ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ქართული თამბაქოს ბაზრის შესწავლის მოთხოვნით მიმართა და შესაძლო კარტერულ გარიგებაზე პირველადი შესწავლის შედეგები გახადა ცნობილი.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, დაკვირვებამ და გარემოებების შესწავლამ აჩვენა, რომ ადგილი აქვს ბაზარზე ფარულ შეთანხმებებს, კარტერული ხასიათის გარიგებებს, იმგვარ მონოპოლურ მდგომარეობას აქვს ადგილი, რაც პირდაპირ აისახება ადგილობრივი ნაწარმის განვითარების შემცრებაზე, მიმართულია დარგის რღვევისკენ და სავარაუდოდ, ემსახურება მხოლოდ სამი იმპორტიორი კომპანიის ჯგუფურ დომინანტობას. სფეროში, სავარაუდო არაკეთილინდისიერი კონკურენციის შედეგად, მიმდინარეობს ადგილობრივი წარმოების გეგმაზომიერი მოშთობის მრავალწლიანი პროცესი. ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც. ასე მაგალითად, თუ 2014 წელს ადგილობრივი წარმოების მიერ შესყიდულ იქნა 123 787 000 აქციზური მარკა, 2015 წელს იგი განახევრდა და გახდა 65 620 000, 2022 წლის 10 თვის მონაცემებით კი ამ ციფრმა შეადგინა მხოლოდ 25714 000.
როგორც წესი, თამბაქოს ნაწარმის ბიზნესში, მსოფლიო მასშტაბით, მხოლოდ რამდენიმე ძლიერი ჯგუფი ოპერირებს. არცერთ საშუალო ზომის ეროვნულ წარმოებას არ შესწევს იმის უნარი, რომ ტექნოლოგიურ-ხარისხობრივი თუ მარკეტინგულ-ბრენდული თვალსაზრისით, სრულფასოვანი კონკურენცია გაუწიოს მათ.
არც ქართული თამბაქოს ბაზარია გამონაკლისი. წლების განმავლობაში, იგი მსოფლიოს წამყვანი ისეთი კომპანიების დომინირების ქვეშაა, როგორიცაა JTI (დისტრიბუტორი საქართველოში შპს “ელიზი-ჯგუფი“), BAT (დისტრიბუტორი საქართველოში სს „თ & რ დისტრიბუშენ“) და Philip Morris (დისტრიბუტორი საქართველოში შპს „ჯი დი აი“).
ჩვენ ვსწავლობთ, თუ როგორ, რა ხერხებით ხდებოდა თამბაქოს ადგილობრივი წარმოების შევიწროება წლების განმავლობაში, რომელმაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რომ სფეროში დასაქმებული 3000 თანამშრომლი დღეს 500-მდეა შემცირებული, გაჩერდა თამბაქოს ერთი ქართული ფაბრიკა, მოიკლო ბიუჯეტში შენატანებმა და არნახულ მასშტაბებს მიაღწია კონტრაბანდამ. ბაზრის მონიტორინგის პროცესში, ჩვენ დავაფიქსირეთ ფაქტები, რომლებიც ქართული თამბაქოს ადგილობრივი წარმოების ხელოვნურად გაჩერების შესაძლო მცდელობების არსებობაზე მიუთითებენ.
ადგილობრივი წარმოებისათვის იმპორტიორებთან კონკურენციის ერთადერთი ხელმისაწვდომი ე.წ. დაბალი, იაფფასიანი საბაზრო ნიშაა. უფრო მეტიც, ადგილობრივი წარმოება საშუალო და მაღალ სეგმენტებში საერთოდ არ ოპერირებს, რადგან თავის დროზე მთავრობამ, სამწუხაროდ, ვერ აღკვეთა ზოგიერთი იმპორტიორის მხრიდან დემპინგური ფასები ფილტრიან სიგარეტებზე (2014-2015 წლებში). ასევე, ადგილობრივ წარმოებაზე წნეხი გაზარდა იმპორტიორთა ლობიზმის შედეგად განხორციელებულმა გადასახადის თითქმის 300%-მა მატებამ 2017 წელს, 2019 წლიდან კი უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის აქციზის გადასახადის გათანაბრებამ. ამან თამბაქოს მწარმოებელი ქართული კომპანიები იძულებული გახადა ქართული წარმოების ერთი კოლოფი სიგარეტის საცალო ფასი 5 (ხუთი) ლარით განესაზღვრათ.
