ეროვნული ბიბლიოთეკა „საუკეთესო თანამშრომლობისა და ინსტიტუციური დიალოგისთვის“ დაჯილდოვდა

30 დეკემბერი, 2022

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 2022 წელს „საუკეთესო თანამშრომლობისა და ინსტიტუციური დიალოგისთვის“ ჯილდო საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა. ორგანიზაციას მიმდინარე წელსაც საუკეთესო თანამშრომლობა აკავშირებდა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან. არაერთი შეხვედრა და ღონისძიება მომზადდა მაღალი კვალიფიკაციის ადმინისტრაციის ქვეშ და ხაზგასასმელია ეროვნული ბიბლიოთეკის თითოეული თანამშრომლოს განსაკუთრებული პროფესიონალიზმი, სტანდარტი, რასაც ძალიან ვაფასებთ.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილება და ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულეს.

2022 წელს, ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 1 სასამართლო ინსტანცია, 3 საჯარო უწყება, 2 ინსტიტუცია, 3 მედია-გამოცემა და 9 ჟურნალისტი დაჯილდოვდა. 

ორგანიზაციის ნომინაცია „საუკეთესო თანამშრომლობისა და ინსტიტუციური დიალოგისთვის“ 2021 წელს გადაეცა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, 2020 წელს - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, 2019 წელს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს, 2018 წელს - საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს, 2017 წელს - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, 2016 წელს - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, 2015 წელს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, 2014 წელს - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს.



კომენტარები