ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, საქართველოში მინიმალური ხელფასის საკითხზე წარდგენილი ხედვის გამო, „პასუხისმგებლიანი ბიზნესი 2022“-ის ფარგლებში, დაჯილდოვდა. ღონისძიება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, ა(ა)იპ „პროგრესის ცენტრის“ ინიციატივით ჩატარდა, რომლის მიზანს ღირსეული სახელფასო პოლიტიკის გამოწვევებთან დაკავშირებით, სამოქალაქო სექტორსა და ბიზნეს-სუბიექტებს შორის დიალოგის უზრუნველყოფა და საკითხის საკანონმდებლო დონეზე ადვოკატირების შემდგომი გაგრძელება წარმოადგენდა. ჯილდო გადაეცა დამსაქმებლებს, რომლებიც გამოირჩევიან ღირსეული სახელფასო პოლიტიკით, მაღალი პასუხისმგებლობით ყველა პოზიციაზე დასაქმებულების წინაშე, რაც გულისხმობს დასაქმებულის შრომის ადეკვატურ დაფასებასა და ღირსეული ანაზღაურების შეთავაზებას. გამარჯვებულების გამოვლენისას, შეფასებული იქნა პროცესში მონაწილე ორგანიზაციების ხედვა და დამოკიდებულება საკანონმდებლო დონეზე მინიმალური ხელფასის განსაზღვრის შესახებ.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკითხზე მსჯელობისას საკუთარი მოსაზრებები წარუდგინა ა(ა)იპ „პროგრესის ცენტრს“ და გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი საქართველოში მინიმალური ხელფასის არსებული მოდელის შეცვლისა და რეგულირების საკითხებზე. ამასთან, ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ შრომითი უფლებების დაცვა თავისი საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ კუთხით, საქართველოს პარლამენტში, თავის დროზე, წარდგენილი იქნა ორი საკანონმდებლო წინადადება: სტაჟირების სამართლებრივი რეგულირებისა და სტაჟირების პერიოდის შრომის შტაჟში ჩათვლის, სტუდენტების საშემოსავლო გადასახადიდან გათავისუფლების თაობაზე. ორგანიზაციამ ხაზი გაუსვა იურიდიული სერვისის, როგორც ბიზნესის თავისებურებებს და ამ კუთხით, ორგანიზაციაში არსებული შრომითი ანაზღაურების მოდელსა და ფლათფორმას.
„ახალაგზრდა ადვოკატები“ მადლობას უხდის ა(ა)იპ „პროგრესის ცენტრს“ „პასუხისმგებლიანი ბიზნესი 2022“-ის ფარგლებში მიღებული სერთიფიკატისთვის. ამასთან, ჩვენ მივესალმებით ა(ა)იპ „პროგრესის ცენტრის“ საქმიანობას საქართველოში მინიმალური ხელფასის განსაზღვრის თაობაზე ძალისხმევის უზრუნველსაყოფად.