2022 წლის 29 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ კომპანიის პარტნიორებს შორის წარმოშობილ დავაზე, კომპანიის წინაშე ზიანის არსებობის ფაქტის შეფასების დროს, მოქმედი და ყოფილი დირექტორის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასმის საკითხზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რითაც კომპანიის წინაშე ყოფილი დირექტორის ფიდუციური მოვალეობის (კონკრეტულად, „ზრუნვის მოვალეობის“) დარღვევა არ დაადგინა. განცხადებას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, საქმე ეხება ესტეთიკური კლინიკა „დერმას“, რომელიც 2012 წლის იანვრიდან საქმიანობს. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელმა და დირექტორმა, თამთა თხილაიშვილმა, ერთობლივი საქმიანობის განხორციელების მიზნით მოიწვია დეიდაშვილი - სალომე სურგულაძე და ოჯახის ახლობელი - ნინო კიკნაძე. 2012 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით, კომპანიის 42% ეკუთვნოდა თამთა თხილაიშვილს, 48% - სალომე სურგულაძესა და 10% - ნინო კიკნაძეს. კომპანიამ საქმიანობის სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. 2014 წლის ივლისში მომხდარმა ავტო-ავარიამ მნიშვნელოვანად შეაფერხა თამთა თხილაიშვილის ფიზიკური ჩართულობა კომპანიის მართვაში, აღნიშნული შემთხვევის საფუძველზე კი, 2014 წლის 22 სექტემბერს, კომპანიის მმართვაში არსებულმა პარტნიორებმა, ისე, რომ არ მომხდარა ინფორმირება, მიიღეს გადაწყვეტილება თამთა თხილაიშვილის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებისა და კომპანიის დირექტორად სალომე სურგულაძის დანიშვნის თაობაზე, რომელიც დღემდე კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, თამთა თხილაიშვილი, ამ დრომდე, უმრავლესობაში მყოფი პარტნიორების მხრიდან კომპანიის გადაწყვეტილებების მიღების და ფინანსური გამჭვირვალობის პროცესს, მთლიანად ჩამოშორებულია. კომპანია „დერმამ“ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა კომპანიის წინაშე ყოფილი დირექტორის ფიდუციური მოვალეობის (კონკრეტულად, „ზრუნვის მოვალეობის“) დარღვევის გამო 17,075 ათასი ევროს დაკისრება. კერძოდ, კომპანიის მტკიცებით, თამთა თხილაიშვილის დირექტორად ყოფნის პერიოდში მან კომპანიის საბანკო ანგარიშიდან საზღვარგარეთ განახორციელა საეჭვო ტრანზაქცია, ჯამურად 17 075 ევროს ოდენობით. კერძოდ, 04.03.2014 წელს, თამთა თხილაიშვილმა, როგორც შპს „დერმას“ დირექტორმა კომპანიის საბანკო ანგარიშიდან SMART TECHNOLOGY AG, KREUZLINGER, SWITZERLAND-ის სასარგებლოდ გადარიცხა 5 122.50 ევრო, ხოლო 16.06.2014 წელს კომპანია SMART TECHNOLOGY AG, GENOVA, ITALY-ის სასარგებლო გადარიცხა 11 952.50 ევრო. გადარიცხვის შედეგად, კომპანიას უნდა მიეღო სოლარიუმის აპარატი, მაგრამ გადარიცხვების მიუხედავად, მას არ მიუღია არავითარი საქონელი. ამავდროულად, კომპანიას არ გააჩნია არავითარი ოფიციალური დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება, საგარანტიო წერილი ან სხვა სახის იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი), რომელიც მისცემდა მას საშუალებას მოეხდინა მისი უფლებების დაცვა ამ თანხის მიმღებ კომპანიასთან მიმართებაში. უფრო მეტიც, შპს „დერმას“ არ გააჩნია ამ კომპანიის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებიც კი (მისამართი, რეგისტრაციის ნომერი, მარეგისტრირებელი ქვეყანა და ა.შ). ორგანიზაცა აღნიშნავს, რომ თამთა თხილაიშვილმა, წარდგენილი პრეტენზიის ფარგლებში, შესაძლო საწინააღმდეგო მტკიცების განხორციელება და დოკუმენტური მასალებით საწინააღმდეგო გარემოებების დადასტურება.
