არსებობს რეალური საშიშროება, რომ ომბუდსმენის მომავალი ინსტიტუტი პოლიტიკურ მხარედ იქცეს

24 ოქტომბერი, 2022

ტენდენციები, რომელიც გამოიკვეთა და არსებობს, ობიექტურ შეფასებებს მოითხოვს, რათა საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე შერჩეული იქნეს დამოუკიდებელი კანდიდატი. სწორედ დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევის შემთხვევაშია შესაძლებელი, სახალხო დამცველის ინსტიტუტი გახდეს ეფექტიანი და მას შესწევდეს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე, სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობაზე კონტროლი. აღნიშნულის შესახებ ბრიფინგზე ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, რომელმაც საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის მიმდინარეობა და გამოწვევები შეაჯამა.

არსებული ვითარება, საიმედო დასკვნების შესაძლებლობას არ იძლევა. საქართველოს სახალხო დამცველის შერჩევა ხდება პოლიტიკური პარტიების შეთანხმებების და განწყობების შესაბამისად. შერჩევის პროცესის ფორმალურად ღია და საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებული გამჭვირვალე წესების მიუხედავად, საქართველოს ახალი სახალხო დამცველი მმართველ პოლიტიკურ ძალასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის ძალთა გადანაწილების შედეგი იქნება. ევროკავშირის მიერ დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევის მითითების ქვეშ მთლიანად მოხდა ომბუდსმენის ინსტიტუტის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება, რამაც არსებითად ზიანი მიაყენა საზოგადოების ნდობას კონსტიტუციური ორგანოს სამომავლო საქმიანობის მიმართ და გაურკვეველი რჩება ვის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული საქართველოს სახალხო დამცველი 2022 წლის დეკემბრიდან - წარმდგენი პარტიების, ხელისუფლების თუ სამოქალაქო საზოგადოების წინაშე.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი უნდა დარჩენილიყო საზოგადოებრივი და სამართლებრივი პროცესის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ საქართველოს პარლამენტში წარმოებულმა პროცესმა, მათ შორის ევროკავშირის 12-პუნქტიან პირობათა შორის ომბუდსმენის აპარატის დამოუკიდებლობის საკითხზე ხაზგასმამ პროცესი პოლიტიკური მოვლენების შემადგენელ ნაწილად აქცია. ის ფაქტი, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია არ მოახდენდა კანდიდატების ნომინირებას, არ გამორიცხავს საპარლამენტო პარტიების აქტიურ მოქმედებას, მმართველ პარტიასთან შეთანხმებით, სასურველი კანდიდატურის ლობირება განახორციელონ.

ამასთან, კანდიდატების შემფასებელი კომისია დაკომპლექტებული იქნა საპარლამენტო უმცირესობასთან კონსულტაციების შედეგად. პოლიტიკური დღის წესრიგის პირობებში, პარტიებს მიეცათ დასახელებული კანდიდატების განსახილველად წარდგენის უფლება. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი მთლიანად პოლიტიკური მიზანშეწონილობის ქვეშ აღმოჩნდა, როდესაც შეიძლებოდა ომბუდსმენის შერჩევის წესი და მოდელი სხვა ფორმას დაფუძნებოდა. პარტიებს კი არ მოეხდინათ რომელიმე კანდიდატის ნომინირება, არამედ რეგისტრირებული ყველა კანდიდატების მიმართ წარმოებულიყო სახელობითი კენჭისყრა.

ამდენად, არსებობს რეალური საფრთხე, რომ საქართველოს მომავალი სახალხო დამცველი პარტიული გავლენებით დატვირთული და ანგარიშვალდებული პირი აღმოჩნდეს, აღნიშნული კი ერთმნიშვნელოვნად ხელყოფს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხარისხსს საქართველოში.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის რეგისტრირებული კანდიდატების მიმართ თავად საპარლამენტო ოპოზიციის დამოკიდებულებები აღმოჩნდა უპატივცემულო და გაუგებარი. სწორედ თავდაპირველი პოლიტიკური შეთანხმება, რომ ერთი პოლიტიკური სუბიექტი არანაკლებ 7 კანდიდატის ნომინირებას მოახდენდა, უარგუმენტოდ უარყოფილი იქნა.

