თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე მერაბ ლომიძის გადაწყვეტილება, შესაძლოა, საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველი გახდეს ან სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებისთვის, არსებითად პოზიტიური როლი შეასრულოს. სასამართლომ საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებულ ცლილებასთან დაკავშირებით, რაც ბუნდოვანს ტოვებდა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაზე სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლოსთვის ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას, თუ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლოს განჩინება იქნებოდა გასაჩივრებული, თბილისის საააპელაციო სასამართლომ წარმოებული დავის ფარგლებში მნიშვნელოვანი დასკვნები გააკეთა. განცხადებას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოების წარმოებაშია შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა, რომელიც შეეხება სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. ყოფილი თანამშრომელი შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ 2021 წლის 11 მაისის ბრძანებას ასაჩივრებს, რომლითაც სამსახურიდან დათხოვნა მოხდა.
ორგანიზაცია, განსახილველ შემთხვევაში, ყურადღებას დაუთმობს დავის საქმეზე მიღწეულ შედეგსა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. კერძოდ, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებით დგინდება შემდეგი:
1. 2021 წლის 11 მაისს, დამსაქმებელმა დასაქმებულთან შეწყვიტა შრომით-სამართლოებრივი ურთიერთობა.
2. 2021 წლის 17 მაისს, დასაქმებულმა დამსაქმებელს წერილობითი ფორმით მოსთხოვა მიღებული გადაწყვეტილების წერილობითი დასაბუთება.
3. 2021 წლის 20 მაისს, დამსაქმებელმა დასაქმებულს აცნობა გათავისუფლების შესახებ მიღებული საფუძვლები.
4. 2021 წლის 11 ივნისს, გათავისუფლების ბრძანების მიღებიდან 1 თვის ვადაში და - არა გათავისუფლების საფუძვლების განმარტებიდან 1 თვის ვადაში, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში. შესაბამისად, მოსარჩელეს სადავო ბრძანების გასაჩივრების ვადები არ დაურღვევია.
5. 2021 წლის 14 ივნისს, სასამართლოს განჩინებით, სარჩელის წარმოებაში მიღებას ეთქვა უარი. სასამართლო მიუთითებდა, რომ მხარეს უნდა მოეთხოვა არა სადავო ბრძანების „გაუქმება“, არამედ „ბათილად“ ცნობა.
6. 2021 წლის 21 ივნისს, მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, წარმოადგინა კერძო საჩივარი და კანონით დადგენილ ვადაში, მოსარჩელემ გაასაჩივრა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება
7. 2021 წლის 2 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, მოსარჩელეს დაუდგინდა ხარვეზი.
8. 2021 წლის 27 ივლისს მოსარჩელეს ჩაბარდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივარზე ხარვეზის შესახებ.
9. 2021 წლის 4 ოქტომბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, კერძო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, დარჩა განუხილველი. ეს განჩინება მხარეს გაეგზავნა და ჩაბარდა 2021 წლის 29 ნოემბრის შემდეგ.
10. 2021 წლის 20 აგვისტოს, მოსარჩელე არ დაელოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და კვლავ მომართა სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს.
