„ახალგაზრდა ადვოკატები“ შეწყალების ინსტიტუტის საკანონმდებლო ცვლილებებზე

14 ნოემბერი, 2013

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების – შეწყალების გამოყენების წესისა და ახლებური რეგულაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით გამოდის და საქართველოს პრეზიდენტს/პარლამენტს სარეკომენდაციო პაკეტს სთავაზობს. ორგანიზაციამ პირველი რადიოს რადიო-კლუბში თემაზე: „პრეზიდენტის შეწყალების სამართლებრივი ასპექტები“ საკითხის ანალიზი და სარეკომენდაციო პაკეტი წარმოადგინა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავისი პრეზიდენტობის ვადაში მკაცრი სისხლისამართლებრივი პოლიტიკის მომხრე იყო. ამიტომაც, პრეზიდნეტის მიერ შეწყალების ფაქტები, ხშირად შერჩევითი პრინციპით და პოლიტიკური მოსაზრებებით ხდებოდა, დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა კი უარყოფით გავლენას ტოვებდა მართლმსაჯულების ეფექტურობასა და ავტორიტეტზე. ორგანიზაციის შეფასებით, საქმის ინდივიდუალურად შესწავლის პრინციპის უგულვებელყოფით ფართომასშტაბიანი შეწყალების განხორციელებას,  შესაძლოა არასახარბიელო შედეგები მოჰყვეს. განსაკუთრებით იმის გამო, რომ  საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს რესოციალიზაციის კეთილშობილური მიზნის მიღწევის (ნასამართლეობის მოხსნის) ალტერნატიულ და საზოგადოებისათვის ნაკლები ზიანის შემცველ გზას (ნასამართლეობის გაქარწყლება სასამრთლოსათვის მიმართვის  გზით, რომელიც გადაწყვეტილებას ინდივიდუალობის პრინციპის დაცვით იღებს).

„ახალგაზრდა ადვოკატები“ გამოქვეყნებულ დოკუმენტში პრეზიდენტის მიერ თენგიზ გუნავასა და ბაჩო ახალაიასთან მიმართებით გამოყენებულ დისკრეციულ უფლებამოსილებასაც ეხმიანებიან და მიუთითებენ, რომ შეწყალების უფლებამოსილება, მართალია, ჰუმანური აქტია, მაგრამ არ შეიძლება თვით ჰუმანური გადაწყვეტილების უფლებამოსილებაც  იყოს შეუზღუდავი. აუცილებელია, პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება გარკვეულ პრინციპებს ექვემდებარებოდეს და გარკვეულ ჩარჩოებში მოექცეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, შეწყალების პრაქტიკა მრავლადაა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაში, თუმცა საქართველოში თვალშისაცემია შეწყალების მასშტაბურობა, რადგანაც მსოფლიოს უფრო დიდ, განვითარებულ და დასავლურ  ქვეყნებში, საქართველოს მსგავსი მასშტაბის შეწყალება არ განხორციელებულა. პრეზიდენტის მიერ პირთა შეწყალების უფლება თავისი არსით ჰუმანური ნაბიჯია, თუმცა შეწყალების ერთპიროვნული და ისეთი მასშტაბური ინიციატივა, როგორიც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2013 წლის მანძილზე განახორციელა, მკაცრი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის აქტიურ მხარდაჭერად, წინასაარჩევნო კამპანიის ან უბრალოდ, პიარის ნაწილად უფრო უნდა განვიხილოთ, ვიდრე უბრალოდ, ჰუმანურ ნაბიჯად.

ორგანიზაციის განცხადებით, აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც – შეწყალების არსის შესაბამისობა პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ ინიციატივასთან 23 000 პირის შეწყალების თაობაზე. შეწყალება, თავისი არსით, ამნისტიისგან განსხვავებით, დამყარებული უნდა იყოს საქმის ინდივიდუალურად გადახედვაზე, 23 000 პირისთვის ნასამართლეობისა და პირობითი მსჯავრის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ფაქტია, რომ ინდივიდუალურობის პრინციპი დაცული არ ყოფილა და შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება, უნდა ჩაითვალოს, რომ შეწყალების მიზნებს ეწინააღმდეგება.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის მიმართ სარეკომენდაციო პაკეტიც წარმოადგინა. ორგანიზაციის განცხადებით, სარეკომენდაციო წინადადებები საქართველოს პარლამენტს უკვე გადაეგზავნა, ხოლო საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ გაეცნობა.