2018 წლის 22 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „დერმას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა სააპელაციო წესით (საქმე განიხილა მოსამართლე ანა ჩოგოვაძემ)
2020 წლის 21 ივლისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, „დერმას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საკასაციო წესით (საქმე განიხილეს: ამირან ძაბუნიძემ (თავმჯდომარე), გენადი მაკარიძემ და ლაშა ქოჩიაშვილმა).
2022 წლის 31 მაისის, საქართველოს უზენაესმა სასამართლოს განჩინებით, „დერმას“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და აღინიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელა მხოლოდ სოლარიუმის აპარატების შეძენის შესახებ ყოფილი დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანზე და მართებულობაზე, თუმცა მას არ შეუფასებია დირექტორის ფაქტობრივი ქმედებები სოლარიუმის აპარატების შესაძენად გარიგების დადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და აპარატის შეძენის პროცესში. სასამართლოს, ასევე არ შეუფასებია, რა როლი აქვს კომპანიის ამჟამინდელი დირექტორის ქმედებებს ზიანის დადგომაში და რომელიც დირექტორის ქმედებებია მიზეზობრივ ჯავშირში ზიანთან. სასამართლოს არ გამოუკვეთია, მიღებულ იქნა თუ არა სოლარიუმის აპარატების შეძენის შესახენ გადაწყვეტილება სათანადო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც გულისხმობს ინფორმაციას ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე ადამიანისათვის საკმარისი იქნებოდა არსებულ გარემოებებში სოლარიუმის აპარატების შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის (საქმე განიხილეს: ნინო ბაქაქურმა (თავმჯდომარე), ზურაბ ძლიერიშვილმა და ეკატერინე გასიტაშვილმა).
2022 წლის 29 ნოემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, „დერმას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა 2018 წლის 22 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება. პალატამ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. რაც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით არსებულ მითითებებს, სააპელაციო პალატა დეტალურ შეფასებას მისცემდა მას. მთლიანობაში, კომპანიის წინაშე ყოფილი დირექტორის ფიდუციური მოვალეობის (კონკრეტულად, „ზრუნვის მოვალეობის“) დარღვევის ფაქტი არ ფიქსირდებოდა (საქმე განიხილეს: გია ბერაიამ (თავმჯდომარე), გელა ქირიამ და მერაბ ლომიძემ).
ამონარიდი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, რომელიც 2022 წლის 29 ნოემბერს, უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.
თამთა თხილაიშვილი, როგორც შპს „დერმას“ დირექტორი კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და მის მიერ კომპანიის ინტერესების საზიანოდ, არ განხორციელებულა 17 075 ევროს გადარიცხვა. დირექტორმა კომპანიის სახსრები განკარგა საწარმოს ბიზნეს-საქმიანობიდან გამომდინარე სოლარიუმების შეძენის მიზნით, რაც გააფართოებდა შპს „დერმას“ მიერ მომხმარებლისათვის შესათავაზებელი მომსახურების სფეროს.
სასამართლო სადავო საკითხის გადასაწყვეტად უპირველესად განმარტავს, რომ დირექტორის პასუხისმგებლობის დადგომისათვის, მხოლოდ მის მიერ მიღებული ბიზნეს-გადაწყვეტილების სიმცდარე ვერ იქნება საკმარისი და აღნიშნული მოითხოვს შესაბამისი არაკეთილსინდისიერი განზრახვის დადასტურებას, რამეთუ დირექტორის გადაწყვეტილებებთან მიმართებით არსებობს კეთილსინდისიერების პრეზუმცია, რისი გაქარწყლებაც მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენდა. სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას თამთა თხილაიშვილის არაკეთილსინდისიერ განზრახვასთან მიმართებით და ვერ დააკისრებს თამთა თხილაიშვილს, როგორც შპს „დერმას“ ყოფილ დირექტორს პასუხისმგებლობას მის მიერ მიღებულ ბიზნეს-გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რადგანაც მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა დირექტორის პასუხისმგებლობის დადგომისათვის შესაბამისი წინაპირობების არსებობა.
