თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია პლასტიკური, ესთეტიკური ქირურგიისა და დერმატო-კოსმეტოლოგიის საერთაშორისო კლინიკების ქსელის საქართველოს წარმომადგენლობის - „ტოტალ შარმისა“ და კლინიკის ექიმ კონსტანტინე სულამანიძის წინააღმდეგ სამართლებრივ წარმოებას იწყებს, რა დროსაც დაზარალებული პაციენტი, საექიმო შეცდომის შედეგების გამო, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს, რომელიც დაზარალებული მოქალაქის ინტერესებს საერთო სასამართლოების წესით დაიცავს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ როგორც კლინიკა, ასევე ექიმი კონსტანტინე სულამანიძე სამართლებრივად და სოლიდარულად პასუხისმგებელია არაკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებაზე. მოქალაქე თამარ ც.ს კლინიკისა და ექიმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ნდობის პირობებში, სწორედ გააჩნდა მოლოდინი, რომ მიიღებდა აღიარებული და დანერგილი პროფესიული და მომსახურების სტანდარტების შესაბამისს მომსახურებას. დოკუმენტებით დგინდება, რომ ვერც კლინიკამ დაიცვა ხელშეკრულების პირობები და ვერც ექიმმა შეასრულა საჭირო სამედიცინო ჩარევა. შედეგად, ვერ მოხდა ხარისხიანი ქირურგიული მომსახურების გაწევა - არ დადგა პაციენტისთვის სასურველი შედეგი. კერძოდ, 2021 წლის 18 მაისს ჩატარებულმა ქირურგიულმა ჩარევამ განაპირობა 2022 წლის 5 სექტემბრის დამატებითი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, ვინაიდან მოქალაქე აღმოჩნდა სარძევე ჯირკვლის ასიმეტრიისა და სარძევე ჯირკვალზე, უხეში ნაწიბურების წინაშე. მეორე ოპერაცია დაიგეგმა პირველი ოპერაციის დროს დაშვებული უხეში დარღვევების აღმოსაფხვრელად, რაც არსებული შედეგებით, კვლავ მიღწევადი არ არის. ზიანის არსებობის ფაქტი აღიარებულია ექიმ კონსტანტინე სულამანიძის მიერ.
ჯერ, ექიმი განმარტავდა, რომ მოქალაქეს პირველი ოპერაციიდან მეორე ოპერაციამდე გართულება არ ჰქონია, რაც წარმოადგენს სიცრუეს. ქალბატონის 2022 წლის 5 სექტემბრის სამედიცინო დოკუმენტაცია ადასტურებს, რომ მის მიმართ ხელახალი ქირურგიული ჩარევა განპირობებულია პირველი ოპერაციის წარუმატებლობით და სახეზე იყო სარძევე ჯირკვლის ასიმეტრია და სარძევე ჯირკვალზე, უხეში ნაწიბურები. შემდეგში, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში, ექიმი აღნიშნავდა, რომ ქალბატონის შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა კანის მოჭიმულობას, აღნიშნული იყო ნორმალური სიტუაცია პირველ სარეაბილიტაციო პერიოდში, თუმცა სამედიცინო დოკუმენტაცია ადასტურებს, რომ ქალბატონს არ გააჩნდა პირველი სარეაბილიტაციო პერიოდი. მას უკვე ხელახალი ოპერაცია დასჭირდა ზემოთ დასახელებული მიზეზთა გამო. შესაბამისად, ექიმის დასახელებული განმარტება მთლიანად ხდება დაუსაბუთებელი. კიდევ ერთ ეპიზოდში, რა დროსაც ქალბატონი ექიმს პასუხობს, რომ დროის არც ერთ ეტაპზე მას არ უსაუბრია, რომ საჭირო გახდებოდა განმეორებითი ოპერაცია და რომ შესაძლებელი გახდებოდა ასიმეტრია და უხეში ნაწიბური მეორე ოპერაციის შედეგადაც შენარჩუნდებოდა, მოპასუხე ექიმი მომჩივანს პასუხობს, რომ რაც არ უნდა არაადეკვატური, აბსურდული და ბოროტული იყოს თამარ ც.-ს ქმედება, მომხდარზე იღებდა პასუხისმგებლობას და საკუთარ თავს აბრალებდა იმას, რაც მოხდა (სტილი დაცულია).
