„მრეწვრკინიგზას“ წართმეულ ქონებაზე სახელმწიფო უკანონო მფლობელად სააპელაციო სასამართლომაც აღიარა

26 ნოემბერი, 2022

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ სააქციო საზოგადოება „მრეწვრკინიგზა“ 2012 წლამდე მოქმედი ხელისუფლების პირობებში წართმეულ 6448.00 კვ.მ, 10705.00 კვ.მ, 46621.00 კვ.მ უძრავ ქონებებზე ერთადერთ მესაკუთრედ ცნო და სახელმწიფო დასახელებული ქონებების უკანონო მფლობელად აღიარა. სასამართლომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უძრავი ქონებების ნამდვილი მესაკუთრისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაუბრუნება დაავალა, რითაც პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოში სააქციო საზოგადოების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა გადაწყვეტილების შეცვლის მოთხოვნით წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.  

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, სააქციო საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონებების ნაწილი თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ქვეშ ექცეოდა. შესაბამისად, სახელმწიფომ კერძო მესაკუთრის უფლებების ხელყოფა ძალმომრეობით და უკანონო ჩარევის შედეგად გადაწყვიტა და არა - კანონის საფუძველზე. კომპანიას ქონებები ნების საწინააღმდეგოდ დაათმობინეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით კი დადგინდა, რომ მიღებული გადაწყვეტილებები კანონსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებების ქვეშ ექცეოდა. შედეგად, ბათილად იქნა ცნობილი გადაწყვეტილებები, აღიარებული იქნა კომპანიის საკუთრების უფლება უძრავ ქონებებზე და აღნიშნული ქონებები გამოთხოვილი იქნა უკანონო მფლობელობიდან, რომელიც დღემდე ირიცხებოდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე. მათი დღევანდელი საბაზრო ღირებულება 778,515,00 ლარს აღემატება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2011 წლის 20 მაისს, ქ. თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის გელა ბარამაშვილის მიერ მოწმის სახით დაიკითხა სააქციო საზოგადოება „მრეწვრკინიგზის“ მაშინდელი დირექტორი და 63% წილის მფლობელი ჯუმბერ შენგელია. ჯუმბერ შენგელიას ნების საწინააღმდეგოდ მოუწია განმარტება იმის შესახებ, რომ 47 906 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 35 706 კვ. მ მიწის ნაკვეთის ფართობის მესაკუთრე სააქციო საზოგადოება არ იყო, რადგანაც აღნიშნულ ფართს საზოგადოება თითქოსდა ფლობდა სამართლებრივი საფუძვლების გარეშე და საზოგადოების რეალურ საკუთრებას წარმოადგენდა მხოლოდ თავდაპირველი, 12 200 კვ. მ მიწის ფართობი, რაც აღრიცხული იყო ტექბიუროშიც და საზოგადოებამ მიიღო მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 და 1998 წლის დადგენილებებით. ჩვენება სრულდება იმ დათქმით, რომ ჯუმბერ შენგელია ნებაყოფლობით აცხადებდა აღნიშნული 47 906 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 35 706 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს სასარგებლოდ სააქციო საზოგადოების საკუთრების უფლების მიტოვებას. აგრეთვე, ჯუმბერ შენგელია ჩვენების დასასრულს აცხადებდა, რომ სურდა სახელმწიფოს სასარგებლოდ ნებაყოფლობით მიეტოვებინა სააქციო საზოგადოების საკუთრების უფლება 10705 კვ.მ მიწის ფართობსა 6448 კვ.მ მიწის ფართობზე, რომელიც მდებარეობდა ლილოს სამრეწველო ზონაში. 

ჯუმბერ შენგელია საგამოძიებო ნაწილში აიძულეს ადგილიდან დაერეკა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნანა ორაგველიძისთვის, რათა ამ უკანასკნელს მოეხდინა სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის დოკუმენტური გაფორმება დირექტორის მიერ მითითებულ მიწის ფართობების მიტოვებაზე. შესაბამისად, შედგა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე დგებოდა წინდადადება ქონებების სახელმწიფოს მიმართ უსასყიდლოდ გადაცემაზე.

ამდენად, სამეთვალყურეო საბჭომ ზეწოლის შედეგად, მიიღო ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვებისა და უსასყიდლოდ გადაცემის გადაწყვეტილება.

2012 წლის 26 ნოემბერს, პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, ს.ს. „მრეწვრკინიგზამ“ საჩივრით მიმართა საქართველოს პროკურატურას, სადაც საქმეზე შემაჯემებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

სასამართლო გზით დაიწყო სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოება, თუმცა დაცვის არასწორი სამართლებრივი სტრატეგიის პირობებში, საკუთრების უფლების აღიარების შედეგი არ დადგა. ადვოკატმა სამართლებრივი საკითხის გადაჭრას სწორი არგუმენტაცია ვერ დაუხვედრა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, „მრეწვრკინიგზას“ საქმის წარმოებაში 2019 წლიდან ჩაერთო. ორგანიზაციის სამართლის გუნდმა შეძლო გარდამტეხი ცვლილების შეტანა და წართმეული ქონების დაბრუნება ნამდვილი მესაკუთრისთვის. სასამართლოს მეშვეობით, უკვე დადგენილია, რომ სახეზეა ნამდვილი მესაკუთრის სასარგებლოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-312 მუხლების საწინააღმდეგო მტკიცება, როდესაც რეესტრის ჩანაწერის უზუსტობამ, დღევანდელი მდგომარეობით, სახელმწიფოს გამოაცალა დასახელებული საკუთრებების ფლობისა და განკარგვის კეთილსინდისიერი, ლეგალური და ობიექტური საფუძველი, რითაც აღიარებით სარჩელს გაუჩნდა წარმატების პერსპექტივა და ვერ იქნა შემოსაზღვრული ხანდაზმულობის ვადებით.

ორგანიზაციის სასამართლო გზით პრობლემის გადაწყვეტას წინ უსწრებდა წართმეული საკუთრების შესახებ მომზადებული სამართლებრივი კვლევა და რეკომენდაციები, რომელიც 2021 წლის მარტში გამოქვეყნდა.

კვლევის შედეგები პირველმა და მაღალი პროფესიული სტანდარტით, ექსკლუზიურად გააშუქა საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც. სასამართლომ, როგორც კვლევა, ასევე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტური მოკვლევა საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო.

ახალი სარჩელით სასამართლოს 2020 წლის ივლისში მიემართა. სასამართლომ გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც და სახელმწიფოს სადავო ქონებების გასხვისება ან/და იპოთეკით დატვირთვა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე აუკრძალა.

საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეებმა: გელა ქირიამ (თავმჯდომარე), გია ბერაიამ და მერაბ ლომიძემ განიხილეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში კი - მოსამართლე თამარ ბურჯანაძემ. „მრეწვრკინიგზას“ კანონიერი ინტერესების დაცვას ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ახორციელებს.  



კომენტარები