საგულისხმოა, რომ თამთა თხილაიშვილი შპს „დერმას“ ხელმძღვანელობდა მისი დაარსებიდან 2014 წლის 22 სექტემბრამდე, რა პერიოდშიც იგი იღებდა გადაწყვეტილებებს კომპანიის საქმიანობასთან მიმართებით და იძენდა შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ტექნიკას, ასევე იგი, როგორც საწარმოს 42% წილის მესაკუთრე პარტნიორი, ბუნებრივია, რომ დაინტერესებული იყო საწარმოს წარმატებული ბიზნეს-საქმიანობით, რადგანაც აღნიშნული პირდაპირ კავშირში იყო პარტნიორთა შემოსავლის გაზრდასთან.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ თამთა თხილაიშვილი, როგორც საწარმოს ხელმძღვანელი უფლებამოსილი იყო კომპანიის ინტერესების შესაბამისად ემოქმედა და მიეღო გადაწყვეტილება მისი მომგებიანობის გაზრდის მიზნით. ამავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს ბიზნეს-საქმიანობის თავისებურებას, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს გარკვეულ დანაკარგთან და ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ მოგების მომტანი ვერ იქნება საწარმოსთვის, რადგანაც არსებობს სხვა ფაქტორები, რამაც შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში ბიზნეს-გადაწყვეტილება აქციოს წამგებიანად, რაც ვერ გახდება დირექტორის პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძველი, რამეთუ იმ ვითარებაში, როდესაც არ დასტურდება დირექტორის არაკეთილსინდისიერი განზრახვა დაუშვებელია მისი პასუხისმგებლობის წარმოშობა ამგვარ გადაწყვეტილებასთან მიმართებით.
მოსარჩელის მტკიცებას თამთა თხილაიშვილის არაკეთილსინდისიერებასთან მიმართებით აქარწყლებს ასევე ის გარემოება, რომ იგი არამხოლოდ კომპანიის დირექტორი, არამედ მისი 42% წილის მესაკუთრე პარტნიორია. შესაბამისად იგი, როგორც საწარმოდან მოგების მიღების უფლების მქონე პირი ივარაუდება, რომ დაინტერესებული უნდა იყოს საწარმოს ბიზნეს საქმიანობის სწორად წარმართვით, რაც კიდევ უფრო ასუსტებს მოსარჩელის მტკიცებას დირექტორის არაკეთილსინდისიერებასთან მიმართებით.
ბიზნეს საქმიანობა დაკავშირებულია გარკვეულ რისკთან და საწარმო თავისი საქმიანობის განხორციელებისას უნდა აცნობიერებდეს, რომ შესაძლებელია გარკვეული ქმედების განხორციელება კომპანიისათვის წამგებიანი იყოს, თუმცა აღნიშნული ყველა შემთხვევაში ვერ გამოიწვევს დირექტორის პასუხისმგებლობას, თუ ვერ დადასტურდება მისი განზრახვა ზიანი მიეყენებინა კომპანიისათვის.
შპს „დერმა“ დაკავებულია, როგორც გამაჯანსაღებელი პროცედურის, ასევე ესთეტიური მომსახურების გაწევით მომხმარებელთათვის, რაც დასტურდება კომპანიის წესდებითაც. შესაბამისად, სოლარიუმის სეგმენტის დამატება ვერ მიიჩნევა მცდარ, შეუთავსებელ და არაგონივრულ გადაწყვეტილებად, რადგანაც იგი თავსდება საწარმოს ბიზნეს-საქმიანობის ინტერესებში და დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვერ განიხილება საწარმოსათვის ზიანის წარმომშობად, რამეთუ თამთა თხილაიშვილის მიზანი იყო საწარმოს მომგებიანობის გაზრდა, რაც არ შეიძლება გახდეს მისი პასუხისმგებლობის საფუძველი.
ამასთანავე, პასუხისმგებლობას ვერ წარმოშობს ვერც ის ფაქტი, რომ სოლარიუმები თავისი მონაცემებით ვერ განთავსდებოდა შპს „დერმას“ ოფისში და აღნიშნული მოითხოვდა რიგი სარემოენტო სამუშაოების განხორციელებას, შესაბამისი კონდიცირების სისტემის მოწყობასა და ელ-ენერგიის მიწოდებას. აღნიშნული აპრიორი არ გულისხმობს, რომ დირექტორმა პასუხი უნდა აგოს სოლარიუმის შესაძენად გადახდილ თანხასთან მიმართებით, რადგანაც არ დასტურდება, რომ თამთა თხილაიშვილის მიერ არ იყო გათვალისწინებული ამგვარი ხარჯები, ასევე უმთავრესად არ დასტურდება დირექტორის მიზანი კომპანიისათვის ზიანის მიყენებასთან მიმართებით, მის მიერ არ შეძენილა საწარმოს საქმიანობასთან რადიკალურად შეუთავსებელი ნივთი, რასაც შესაძლოა წარმოეშვა მისი პასუხისმგებლობა ამგვარ გადაწყვეტილებასთან მიმართებით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, რომლის თანახმადაც სოლარიუმის განთავსება კომპანიის ოფისში შეუძლებელია, ვერ დაედება საფუძვლად თამთა თხილაიშვილის პასუხისმგებლობას.