„ახალაგზრდა ადვოკატები“, საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიუთითებს, რომ ექიმი კონსტანტინე სულამანიძე სხვადასხვა ფორმატში ცდილობს საკუთარი პროფესიული პასუხისმგებლობის არიდებას და სხვადასხვა განმარტების წარმოდგენას, ხოლო ფაქტი - ქალბატონს პლასტიკური ქირურგიის შედეგად მიეღო სასურველი შედეგი, არის მიუღწეველი. მეტიც, თამარ ც. საჭიროებს შემდგომ მკურნალობას, რასაც ადასტურებს საქმეზე წარმოდგენილი ალტერნატიული სამედიცინო ცნობები. აგრეთვე, არსებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების წინასწარი შეფასება. ამდენად, ქალბატონის მიმართ, როგორც ზიანი, ასევე მართლსაწინააღმდეგო ქმედება, სახეზეა.
ერთმნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირიც, ვინაიდან 2021 წლის და 2022 წლის სამედიცინო სტაციონარული დოკუმენტაცია ცალსახად მიუთითებს, რომ ქალბატონი სრულიად ჯანმრთელი გამოცხადდა სამედიცინო დაწესებულებაში. ამასთან, ხელმოწერილი ინფორმირებული თანხმობის პირობებშიც კი, ოპერაციების ჩატარების შემდგომ, მას არ განუვითარდა არც ერთი უკუჩვენება, რომელიც რაიმე ავადობიდან შეიძლება ყოფილიყო ინსპირირებული და გამოწვეული. მხარის დღევანდელი შედეგი, ყველა მონაცემით დასტურდება, რომ მთლიანად კლინიკისა და ექიმ კონსტანტიბე სულამანიძის არასწორი მანიპულაციის შედეგია.
მეტიც, ჩატარებული აბდომინოპლასტიკის კორექციის და ლიპოსაქციის შედეგად, მხარის მუცლის მარცხენა მხარეს აღენიშნება ნაკეცი, რომელიც მას არ ჰქონდა ბოლო ქირურგიულ ჩარევამდე. გარდა ამისა, მეორე ოპერაციის შედეგად, სხეულზე ჭრილობის განაკვეთი გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით, ინფორმირებული არ ყოფილა წინაწარ - კერძოდ, ექიმმა ქალბატონს მისი წინასწარი თანხმობის გარეშე ჩაუტარა იმგვარი ჩარევა, რომელმაც მის სხეულზე ჭრილობის განაკვეთის გაზრდა გამოიწვია, შესაბამისად გაიზარდა შრამიც.
„ორგანიზაცია მსჯელობს მხოლოდ ფაქტებზე და მისი მიზანია სამოქალაქო ადვოკატირების ფარგლებში განახორციელოს სამართალწარმოება. რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო და ჩვენ ამ პროცესში მუდმივად მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას. ვინაიდან აღნიშნული საქმე სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე გახდა საჯარო და წარიმართა სხვადასხვა ფორმატში საზოგადოებრივი დისკუსია, ორგანიზაციას არა ერთი მოქალაქე დაუკავშირდა და მსგავსი შემთხვევების თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ერთის მხრივ, ჩვენ ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ პატივს ვცემთ კლინიკის საქმიანობას და ამ კლინიკაში დასაქმებულ თითოეულ ექიმს, ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ როგორც კლინიკას, ასევე ბატონ კონსტანტინე სულამანიძეს ჰყავს მადლიერი პაციენტები, მაგრამ თითოეული შემთხვევა, რომელიც პრეტენზიის სახით იარსებებს, რომელიც დოკუმენტურად წარმოდგენილია, მოითხოვს სამართლებრივ შეფასებას და არა საზოგადოებრივი განხილვების ფორმატში დარჩენას.
თითოეულ შემთხვევაზე სასამართლო გადაწყვეტილებებს ექნება ერთმნიშვნელოვანი, უტყუარი და არსებითი მნიშვნელობა, ჭეშმარიტების დადგენის კუთხით, რაც უპირველეს ყოვლისა უნდა წარმოადგენდეს არა მხოლოდ დაზარალებულის, ან პრეტენზიის მქონე პაციენტის, არამედ კლინიკის და პირადად ბატონ კონსტანტინე სულამანიძის ინტერესს.