რაც შეეხებათ სიგარეტის იმპორტიორ კომპანიებს, მათ მიერ დადგენილი სარეალიზაციო საცალო ფასი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სტაბილურად ექვს ლარზე მეტი იყო. ეს მდგომარეობა, როგორც ბაზრის შესწავლამ გვიჩვენა, მკვეთრად შეიცვალა 2022 წლის დეკემბერში, როცა ბაზარზე სამმა იმპორტიორებმა ერთდროულად მოახდინა საკუთარი პროდუქციის გაიაფება. კერძოდ, გაყიდვაში გამოჩნდა ახალი შეფუთვის CAMEL (შპს „ელიზი-ჯგუფი“) და L&M (Philip Morris Geogia, დისტრიბუტორი შპს „ჯი დი აი“), რომელთა სარეალიზაციო საცალო ფასი განისაზღვრა ხუთი ლარით. ასევე, 5 ლარამდე დაწია საცალო ფასი მანამდე ბაზარზე არსებულმა PALL MALL-ის იმპორტიორმა სს „თ & რ დისტრიბუშენ“-მა.
სამი კომპანიის მხრიდან გაიაფების ეს ერთდროული აქტი აშკარად მიუთითებს გარიგებისა და შეთანხმების შესაძლო არსებობაზე. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ გაიაფება ხდება პირობებში, როცა სახეზეა მსოფლიოში ენერგეტიკულ რესურსებზე, ნედლეულზე, ტრანსპორტირებასა და ლოჯისტიკაზე ფასების მკვეთრი, ზოგჯერ 100-300%-იანი ზრდა. ეს, პირდაპირ აისახა დასახელებული სამი იმპორტიორი კომპანიის პროდუქციაზეც, რადგან გარდა ზემოთმოყვანილი ბრენდებისა (CAMEL, L&M, PALL MALL), მათ ყველა სხვა ბრენდის სიგარეტზე ფიქსირდება ფასების 20-30 თეთრით გაძვირება. ორგანიზაციისთვის, ეს ბადებს საფუძვლიან ეჭვს, ხომ არ აქვს ადგილი ადგილობრივ წარმოებასთან დემპინგური ფასებით ბრძოლას, როგორც ეს წლების წინ ხდებოდა.
ჩვენი ქვეყნის უახლესი გამოცდილება და მსოფლიო პრაქტიკაც გვაძლევს უფლებას, მომხდარი შევაფასოთ ქართული თამბაქოს ადგილობრივი წარმოების გასაჩერებლად გადადგმულ ნაბიჯად და გამოვთქვათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ: საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეულ ეკონომიკურ აგენტებს შორის შედგა არაკეთილსინდისიერი („კარტელური“) გარიგება იმ მიზნით, რომ ბაზარს ჩამოაშორონ ადგილობრივი წარმოების კონკურენტი კომპანიები. მოცემული მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ისინი დაიკავებენ აბსოლუტურად დომინირებულ პოზიციას ქართულ ბაზარზე, რაც ბუნებრივია, სამომავლოდ დააზიანებს მომხმარებელთა უფლებებს და ნეგატიურ ეფექტს მოახდენს პროდუქციის ხარისხსა და მრავალფეროვნებაზე. ამასთანავე, ცხადია, რომ ქართული წარმოების გაჩერება გამოიწვევს დარგში დასაქმებულთა უმუშევრობას და საბოლოო ჯამში, ადგილობრივი კონკურენტის გარეშე დარჩენილ ბაზარზე, ერთი მხრივ, მოხდება ფასების განუხრელი ზრდა და მეორე მხრივ, ისედაც გაზრდილი კონტრაბანდის მასშტაბები - კიდევ უფრო გაფართოვდება.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თავისუფალი და სამართლიანი კონკურენცია ასრულებს უმთავრეს ფუნქციას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაში, პროდუქტიულობასა და ბაზრის ლიბერალიზაციაში.
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით აკრძალულია ეკონომიკურ აგენტებს შორის ისეთი გარიგების დადება ან შეთანხმებული ქმედების განხორციელება, რომლის მიზანია კონკურენციის შეზღუდვა. ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი განსაკუთრებით საზიანო შეზღუდვად მიიჩნევს პირდაპირ და არაპირდაპირ, შესასყიდი ან გასაყიდი ფასის ანდა სხვა სავაჭრო პირობის ფიქსაციას.
მიგვაჩნია, რომ საჯარო ინტერესს წარმოადგენს საფუძვლიანად იქნას გამოკვლეული აღნიშნული საკითხი. ამდენად, ორგანიზაციამ 2023 წლის 13 იანვარს განცხადებით მიმართა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს და ქართული თამბაქოს ბაზრის დაცვის მიმართულებით, შესწავლის, მონიტორინგისა და საჯარო ადვოკატირების მიმართულებას გააძლიერებს.