განათლების საერთაშორისო ცენტრმა იაპონიაში დასაქმებულ აპლიკანტთან დავა წააგო- „ახალგაზრდა ადვოკატები“

23 ოქტომბერი, 2022

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა აპლიკანტის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე კიდევ ერთი დავა წააგო.

2022 წლის 20 ოქტომბრის თბილისის საააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძის თავმჯდომარეობით, ცენტრის კურსდამთავრებულის მიმართ სახელმწიფო გრანტის სახით გაცემული 53,379,36 ლარის უკან დაბრუნების მოთხოვნა, უკანონოდ მიიჩნია, აპლიკანტის მდგომარეობა გადავადებულიყო სამშობლოში დაბრუნება - ჩაითვალა საპატიოდ და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს დაევალა კურსდამთავრებულის საკითხზე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. განცხადებას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნინო ც.-მა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2016-2017“-ის ფარგლებში მოიპოვა სახელმწიფო გრანტი იაპონიაში, იაპონიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად გამოცხადებულ საჯარო მმართველობის მიმართულების საჯარო მართვისა და პოლიტიკის ანალიზის პროგრამაზე 2016-2017 და 2017-2018 სასწავლო წლებისთვის სწავლის საფასურისა და სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. ნინო ც.-მ წარმატებით დაასრულა იაპონიის საერთაშორისო უნივერსიტეტი შესაბამისი სპეციალიზაციით და იაპონიაში ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიაში დასაქმდა.

2018 წლის 16 ოქტომბერს, ნინო ც.-მა განცხადებით მიმართა ცენტრს და მოითხოვა საზღვარგარეთ დასაქმების მიზნით 1 წლით დარჩენა. 2018 წლის 9 ნოემბერს, დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, ცენტრმა არ დააკმაყოფილა მოთხოვნა. კომისიის აზრით, ნინო ც.-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან არ იკვეთებოდა სამსახურეობრივი პოზიცია და ფუნქცია-მოვალეობების შესაბამისობა დაფინანსებული სამაგისტრო პროგრამის მიმართულებასთან, რაც საზღვარგარეთ სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით დარჩენის უფლების მინიჭების წინაპირობას წარმოადგენდა.

2018 წლის 18 დეკემბერს, განცხადებით კვლავ მიემართა ცენტრს და წარედგინა სრული დოკუმენტაცია და მოთხოვნილ იქნა ხელთავიდან მათზე მსჯელობა. 26 დეკემბერის ცენტრის წერილში საუბარია, რომ ნინო ც.-ის განცხადება განხილვის მიზნით წარმოებაში იქნა მიღებული და იმავდროულად, მხარეს მოეთხოვა იმ ობიექტურ გარემოებებზე მითითება, თუ რატომ არ იქნა დოკუმენტაცია წარდგენილი პირველ ეტაპზე. 

2019 წლის 3 იანვარს, ცენტრს კვლავ წარედგინა დაზუსტებული მოსაზრებები სამუშაო აღწერისა და შესაბამისობების თაობაზე, ასევე ობიექტური გარემოებების თაობაზე, თუმცა 9 იანვარს, ნინო ც.-მა ცენტრისგან მიიღო წერილი, სადაც ნათქვამია, რომ თითქოსდა: ა. ვერც დადგენილ და ვერც დამატებით განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში ვერ მოხერხდა ცენტრის ინფორმირება და ობიექტური გარემოების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის წარმოდგენა და ბ. ნინო ც.-ის მიერ წარმოდგენილი ცნობა ვერ ადასტურებდა 18/12/18 განცხადებაში მითითებული შემაფერხებელი ობიექტური გარემოების არსებობას. შესაბამისად, გრანტის მიმღებს მოეთხოვა თანხის სრული მოცულობით დაბრუნება.

საქმეში წარმოდგენილი იქნა დასაქმების ვადიანი კონტრაქტიც და სხვა მასალა, რომელიც ნინო ც-ს მოთხოვნას სრულიად დასაბუთებულს ხდიდა, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლოს შეხედულებით, თითქოსდა ნინო ც.-ს მხიდან არ იქნა საკმარისი მტკიცებულება და დასაბუთება წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებდა ობიექტური გარემოების არსებობას და ერთმნიშვნელოვნად დაარწმუნებდა სასამართლოს, რომ არსებობდა ობიექტური გარემოება, რის გამოც, აპლიკანტის მხრიდან ვერ მოხერხდა დასაქმების თაობაზე დოკუმენტაციის ცენტრის მიერ მითითებულ ვადაში წარმოდგენა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ, საქმის არსებითი და ყოველმხრივი შესწავლის შედეგად, სხვა შეფასება მისცა საქმის მასალებსა და მტკიცებას. შესაბამისად, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი ცენტრის გადაწყვეტილება თანხის დაკისრების მოთხოვნის თაობაზე და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის 2016 წლის 26 აპრილის №10-16 ბრძანება, ასევე მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 28 ივლისის, აგრეთვე 2017 წლის 25 სექტემბრის "გრანტის შესახებ" ხელშეკრულება ცალსახად აწესრიგებს შემდეგს - გრანტის მიმღებს უფლება აქვს, მიმართოს საკონკურსო კომისიას სწავლის დასრულებიდან არა უმეტეს ერთი წლის ვადით ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით, უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭების თხოვნით. გრანტის მიმღები ვალდებულია წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება და დასაქმების ოფიციალური დოკუმენტი. საკონკურსო კომისიის მიერ გრანტის მიმღებისათვის უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭება ჩაითვლება გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება საკონკურსო კომისიის მიერ გრანტის მიმღებისათვის მინიჭებული უცხო ქვეყანაში დასაქმების უფლების ვადის ამოწურვისთანავე. აპლიკანტის მოთხოვნა სწორედ ამ სამართლებრივ საფუძველს ეყრდნობოდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება პრეცედენტულია, ვინაიდან აპლიკანტებს, რომელსაც საქართველო ვერ ასაქმებს, ასაქმებს სხვა ქვეყნები და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი და მისი დე-ფაქტო მოქმედი დირექტორის მავნებლური პოლიტიკის შედეგად დახმარებისა და მხარდაჭერის ნაცვლად, ადგილზე დასაქმების ხელშეწყობის სანაცვლოდ, დაკავებულია აპლიკანტების ცოდნის შეძენისთვის გადახდილი თანხების უკან დაბრუნებით, პირდაპირ არყევს კურსდამთავრებულებსა და სახელმწიფოს შორის ნდობას.

ცნობისთვის: სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, სასამართლოში წარმოებულ საქმეებზე, რომელიც შეეხებოდა აპლიკანტების მიმართ უკანონო მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებს, დამარცხდა. სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში კრიტიკულადაა შეფასებული ცენტრის დე-ფაქტო ჯერ კიდევ მოქმედი დირექტორ ნინო ჭელიძის თვითნებობა, რამაც არაერთი აპლიკანტი დატოვა გრანტის გარეშე. ამ შემთხვევაშიც, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა ნინო ც.-ს მიმართ სარჩელი სასამართლოს 2019 წლის 16 სექტემბერს წარუდგინა, ხოლო ნინო ც.-მა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს შეგებებული სარჩელით 2020 წლის 9 იანვარს მიმართა. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე: ლეილა გოგიშვილმა განიხილა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში კი მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძემ. აპლიკანტის ინტერესები ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა წარმოადგინა.



კომენტარები