მაშინ, როდესაც სხვადასხვა კანდიდატი საკონსულტაციო შეხვედრებს მართავდა საპარლამენტო პარტიებთან და ახდენდა საკუთარი ხედვის გაცნობას, აღნიშნული პროცესი არ იყო დასრულებული, პ/გ „ლელო“, პ/გ „სტრატეგია აღმაშენებელი“ და პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საჯაროდ აკეთებდნენ განცხადებას და მიუთითებდნენ, რომ მოახდენდნენ სამოქალაქო სექტორიდან წარდგენილი სამი კანდიდატურის ნომინირებას. ასეთმა მიდგომამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სხვა კანდიდატების ხედვის უგულვებელყოფა და ხელისუფლებაზე გავლენის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებთან პირდაპირი ალიანსი. ამ პროცესში, კიდევ უფრო მეტი სიცხადე შეიძინა პარტიების აღქმებმა, თუ ვინ მიაჩნიათ პოლიტიკური პროცესებში მოკავშირე ჯგუფებად, რაც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს თუ ადამიანებს მკვეთრად ყოფსა და განასხვავებს. ასეთ ვითარებაში შერჩეულ და ნომინირებულ კანდიდატებს, სამწუხაროდ, დამოუკდიებლობის ხარისხი და საზოგადოებრივი, საყოველთაო ნდობა არ გააჩნიათ და ომბუდსმენის ინსტიტუტს ისევ პოლიტიკური სუბიექტების გარიგებების შემადგენელ ნაწილად აქცევს.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ერთადერთი პოლიტიკური სუბიექტი, რომელმაც სწორად აღიქვა, რომ მიმდინარეობს საქართველოს სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი და არა - პირადი იურიდიული მრჩეველის გამოვლენა, პ/გ „მოქალაქეებია“. პრინციპულად მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ რეგისტრირებული 19 კანდიდატი წარსდგეს პარლამენტის წინაშე და შესაძლებლობა მიეცეს საკუთარი ხედვა იქნეს წარმოდგენილი. ფაქტობრივად, ალეკო ელისაშვილის პოლიტიკურმა ჯგუფმა სახალხო დამცველის შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა დახურული პროცესისგან გადაარჩინა, თუმცა აღნიშნული საკმარისი არ არის.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ კანდიდატების მოსმენა ფორსირებული წესით არ უნდა მოხდეს და საზოგადოება იმსახურებს თითოეულ კანდიდატთან გასაუბრების ფორმატი, შესაბამისი საშუალებებით, იყოს პირდაპირი ტრანსლირებით უზრუნველყოფილი. მაგალითად, მომავალი სახალხო დამცველი არ უნდა მალავდეს რაიმე ბიოგრაფიულ მონაცემს, სრულად აჩვენებდეს სამსახურეობრივ გამოცდილებას, პასუხს სცემდეს პირად პოლიტიკურ შეხედულებებსა და წარმოადგენდეს ადამიანის უფლებების დაცვის დოქტრინულ ხედვას. ორგანიზაცია ყველა კანდიდატის მიმართ გამოხატავს ინსტიტუციურ პატივისცემას და თავს შეიკავებს პერსონიფიცირებული მსჯელობებისგან, თუმცა არსებითად მნიშვნელოვანია, ღია პროცესში გაირკვეს, ვინ არის ობიექტურად დამოუკიდებელი კანდიდატი და ვინ კანდიდატი, რომელის სახალხო დამცველად არჩევა, მათი პროფესიული გამოცდილების მიუხედავად, ადამიანის უფლებათა სფეროში გამოთქმული ცალსახა და საჯარო შეხედულებების გამო, უბრალოდ, არ შეიძლება.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ წარმოდგენა შეიქმნას, თუ როგორი იქნება კონსტიტუციური ორგანოს მუშაობა მომდევნო 6 წლის განმავლობაში, სახალხო დამცველის კანდიდატებმა, მინიმუმ უნდა უპასუხოს მაღალი საჯარო ინტერესის მქონე შეკითხვებს. შეკითხვებზე არსებული პასუხებით, საზოგადოება ნამდვილად დარწმუნდება, სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობაში, რა მოდელს ვიღებთ 2028 წლის ბოლომდე. მაგალითად:

  1. როგორ ესახებათ კანდიდატებს საქართველოში უფლებების დაცვა, სახელმწიფო ორგანოების თვითნებობის კონტროლი და მათზე რეაგირება, რომელი უფლებები იქნება ძირითადი, რომლის დაცვაც პრიორიტეტული წესით მოხდება;
  2. რა ხედვა აქვთ კანდიდატებს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე, საქართველოს როლზე რეგიონსა თუ საერთაშორისო მისიებში;
  3. რა ხედვა აქვთ კანდიდატებს ქართველი პოლიტიკოსების, პოლიტიკური პარტიების საქმიანობასა და მათ როლზე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში;
  4. რა ხედვა აქვთ კანდიდატებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაზე, ნდობის ხარისხზე, კონკრეტული მოსამართლეების გავლენების შესაძლებლობაზე, სახალხო დამცველის როლზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში;
  5. რა ხედვა აქვთ კანდიდატებს სამართლიანობის აღდგენის საკითხებზე, სისტემური დანაშაულის საკითხზე, მოქმედი და 2012 წლამდე მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკაზე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში;
  6. რა ხედვა აქვთ კანდიდატებს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიას შორის არსებულ კონკორდატზე, ეკლესიის როლზე ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ეკლესიის გავლენებსა და რელიგიურ უმცირესობებთან ურთიერთობის საკითხებზე;
  7. რა ხედვა აქვთ კანდიდატებს ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მის შესაძლო გავლენაზე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროსა თუ მთლიანად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე, რა ხედვა არსებობს ოლიგარქიისა და დეოლიგარქიის შესახებ;
  8. რა ხედვა აქვთ კანდიდატებს სახალხო დამცველის ინსტიტუტის განვითარებაზე, გეგმავს თუ არა შერჩეული პირი სახალხო დამცველის აპარატის საკადრო პოლიტიკის განხორციელებას, ვინ არიან კანდიდატის გუნდის წევრები.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი შესძლებს საქართველოს სახალხო დამცველად, ობიექტურად დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევას. ასეთი კანდიდატები რეგისტრირებულ მსურველთა შორის ნამდვილად არიან, რომლებიც წარსულში არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ ყოფილან აფილირებულნი, მიიღეს კარგი განათლება ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე, საქმიანობა მიუძღვნეს ადამიანის უფლებათა გაძლიერებას, აქვთ თანაზომიერების განცდა და მიუმხრობლობა, ყველაზე უკეთესად ესმით, თუ რა მნიშვნელობას იძენს ერთი ადამიანის დაცული უფლება.

ორგანიზაცია მიესალება, თუ იქნება თამამი გადაწყვეტილება და სრულიად ახალი სახე გადაიბარებს ომბუდსმენის მაღალ საპასუხისმგებლო თანამდებობას. ჩვენ ამ პროცესს დავაკვირდებით.



კომენტარები