სასამართლო ბრძანებს, რომ საყურადღებოა ასევე ის გარემოება, რომ შპს „დერმას“ შეეძლო აღნიშნული ზიანის თავიდან არიდება, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია დროულად დაუკავშირდებოდა კონტრაჰენტს, ან/და გადაიხდიდა დარჩენილ საფასურს და მიიღებდა სოლარიუმის აპარატებს ან/და დროულად უარყოფდა ხელშეკრულებას, რითაც მაქსიმალურად უზრუნველყოფდა ზიანის მოცულობის შემცირებას. მოცემულ ვითარებაში, საწარმოს არავითარი ნაბიჯი არ გადაუდგავს არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის დარეგულირებასთან მიმართებით. თამთა თხილაიშვილმა თანხების გადარიცხვა განახორციელა 04.03.2014 წელსა და 16.06.2014 წელს, ხოლო საწარმოს ამჟამინდელი დირექტორი - სალომე სურგულაძე დაინიშნა 2014 წლის 22 სექტემბერს, ჯერ კიდევ სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში. შესაბამისად, კომპანიას შეეძლო დროული ნაბიჯების განხორციელების გზით მოეგვარებინა არსებული გაუგებრობა. ამასთანავე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, თითქოს მას შესაბამისი მონაცემების არ არსებობის საფუძვლით ვერ შეეძლო კომპანიასთან დაკავშირება. არ დასტურდება შპს „დერმას“ მხრიდან რაიმე მცდელობა დაკავშირებოდა კომპანიას, მაშინ როდესაც მისთვის ხელმისაწვდომი იყო შესაბამისი გადარიცხვები, რომელზე ასახული ინფორმაციით შესაბამისი სურვილის არსებობის პირობებში, შესაძლებელი იყო მასთან დაკავშირება და არსებულ გაუგებრობის აღმოფხვრის მცდელობა მაინც, რის ნაცვლადაც საწარმო 3 წლის გასვლის შემდგომ ითხოვს გადახდილი თანხის თამთა თხილაიშვილისაგან ანაზღაურებას, რაც გაუმართლებელია და შესაბამისი წინაპირობების არ არსებობის საფუძვლით გამოირიცხება.
სასამართლოს განმარტებით, საწარმოს მიერ, 2014 წლის ტრანზაქციასთან მიმართებით, 2017 წელს სარჩელის სასამართლოში წარდგენა დირექტორის წინააღმდეგ, გაუმართლებელია, რამეთუ კომპანიას თავად უნდა ემოქმედა მისთვის მიუღებელი ხელშეკრულების დროულად მოშლასთან მიმართებით, რითაც მაქსიმალურად შემცირდებოდა დამდგარი ზიანი, რაც კომპანიას არ განუხორციელებია, მით უფრო საყურადღებოა, რომ გადარიცხვები განხორციელდა 2014 წლის მარტი-ივნისში, ხოლო ახალი დირექტორი აირჩა ამავე წლის სექტემბერში, რაც აძლევდა შეცვლილ ხელმძღვანელობას გადაედგა ქმედითი ნაბიჯები ზიანის თავიდან ასარიდებლად, თუმცა მათი მხრიდან აღნიშნული არ განხორციელებულა, რამაც თავის მხრივ თამთა თხილაიშვილსაც წაართვა შესაძლებლობა მოეთხოვა გადახდილი თანხის უკან დაბრუნება შესაბამის კომპანიისაგან. ამდენად, მტკიცება, თითქოს თამთა თხილაიშვილი მოქმედებდა საწარმოს ინტერესების საზიანოდ არ დასტურდება, რაც გამორიცხავს მისი პასუხისმგებლობის წარმოშობის წინაპირობას - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნულ საქმესა და თამთა თხილაიშვილის კანონიერი ინტერესების დაცვის პროცესში, ადვოკატირებას გააგრძელებს.