ქართულმა კომპანიამ Knauf-ის სახელით ბრენდის უხარისხო პროდუქცია გაყიდა და მომხმარებელი მოატყუა

25 სექტემბერი, 2022

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ სამართალწარმოების ფარგლებში, გერმანული ბრენდის „Knauf“-ის სახელით ქართულ ბაზარზე მოქმედ კომპანიას ბრენდის უხარისხო პროდუქციის გაყიდვა და მომხმარებლის მიმართ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება დაუდასტურდა. ქართულმა კომპანიამ მომხმარებლის პრეტენზიებისა და საკუთარი ქმედების დაფარვის გამო, მოქალაქეს სასამართლო წესით თავად უჩივლა, სარჩელი არ დაკმაყოფილდა და მომხმარებელმა შესძლო ბრენდის ქვეშ უხარისხო პროდუქციის გაყიდვის ფაქტის სასამართლო წესით დადასტურება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მომხმარებელმა კომპანიისგან 2020 წლის 28 ნოემბერს შეიძინა სხვადასხვა დასახელების საქონელი, რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 2 890 ლარს. მათ შორის - 337,5 ლარი გადაიხადა - 25 ტომარა KNAUF K1 თურქული წარმოების წებო-ცემენტში. 2020 წლის 18 დეკემბერს, მომხმარებელმა კომპანიას პრეტენზიით მიმართა და განაცხადა, რომ შეიძინა წებო-ცემენტი ,,KNAUF K1’’, რომელიც იატაკის დასაგებად გამოიყენა მის მიერ დაქირავებულმა ხელოსანმა. კერამიკული ფილის დაგების შემდეგ არ შეინარჩუნა სიმყარე და არ დამაგრდა იატაკზე, რისი მიზეზიც, მისივე განმარტებით, უხარისხო წებო-ცემენტი გახდა. მომხმარებელმა კომპანიისგან მოითხოვა ზარალის ანაზღაურება და წარმოადგინა გაანგარიშება, რომლის მიხედვითაც ასანაზღაურებელი თანხა, სულ შეადგენდა 6 448 ლარს. მათ შორის იყო, როგორც გამოყენებული, აგრეთვე, თავიდან გამოსაყენებელი მასალების ჩამონათვალი და გაანგარიშებით მოითხოვა, როგორც კერამიკული ფილის დაგების - ასევე აღების და თავიდან დაგების ხარჯები.

კომპანიამ მომხმარებლისგან გამოითხოვა წებო-ცემენტის ერთი ტომარა და მოქალაქეს განუმარტა, რომ აღნიშნულ საქონელს ხარისხის შემოწმების მიზნით ჩაუტარებდა ექსპერტიზას. მომხმარებელმა განაცხადა, რომ იგი ვერ დაელოდებოდა წებო-ცემენტის ვარგისიანობის კვლევის შედეგებს და მოითხოვა ზარალის დროული ანაზღაურება, ვინაიდან ახლოვდებოდა ახალი წელი და სურდა სარემონტო სამუშაოების დროულად დასრულება და ხელოსნისათვის ასანაზღაურებელი თანხის გადახდა. კომპანიამ მომხმარებლის მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა დაიტოვა უფლება, თუ ექსპერტიზის შედეგად წებო-ცემენტი აღმოჩნდებოდა ვარგისი, მოითხოვდა ანაზღაურებული თანხის და გაწეული ხარჯების უკან დაბრუნებას.

საქმის მასალებით დგინდება, რომ შეძენილი 25 ტომარა წებო-ცემენტიდან 23 ტომარა იქნა გახარჯული. მოქალაქე ამტკიცებდა, რომ კომპანიის მიერ საექსპერტოდ წარდგენილი წებო-ცემენტი "KNAUF K1” არ არის იმ პარტიიდან, რომელიც შეიძინა, რადგანაც აღნიშნული გამოთხოვილი არ ყოფილა მომხმარებლისგან. შესაბამისად, კომპანიამ ექსპერტს წარუდგინა მის მფლობელობაში არსებული სხვა, სავარაუდოდ ვარგისი ხარისხის წებო-ცემენტი "KNAUF K1" და მიიღო დადებითი პასუხი ხარისხზე. თავის მხრივ, მომხარებელმაც დასკვნის მომზადებისთვის მიმართა საექსპერტო ბიუროს. დგინდება, რომ იგივე ექსპერტები და იგივე საექსპერტო ბიურო, როდესაც შეძენილი პარტიიდან მსჯელობს მომხმარებლის მიერ წარდგენილ იგივე წებო-ცემენტის "KNAUF K1" ხარისხზე, ნიმუში ფასდება ობიექტურად და მისი ხარისხი არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს.

ქართული კომპანია სარეალიზაციოდ წარმოდგენილ სამშენებლო-სარემონტო პროდუქტის ხარისხზე საუბრისას აღნიშნავდა, რომ ყიდის უშუალოდ "KNAUF"-ის ფირმის პროდუქციას და კომპანია ბაზარზე წარმოადგენდა "KNAUF"-ის ფირმის წარმომადგენელ კომპანიას. მომხმარებელს, სწორედ ხარისხის ნიშნის მიმართ ნდობის ფაქტორის გამო, პირველად არ უსარგებლია დასახელებული კომპანიის პროდუქციით. ამდენად, სადავო პროდუქციის შეძენის დროსაც არსებობდა პირვანდელი ნდობა და დარწმუნება, რომ შეძენილი იქნა ხარისხიანი საქონელი. ამ რეალობის გათვალისწინებით, კომპანიამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ავანსად გაცემული 6448 ლარის მომხმარებლის მიმართ დაკისრება, რასაც მოქალაქემ კვალიფიციური და მოთხოვნის გამომრიცხველი მტკიცებულებებითა და არგუმენტაციით უპასუხა.

ქართულმა კომპანიამ სასამართლოს წარუდგინა კომპანიაქოქსალ ქარდეშლერის“ (თურქეთიდან KNAUF K1-ის მომწოდებელი) მიერ განმარტებული შენახვისა და მოხმარების წესებიც, რომლის თანახმად, წებო-ცემენტის ტომრები უნდა ინახებოდეს ჰორიზონტალურად ზედაპირზე, როგორიცაა ხის სადებზე და ინახება მშრალად, რათა არ მოხდეს წყალთან კონტაქტში, ნაწილობრივ გახსნილი და/ან დაზიანებული ტომრების გამოყენება არ შეიძლება. პროდუქტის შენახვის ვადაა 12 თვე. სავარაუდოდ, სწორედ ამ შენახვის ვადის შემდეგ მოახდინა კომპანიამ უხარისხო პროდუქციის რეალიზება.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენების საფუძველზე, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე კომპანიის მოსაზრებას, რომ გაყიდული საქონელი უნაკლო იყო და კომპანიამ მოქალაქეს ვალდებულების გარეშე გადაუხადა თანხა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს 2021 წლის 16 აპრილს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, წებო-ცემენტი არ აკმაყოფილებს EN 12004 სტანდარტის მოთხოვნას გამოცდის C1 კლასისათვის და უვარგისია გამოსაყენებლად.

ცნობისთვის: შემთხვევა ქუთაისში მოხდა, კომპანია კი ბაზარზე 2011 წლიდან საქმიანობს. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე დარინა აბულაძის თავმჯდომარეობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიღო. მომხმარებლის ინტერესები ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა წარმოადგინა.



კომენტარები