2022 წლის 7 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო. სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 46-ე მუხლის მე-6 ნაწილის შინაარსზე: დასაქმებულს უფლება აქვს, დამსაქმებლის წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. სასამართლოს მიერ დასაქმებულის მიერ აღძრული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში დასაქმებულს უფლება აქვს, იმავე სარჩელით განმეორებით მიმართოს სასამართლოს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების ან სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და აღნიშნა შემდეგი:
- სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მან სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა, ხოლო ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე კვლავ აღძრა სარჩელი სასამართლოში, ვინაიდან საქართველოს შრომის კოდექსის 48.6 მუხლი მხარეს არ ართმევს სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას, თუმცა შრომით სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალური ორგანული კანონი შრომის კოდექსი პირდაპირ უთითებს, რომ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის განჩინების ჩაბარებიდან და არა განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 დღის ვადაში უნდა აღძრა სარჩელი. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსთან შედარებით, იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი და სპეციალური კანონის შრომის კოდექსის დებულებები უნდა იქნეს გამოყენებული სარჩელის გასახილველად უარი თქმის შესახებ განჩინები
- ჩაბარებიდან სარჩლის სასამართლოში ხელახლა აღძვრის უფლებამოსილებასთან მიმართებით, რაც განპირობებულია შრომით სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკით და მოსარჩლისათვის შრომის კოდექსის 48.9 მუხლით მინიჭებულია უფლებით მოითხოვოს იძულებითი განაცდური შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდისათვის, რის გამოც შრომით სამართლებრივი ხასიათის სარჩლის აღძვრის სპეციალური შემჭიდორებული და სპეციფიკური წესის ლეგიტიმური მიზნია ასეთი კატეგორიის დავის შემჭიდოებულ ვადებში, როგორც აღძვრას ასევე განხილვას, რათა მინიმალიზებული იქნეს დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყება. შესაბამისად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ ხანდაზმულია, ვინაიდან დარღვეულია შრომის კოდექსის 48.6 მუხლით განსაზღვრული სასამართლოსათვის მიმართვის სპეციალური ვადა, რაც სამართლებრივად გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
2022 წლის 3 ოქტომბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება, არ დაეთანხმა სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის საკითხს და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნა ამავე ინსტანციის სასამართლოს.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა მომჩივანი მხარის სამართლებრივი პოზიცია მასზედ, რომ კანონის დასახელებული ჩანაწერი მოითხოვდა პრაქტიკულ განმარტებას და შეუძლებელია აღნიშნული განცალკევებით ყოფილიყო განხილული მართლმსაჯულების აქტის გასაჩივრების თანმდევი იურიდიული შედეგის მხედველობაში მიღებისგან, როდესაც მას აქვს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრების კონსტიტუციური უფლება. სარჩელი ხანდაზმული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელე მიიღებდა განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ, არ გაასაჩივრებდა ზემდგომ ინსტანციაში და არც ასეთი განჩინების ჩაბარებიდან 30-დღიანი ვადის დაცვით არ წარადგენდა ხელთავიდან სარჩელს.
მხარე აღნიშნავდა, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმის განხილვის პროცესში წარადგინა ყველა ვარგისი მტკიცებულება და განახორციელა არაერთი საპროცესო მოქმედება, სასამართლოს მოულოდნელი პოზიცია სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, იურიდიულ საფუძვლებს აცლის სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ მოიძებნება საფუძვლიანი დასაბუთება, რითაც უნდა აიხსნას და გამართლდეს მიღებული შედეგი. მისი დასკვნები მთლიანად პრობლემატურია მხარეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვის პროცესში და პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას. ასეთი დასკვნები არ გამომდინარეობდა არც მოხმობილი საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-6 ნაწილის დებულებებიდან, საქართველოს შრომის კოდექსი კი, უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, სამართალწარმოების პროცესში კი გამოიყენება სპეციალური კანონი - საქართველოს სამოქალაქო და საპროცესო კოდექსები, რომლებიც აწესრიგებს სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების, კანონიერ ძალაში შესვლისა და პირისთვის უფლებრივი მდგომარეობის საკითხებს. მხარემ დაასაბუთა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მთლიანად არაკონსტიტუციური იყო და მხარეს მისცემოდა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა.
განსახილველ შემთხვევაში, უცნობია, დამსაქმებელი კომპანია გაასაჩივრებს თუ არა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს უზენაესს სასამართლოს მეშვეობით. რა შემაჯამებელი გადაწყვეტილება ექნება კანონის ხარვეზზე საკასაციო ინსტანციას. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-6 ნაწილის ნორმატიული შინაარსი პრაქტიკული პრობლემის მქონე აღმოჩნდა სასამართლოს სამართალწარმოების პროცესში. ამდენად, ორგანიზაცია საკითხზე საერთო სასამართლოების მხრიდან დაფიქსირებული მსჯელობების მხედველობაში მიღებით, არ გამორიცხავს მოამზადოს საკანონმდებლო წინადადება და საქართველოს პარლამენტისგან მოითხოვოს საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-6 ნაწილის ნორმატიული შინაარსის დაკონკრეტება. კერძოდ, შემდეგი რედაქციით: სასამართლოს მიერ დასაქმებულის მიერ აღძრული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში დასაქმებულს უფლება აქვს, იმავე სარჩელით განმეორებით მიმართოს სასამართლოს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების ან სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერ ძალაში შესული განჩინების მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმე მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილმა განიხილა, სააპელაციო ეტაპზე კი - მოსამართლე მერაბ ლომიძემ ერთპიროვნულად. ყოფილი დასაქმებულის ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და იურისტი ლიზი ზუხბაია წარმოადგენენ.