სასამართლომ აფხაზეთში რეგისტრირებული ქორწინების იურიდიული ფაქტი დაადგინა და ქორწინება აღადგინა

21 მარტი, 2023

2023 წლის 21 მარტის სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზეთში რეგისტრირებული ქორწინების იურიდიული ფაქტი დადგინდა. აღდგენილი იქნა აფხაზეთის ა/რ ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარას სასოფლო საბჭოს მიერ რეგისტრირებული ქორწინების აქტი. შედეგად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დაინტერესებული მხარის მიმართ ქორწინების მოწმობას გასცემს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლობით, მოქალაქის წინაშე არსებული მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოქალაქე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ აფხაზეთში, 1988 წლის 22 თებერვალს. მეუღლეები ცხოვრობდნენ ქ. ოჩამჩირეში და 1992-93 წლების სამხედრო-შეიარაღებული კონფლიქტის დროს, იძულებული გახდნენ დაეტოვებიათ მშობლიური ქალაქი. მხარემ თავისი იურიდიული ინტერესის ფარგლებში, განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის საქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ცნობის მომზადება ქორწინების აქტის გაცემასთან დაკავშირებით, მაგრამ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის საქალაქო რეესტრის სამსახურის 2022 წლის 3 ნოემბრის წერილის თანახმად, მას გენემარტა შემდეგი: „ქორწინების განმეორებითი მოწმობა არ გაიცემა, ვინაიდან 1987-1989 წ.წ. ოჩამჩირის რაიონის მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის არქივებში დაცული არ არის“.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უდავო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს: იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ. სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა. სასამართლო განიხილავს საქმეებს: მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის ან შვილად აყვანის ფაქტების დადგენის შესახებ.

ორგანიზაციის იურისტებმა მოქალაქის იურიდიული ინტერესის ფარგლებში სასარჩელო განცახდებით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს იურიდიული ფაქტის დადგენა. სასამართლომ დაადგინა იურიდიული ფაქტი მასზედ, რომ მხარეთა შორის აფხაზეთის ასსრ ოჩამჩირის რაიონის კოჩარას სასოფლო საბჭოში, 1988 წლის 22 თებერვალს შედგა რეგისტრირებული ქორწინება და აღდგენილი იქნა რეგისტრირებული ქორწინების აქტი.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცანავამ მიიღო. განმცხადებლის ინტერესები სასამართლოში არჩილ კაიკაციშვილმა და გიორგი ტარტარაშვილმა წარმოადგინეს.  



კომენტარები