთმობს იმ აუცილებელ საჭიროებებს, რომელიც მზარდი საფრთხეების პროცესში, სამოქალაქო თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და მოქალაქეების ინფორმირების გაზრდას შეეხება. კერძოდ, საუბარია დამატებითი ფინანსური რესურსის მობილიზებისა და სახელმწიფოს მხრიდან სამოქალაქო თავდაცვის სფეროს სტრუქტურირებად კატეგორიად ჩამოყალიბებაზე, რათა გაიზარდოს უსაფრთხოების საკითხებზე ცოდნის გაზიარების, საზოგადოების გადამზადებისა და სამართლებრივი ინფორმირების ხარისხი.
სახელმწიფოსთან თანამშრომლობით, რაც შეიძლება მეტ პროფესიულ ჯგუფს მიეცეს პროგრამული აქტიურობების განხორციელების შესაძლებლობა. ამასთან, დასრულებული სახე მიეცეს საქართველოს თავდაცვის კოდექსის დოკუმენტს, რომელიც წლების განმავლობაში, არაერთი განხილვის შედეგად, საკანონმდებლო აქტად ვერ იქცა, ხოლო „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეთა მომზადების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობამ დააჩქაროს დადგენილების მიღება, რაც 2023 წლის 1 იანვრამდე შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით, განსაზღვრულია საქართველოში სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის ორგანიზება, სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებები, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილებები, სსიპ-ისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უფლებები და მოვალეობები. მართალია, კანონი „სამოქალაქო თავდაცვას“, როგორც ცალკე დამოუკიდებელ ტერმინს, არ იცნობს, მაგრამ „სამოქალაქო უსაფრთხოება“ განმარტებულია, როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული ორგანიზაციების მიერ განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად საგანგებო სიტუაციისგან ადამიანის სიცოცხლის/ჯანმრთელობის, გარემოსა და ქონების დაცვისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა. კანონმა, მანამდე არსებულთან შედარებით (5 დონიანი მართვის სისტემის ნაცვლად 2 დონე) ბევრად მარტივი და ეფექტიანი საგანგებო სიტუაციების მართვის მოდელი განსაზღვრა, რაც ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე, სხვადასხვა მიმართულებით არსებულ ხედვას ეფუძნება. მათ შორის, განისაზღვრა, მოხალისეთა სისტემის სამართლებრივი საფუძვლები, არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის სახე, ადრეული შეტყობინების სისტემა და საგანგებო სიტუაციების დროს მოქალაქეთა ინფორმირება. ეროვნული უსაფრთხოების სისტემაზე პასუხისმგებელ კანონით გათვალისწინებულ უწყებებს დაევალათ უზრუნველყონ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში რეაგირების ძალებისა და საქართველოს მოქალაქეთა მომზადება და მზადყოფნა.
ორგანიზაცია დაინტერესდა, სახელმწიფოს მონაწილეობით ან/და მხარდაჭერით, რა ღონისძიებები იქნა გატარებული სამოქალაქო თავდაცვის განვითარების მიმართულებით, საკონტრაქტო (პროფესიული) და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გარდა, არსებობს თუ არა სახელმწიფოს კონტროლქვეშ მოქცეული სხვა პლატფორმა (აკადემიური თუ პროფესიული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფდეს შესაბამისი სწავლების კურსს), რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობაში სამოქალაქო თავდაცვის უნარების გამომუშავებასა და განვითარებას, თავდაცვის ბიუჯეტი ითვალისწინებს თუ არა სამოქალაქო თავდაცვის მიმართულებით ღონისძიებების მომზადებას, რა თანხა დაიხარჯა ამ მიმართულებით, 2018, 2019, 2020, 2021 და 2022 წლის პარამეტრების მიმართულებით. განხორციელებული აქტიურობების შესახებ სრული ჩამონათვალით, რომელიც სამოქალაქო თავდაცვის კუთხით განხორციელდა ან იგეგმება.
შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით და სამოქალაქო თავდაცვის განვითარებისთვის ცალკე კოდი გამოყოფილი არ არის. შესაბამისად, სამოქალაქო თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ მონაცემები დამუშავებული არ არის. ამასთან, საქართველოს თავდაცვის ძალების საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების საკითხებში სახელმწიფოს, კერძოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაფორმებული აქვს ორი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მესამე სექტორთან. კერძოდ, ა(ა)იპ „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონსა“ და ა(ა)იპ „აისი“თან (www.legionerebi.com). აღნიშნული თანამშრომლობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა მოსწავლეების, სტუდენტების, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების საკითხებში ცოდნის გაზიარება, თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დაგეგმილი წვრთნებისა და სწავლებების საჩვენებელ ღონისძიებებში ჩართულობა, სხვადასხვა პრაქტიკული ღონისძიების მომზადება.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აღნიშნული, კრიტიკულად აუცილებელია სამოქალაქო თავდაცვიუნარანობის ამაღლებისთვის და სახელმწიფოს მხრიდან, არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, პრაქტიკული გამოცდილების მხედველობაში მიღებით, უნდა გაგრძელდეს სამოქალაქო სექტორიდან არსებული ჯგუფების ინიციატივებისა და პროექტების მხარდაჭერაც. აუცილებელია, სახელმწიფომ გამოყოს შესაბამისი ფინანსური რესურსი, რომელიც წაახალისებს სამოქალაქო თავდაცვის სფეროში ორგანიზაციული ჯგუფების პროექტებს, ხედვებსა და წინადადებებს. სამოქალაქო თავდაცვისუნარიანობაზე სახელმწიფოს ხედვა გახდება პროგრამული და სტრუქტურული მიმართულების ნაწილი.
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, ისევე, როგორც დოკუმენტი: „თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030“, საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების 12-პუნქტიან ფაქტორებში, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტერორისტულ აქტებს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის რისკს, პირველხასრიხოვან გამოწვევათა ჩამონათვალში აქცევს. ამდენად, მცოცავი ანექსიისა და რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომის მიმდინარეობის ფონზე, საქართველოს უსაფრთხოების გარემო, დამატებითი ღონისძიებების მიღებას და სამოქალაქო თავდაცვის სფეროში კომპლექსური მიდგომის გაჩენას საჭიროებს.