ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ სტრატეგიული სამართალწარმოების ფარგლებში, იოანე პეტრიწის სახელობის სკოლა „იბერიას“ მიმართ ავტორიზაციის მინიჭების საკითხი თავიდან განიხილება. 2022 წლის 3 ოქტომბრის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ამავე ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს 2022 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება სკოლისთვის ავტორიზაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ და ავტორიზაციის საბჭოს საკითხის ხელახლა განხილვა დაევალა.
ორგანიზაცია საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ავტორიზაციის საბჭოს 2022 წლის 26 ივლისის სხდომაზე დასმული საკითხები იმ ხარვეზების ირგვლივ არსებობდა, რომელიც ექსპერტთა ჯგუფის მხირიდან იქნა მითითებული, მაგრამ სკოლა აღნიშნავდა, რომ ყველა ხარვეზი, რაც დასკვნაში იქნა წარმოდგენილი, 2022 წლის 26 ივლისის მდგომარეობით, უკვე შესრულებული, გამოსწორებული იყო, ხოლო რამდენიმე საკითხზე მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა და ახალი სასწავლო წლისთვის, სრულად იქნებოდა შესრულებული. სკოლის პოზიციის მიუხედავად, მიღებული იქნა ავტორიზაციის მინიჭებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება, რაც გასაჩივრებული იქნა ცენტრის სააპელაციო საბჭოს მეშვეობით.
სკოლის სააპელაციო საჩივარში აღინიშნა, რომ ექსპერტთა საბჭოს დასკვნაში არსებული ხარვეზები სადავო გადაწყვეტილების მიღების მდგომარეობით, სკოლის მიერ იქნა აღმოფხვრილი. სკოლაში გამოვლენილი ხარვეზები, შესაძლებელია, საყურადღებო ყოფილიყო დოკუმენტური სისრულის თვალსაზრისით, მაგრამ ხარვეზები არ იყო მრავლობით, იყო კონკრეტული და გადაწყვეტილების მიღების პროცესში - აღმოფხვრილი / გამოსწორებული. ამასთან, ხარვეზების ხასიათიდან გამომდინარე, არ მომხდარა მისი გავლენის უარყოფითი შედეგების ჩვენება მთლიან სასწავლო პროცესზე და სკოლას გააჩნდა არაერთი ძლიერი მხარე. ამ ხარვეზებს არ მოუხდენია სკოლის მდგრად განვითარებასა და მოსწავლეზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველყოფის დაზიანება. ამასთან, 2022 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე, სკოლამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა სრული ღიაობა და მზაობა გამოთქმული მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო მითითებების სრულყოფასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ სკოლა ცენტრის ავტორიზაციის საბჭოსთან შემდგომი მუშაობის შედეგად, სისტემურ შედეგებს აჩვენებდა.
ცნობისთვის: სკოლა „იბერია“ 1995 წლიდან საქმიანობს საგანმანათლებლო სფეროში და აქვს წარმატებული ბიოგრაფია. „ახალგაზრდა ადვოკატები“, სკოლის წინაშე მდგარი სამართლებრივი პრობლემის ადვოკატირების პროცესში, 2022 წლის ივლისიდან ჩაერთო. ორგანიზაციის სამართლის ჯგუფი არამხოლოდ განახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, არამედ სკოლას დაეხმარება მოწესრიგებული და დაცული სამართლებრივი გარემოს უზრუნველყოფაში. ამჟამად, სკოლის ინტერესები ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა წარმოადგინა.