უზენაესმა სასამართლომ „ევროინს ჯორჯიას“ დაზღვეულის სასარგებლოდ 10,000 ლარზე მეტის გადახდა დააკისრა

9 იანვარი, 2023

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, სადაზღვევო კომპანია „ევროინს ჯორჯია“ დაზღვეულ მოქალაქეს 10,000 ლარზე მეტს აუნაზღაურებს. სადაზღვევო კომპანიის მიმართ სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, მოქალაქის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც გასაჩივრდა საკასაციო წესით. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განუხილველი დატოვა სადაზღვევო კომპანიის საჩივარი.

საქმის სირთულეს სადაზღვევო შემთხვევის სამართლებრივი შეფასება წარმოადგენდა. კერძოდ, შემთხვევა უნდა შეფასებულიყო, როგორც „უხეში გაუფრთხილებლობა“ თუ „მსუბუქ გაუფრთხილებლობად“.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 27 ნოემბერს მოქალაქესა და სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმდა რისკების დაზღვევის ხელშეკრულება და გაიცა ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა კომპანიის, როგორც მზღვეველის უფლება-მოვალეობები. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დამზღვევი ვალდებულებებს ასრულებდა ჯეროვნად. 2020 წლის 25 მაისს, დაახლოებით 22 საათსა და 55 წუთზე, რთული ჰოდროლოგიური მდგომარეობისა და საგზაო-საავტომობილო საფარის დაზიანების შედეგად, ავტომობილმა, რომელსაც მართავდა უფლებამოსილი მძღოლი, დაკარგა ტრაექტორია, მანქანა მოცურდა გზის საპირისპირო მხარეს და შეეჯახა სატვირთო მანქანას. მოქალაქემ კანონმდებლობისა და სადაზღვევო კომპანიასთან აღნიშნული ავტომობილის დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად, შეატყობინა საპატრულო პოლიციასა და სადაზღვევო კომპანიას. საპატრულო პოლიციის მიერ განხორციელებული მოქმედებების შედეგად, დგინდება, რომ მოქალაქე მანქანას მართავდა აბსოლუტურად ფხიზელი, რაც დასტურდება საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ალკო ტესტითა და შესაბამისი ოქმით.

აღნიშნული ავტოსატრანსპორტო შემთხევის შედეგად, დაზიანდა, როგორც დაზღვეული ავტომობილი, ისე შემხვედრი სატვირთო მანქანა.

მოქალაქემ 2020 წლის 11 ივნისს, შეავსო ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევიდან გამომდინარე სადაზღვევო შემთხვევის განაცხადი, სადაც აღნიშნულია ავტოსატრანსპორტო შემთხვევის გარემოებები, თუმცა სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა ზიანის ანაზღარურებაზე. კერძოდ, კომპანიამ აღნიშნა, რომ მძღოლის ქმედება არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის შესახებ" 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში, მოცმეულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. კერძოდ, „მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება“.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ დახმარებით, მოქალაქემ დაამტკიცა, რომ მოძრაობდა კანონით განსაზღვრული სიჩქარით და ავტომობილი მოცურდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. კერძოდ, შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, მოქალაქემ დაადასტურა, რომ სადაზღვევო შემთხვევის დროის მონაკვეთში, ადგილი ჰქონდა უხვი ნალექი წვიმის სახით. შესაბამისი საექსპერტო დასკვნით დადგინდა, რომ მოქალაქეს, გარდა მეტეოროლოგიური პირობებისა, მოძრაობაში სხვა რაიმე ხელისშემშლელი პირობა არ ჰქონია.

ამჟამად, სამი ინსტანციის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები და დასაბუთება, რომ ადგილი არ ჰქონია მოქალაქის „უხეშ გაუფრთხილებლობას“ და შემთხვევა უნდა შეფასებულიყო, როგორც „მსუბუქი გაუფრთხილებლობა“. შესაბამისად, მოქალაქის სასარგებლოდ, სადაზღვევო კომპანიას, ზიანის სახით 10,453 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.



კომენტარები