სარეკომენდაციო ნაწილი

საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის მიმართ

საქართველოს პრეზიდენტის მიმართ

1. 2013 წლის 27 ოქტომბერს არჩეულმა საქართველოს პრეზიდენტმა უზრუნველყოს სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის მხარდაჭერა ადამიანის ფუნდამეტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტიებით და ქვეყანაში შეწყალების პროცესი განახორციელოს მისი არსისა და მიზნის სრული დაცვით, საქმის ინდივიდუალურობის პრინციპის გათვალისწინებით[1]

2. 2013 წლის 27 ოქტომბერს არჩეულმა საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალება განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ნორმებისა და პრინციპების დაცვით.[2] მნიშვნელოვანია, გატარდეს შესაბამასი სამართლებრივი უზრუნველყოფა და დაიხვეწოს ქვეყანაში მოქმედი შეწყალების პროცედურა, გაკეთდეს უფრო მკაფიო განმარტებები და დათქმები, რათა საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახდეს პრეზიდენტის მიერ ამ პროცესში მიღებული გადაწყვეტილებები.[3]

3. საქართველოს პარლამენტის მიერ ახალი კანონის მიღებამდე, საქართველოს პრეზიდენტმა თავის N277 ბრძანებულებაში განახორციელოს შესატყვისი და შესაბამისი ცვლილებები, რომლითაც შეიზღუდება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება, შეწყალების პროცესში მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, რაც არ გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში გათვალისწინებული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან.[4]

საქართველოს პარლამენტის მიმართ

1. საქართველოს პარლამენტმა დაიწყოს მსჯელობა ახალი კანონის მისაღებად, რომელიც უზრუნველყოფს შეწყალების კონსტიტუციური ინსტიტუტის სამართლებრივი საფუძვლების მყარი გარანტიების შექმნას და მკაფიოდ წარმოადგენს იმ აკრძალვებს, შესაძლებლობებსა და საგამონაკლისო შემთხვევებს, რა დროსაც პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება შეწყალების პროცესი გახადოს სამართლიანი და გამჭვირვალე.[5]

2. საქართველოს პარლამენტმა შეწყალების შესახებ ახალი სამართლებრივი რეგულაციების მიზნით, კანონის მიღების პროცესში უზრუნველყოს კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციების, სისხლის სამართლის სპეციალისტებისა და უფლებადამცველების ჩართულობა, რომელთა ხედვა და მოსაზრებები, საჭირო და აუცილებელია პროცესის საჯაროობისა და საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე.

3. საქართველოს პარლამენტმა შეწყალების შესახებ ახალი სამართლებრივი რეგულაციების მიზნით მუშაობა დაიწყოს გონივრულ ვადებში, ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მიღება უზრუნველყოს არაუგვიანეს 2014 წლის 1 მარტისა.


[1] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის საფუძველზე შეწყალებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ.

[2] რეკომენდაციის საფუძველი გახდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გუბერნატორ თენგიზ გუნავას შეწყალების საქმე, სადაც მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78–ე მუხლის მე–3 ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, სასჯელმოხდილ პირს შეიძლება შეწყალების აქტით მოეხსნას ნასამართლეობა, პრეზიდენტმა კი, როდესაც თენგიზ გუნავასა მოუხსნა ნასამართლეობა, ის არ იყო სასჯელმოხდილი და მისთვის ნასამართლეობა კანონმდებლობით გათვალისწინებული არ ყოფილა.

[3] შეწყალების პროცედურების დახვეწა გულისხმობს იმას, რომ შეწყალების გამოყენება არ უნდა მოხდეს ერთპიროვნულად და  შესაბამისი შესწავლის და პროცედურების დაცვის შემდეგ უნდა მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება.

[4] N277 ბრძანებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პრეზიდენტს უფლება აქვს ამავე ბრძანებულებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად, მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე.

[5] ახალი კანონის ინიცირებისთვის ყურადსაღებია ლატვიის რესპუბლიკის პრაქტიკა, სადაც არსებობს კანონი „შეწყალების შესახებ”. დაწვრილებით იხილეთ ამავე კვლევის მე-8 ნაწილი. 



კომენტარები