ამდენად, ჩვენ მზად ვართ ყველა დაზარალებულს შევხვდეთ, ყველა დაზარალებულის შემთხვევა მოვისმინოთ, შევაფასოთ ფაქტები და ვიმსჯელოთ სარჩელის მომზადების საჭიროებებზე. ბუნებრივია, სასამართლოსადმი მიმართვა ყველაზე ცივილური გზაა ურთიერთობების გასარკვევად და ამ ნაბიჯს განსაკუთრებული აჟიოტაჟი არ სჭირდება.
რაც შეეხება ჩვენს ქეისს, დარწმუნებული ვარ, რომ კლინიკა ვერ შეძლებს ექიმის არასწორი ქმედების ფაქტზე დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენას. ცხადია ეს საკითხი ზეპირსიტყვიერი არგუმენტაციით ვერ გადაწყდება, ჩვენ კი გვაქვს მტკიცებულებები და სახეზეა დაზარალებული ქალბატონი. ვფიქრობთ, საქმეზე უნდა დადგეს პრეცედენტი, რაც არ გულისხმობს, როგორც კლინიკის, ასევე ექიმის მიმართ მომავალში ნდობის შემცირებას, უწინარესად სარჩელი გულისხმობს ჭეშმარიტების დადგენას იმ საკითხში, თუ რა მოხდა განსახილველ შემთხვევაში“ - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, რომელიც სასამართლოში მომჩივანის ინტერესებს იცავს.
„მოსარჩელისთვის არსებითად მნიშვნელოვანია სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება იმ ბრალეული ქმედების გამო, რომელიც მოპასუხეებმა ჩაიდინეს. სარჩელის მიზანია, ერთის მხრივ უფლებრივი რესტიტუცია, მეორეს მხრივ დაუსჯელობის სინდომის აღმოფხვრა და აუცილებელი პრევენცია, რათა მომავალში თავიდან იქნეს არიდებული დამდგარი შედეგები სხვა პაციენტებისთვის. მოპასუხეები განსაკუთრებული გულმოდგინებით ახდენდნენ ნაკისრი პროფესიული მოვალეობების შესრულებას და კეთილსინდისიერების მაღალი ხარისხი შენარჩუნებას. ამდენად, საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვს საზოგადოდ და ქალბატონის განპიროვნებული არჩევანისთვის პრინციპული მნიშვნელობა, რათა ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის შექმნითაც, არსებობდეს სამოქალაქო და სამარათლებრივი პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი“ - განაცხადა ორგანიზაციის იურისტმა, ლიზი ზუხბაიამ, რომელიც, აგრეთვე, დაზარალებული ქალბატონის წარმომადგენელია. მისივე განმარტებით, თამარ ც-ს საკითხის გარკვევის მიზნით, კლინიკასთან და ექიმთან ჰქონდა კომუნიკაცია, მაგრამ პრობლემის მოსმენის შემდეგ, დამაჯერებელი პასუხის ნაცვლად, პაციენტის კრიტიკა დაიწყეს, რამაც კიდევ უფრო ერთმნიშვნელოვანი გახადა მოსარჩელის მდგომარეობის სასამართლო წესით დასმისა და გადაწყვეტის აუცილებლობა.
ცნობისთვის: დაზარალებული ქალბატონი არის აქტიური, ცნობილი და საქმიანი ადამიანი საქართველოში ეკო-სალონის კულტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების სფეროში. მოსარჩელის მდგომარეობა გაუსაძლისია, რასაც განგრძობითი ადგილი აქვს 2021 წლის 18 მაისიდან - დღემდე და არამხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი სპეცილისტების განმარტებითაც, კვლავ საჭიროებს მკურნალობის კურსს, ცდება დისკომფორტის ჩარჩოს და ფსიქოლოგიურ ტანჯვას აყენებს მას. შესაბამისად, სარჩელი სასამართლოში წარდგენილი იქნა 2022 წლის 11 ოქტომბერს. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, უჩა თოდუა განიხილავს.