2022 წლის 3 ოქტომბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა სამშენებლო კომპანია „მამისონის“ სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება. კომპანიამ ვერც სააპელაციო სასამართლოს ინსტანციაში დაამტკიცა, რომ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი ეკონომიკური სირთულეების გამო გაათავისუფლეს. შესაბამისად, სასამართლოს ორი ინსტანციის შედეგებით, ბათილადაა ცნობილი გათავისუფლების ბრძანება, კომპანიას დაევალა მუშაკის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. ამასთან, კომპანიას დაკისრებული აქვს სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯებიც.
საქმის მასალებით დგინდება, რომ მხარეები შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ 2009 წლის მაისიდან. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებობდა უვადო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა. კომპანიამ 2020 წლის 22 ოქტომბერს მიიღო ბრძანება, რომლითაც თანამშრომლები გაფრთხილდა, რომ ახალი კორონავირუსის გამო, კომპანიაში შემოღებული იქნა დისტანციური მუშაობა და ეკონომიკური მდგომარეობის გამო, განხორციელდებოდა შტატების ოპტიმიზაცია. 2020 წლის 4 ნოემბერს, მენეჯერი კომპანიის მოთხოვნის შესაბამისად, გამოცხადდა სამსახურში, სადაც შეხვედრა გაიმართა კომპანიის ადმინისტრაციის უფროსთან და ადმინისტრაციის მენეჯერთან. მათ მენეჯერს აცნობეს, რომ ხელი უნდა მოეწერა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე, რაზედაც მენეჯერმა უარი განაცხადა.
კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის ყოფილმა მენეჯერი, ვერ მიიღო დასაბუთებული არგუმენტი, თუ რა საფუძვლით ახდენდა კომპანია მის გათავისუფლებას და რა საფუძვლით ტოვებდა სხვა ანალოგიურ მდგომარეობაში არსებულ დასაქმებულებს. კომპანიის დასახელებული უფლებამოსილების მქონე პირებმა მენეჯერს განუმარტეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებოდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, განსხვავება კი იქნებოდა ის გარემოება, რომ თუკი მენეჯერი შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტაზე შეთანხმებას მოაწერდა ხელს (რაც ადგილზე იქნა წარმოდგენილი მომზადებული დოკუმენტის სახით), მიიღებდა კუთვნილ კომპენსაციასაც.
2020 წლის 7 ნოემბერს კომპანიამ მენეჯერს საფოსტო გზავნილით გაუგზავნა შეტყობინება, სადაც აღინიშნა, რომ მენეჯერთან შრომითი ხელშეკრულება წყდებოდა რეორგანიზაციის შედეგად. საქმის მასალებით ვერ დასტურდება ვერც რეორგანიზაციის საწარმოო აუცილებლობა, და ვერც ამ რეორგანიზაციის ლეგიტიმური მიზანი, რაც საბოლოოდ, გაიზიარა კიდეც სასამართლომ. რეორგანიზაციის გადაუდებლობა, მათ შორის ეკონომოკური სირთულეების გამო, კომპანიამ ვერც რეორგანიზაციამდე და ვერც რეორგანიზაციის შემდეგ არსებული თანამშრომელთა საშტატო ნუსხით დაამტკიცა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა და მისი ეკონომიკური სფერო პანდემიამ გამოწვევის წინაშე დააყენა, მოპასუხე დაწესებულების საქმიანობა არ შეჩერებულა და შეფეხება არ განუცდია ინფრაქსტრუქტურული პროექტების განხორციელებას, სადაც სახელმწიფოსთან სამშენებლო კომპანიას არაერთი ტენდერი აქვს მოგებული და აგრძელებს სამშენებლო საქმიანობას. დასაქმებულის გათავისუფლების მომენტშიც, კომპანია 8 ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებდა. ამდენად, მხარეს გაუჩნდა საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ დასაქმებულმა, რეორგანიზაციის სახელით, პატივი არ სცა მუშაკის ასაკს და არ მიიჩნია მისი გამოცდილება სასარგებლოდ, რის გამოც, აქცენტი ახალგაზრდა კადრებზე გააკეთა. გათავისუფლების მომენტისთვის, კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი 62 წლის ქალბატონი გახლდათ.
სამშენებლო კომპანია „მამისონის" გადაწყვეტილების შედეგად, სამსახურიდან გათავისუფლებული ქალბატონს მოესპო საარსებო დაცვის შესაძლებლობა და ხელფასი წარმოადგენდა მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროს. კომპანიამ არ გამოიჩინა სათანადო პასუხისმგებლობა და კორპორაციული მიდგომები, რათა მუშაკთან წარმოებულიყო მოლაპარაკება ალტერნატიული თანამდებობის შეთავაზებასა და სოციალური დაცვის კომპრომისულ შეთანხმებაზე. ქალბატონი მესამე კადრი აღმოჩნდა, რომელიც მიმდინარე პერიოდში კომპანია „მამისონმა“ სამსახურიდან გაათავისუფლა. ოფიციალური წყაროების მიხედვით, კომპანია ეკონომიკურად აქტიური ორგანიზაციაა და მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში, ასევე კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - 2020 წლის აგვისტომდე მოქმედი დირექტორი ირიცხებოდა პარტიულ შემომწირველთა რიგებში. კერძოდ, სამშენებლო კომპანია „მამისონი“ მონაწილეობდა 183 ტენდერში. მოგებული აქვს 54 სახელმწიფო ტენდერი, მოგებული კონტრაქტების საერთო საბაზრო ღირებულება კი 139,887,383.56 ლარს შეადგენს (იხ. https://tendermonitor.ge).
ოფიციალური ჩანაწერით, სამშენებლო კომპანია „მამისონის“ მესაკუთრე „ევორდ ჰოლდინგია“ (ს/კ 404505629). „მამისონი“, რომელიც მრავალი წელია საქართველოს სამშენებლო ბაზარზეა და განხორციელებული აქვს მასშტაბური პროექტები, დაწყებული ჰიდროტექნიკური ნაგებობათა კომპლექსებიდან, დამთავრებული სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების ნაგებობებით, „ევორდ ჰოლდინგის“ წევრი 2017 წლიდან გახდა. „ევორდ ჰოლდინგი“, მათ შორის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტში მონაწილეობს.
ცნობისთვის: მოქალაქემ სასამართლოს 2020 წლის 4 დეკემბერს მიმართა, ხოლო 2021 წლიდან საქმეში „ახალგაზრდა ადვოკატები“ ჩაერთო. საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე მერაბ ლომიძემ განიხილა, პირველი ინსტანციის სასამართლოში კი, მოსამართლე სოსო ღურწკაიამ.