„ახალგაზრდა ადვოკატები“ - წლის „ღია სასამართლო ინსტანცია“ ადიგენის მაგისტრატი სასამართლოა

30 დეკემბერი, 2022

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 2022 წელს „ღია სასამართლო ინსტანციის“ ნომინაცია ადიგენის მაგისტრატ სასამართლოს გადაეცა. მნიშვნელოვანია, რომ  სასამართლომ წელს აჩვენა ინსტიტუციური და პროფესიული თანამშრომლობის სტანდარტი. სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის, ინდივიდუალური მოსამართლის როლის წარმოჩენისა და აპარატის გამართულად ფუნქციონირების კუთხით, ასევე, ორგანიზაციის სამართლის ჯგუფის საქმეებზე განხორციელებული სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპებიდან გამომდინარე, ორგანიზაციამ მიიჩნია, რომ წლის გამორჩეული სასამართლო ინსტანცია ადიგენის მაგისტრატ სასამართლოა.

„გმადლობთ, აღარებისა და ესოდენ დიდი  დაფასებისთვის“ - ნათქვამია ჯილდოს მიღების შემდეგ სასამართლოს წერილში, რომელიც ორგანიზაციამ მიიღო.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილება და ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულეს.

2022 წელს, ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 1 სასამართლო ინსტანცია, 3 საჯარო უწყება, 2 ინსტიტუცია, 3 მედია-გამოცემა და 9 ჟურნალისტი დაჯილდოვდა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ღია სასამართლო ინსტანციის“ ნომინაცია 2021 წელს - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადასცეს, 2020 წელს - სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, 2019 წელს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2018 წელს - რუსთავის საქალაქო სასამართლოს, 2017 წელს - მცხეთის რაიონულ სასამართლოს, 2016 წელს - ბათუმის საქალაქო სასამართლოს, 2015 წელს - თბილისის საქალაქო სასამართლოს. 2014 წელს, ამავე სასამართლო ინსტანციას ოპერატიული საჯარო ინფორმაციისთვის.  



კომენტარები