პოლიტიკური ვარიაციების მიღმა, საჭიროა დაიწყოს გამოძიება და წარმოდგენილი იქნეს ობიექტური სამხილები

6 აპრილი, 2023

პოლიტიკური ვარიაციების მიღმა, საჭიროა დაიწყოს გამოძიება და საჭიროა წარმოდგენილი იქნეს კონკრეტული მტკიცებულებები, არის თუ არა კორუმპირებული კონკრეტული მოსამართლე ან სასამართლო სისტემა. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების შეფასებას შეეხება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, პარტნიორი ქვეყნის ბრალდება ქართულ სასამართლოში ელიტური კორუფციის არსებობის, სასამართლოს მმართველობითი რგოლის წარმომადგენელთა დადანაშაულება უკანონო საქმიანობაში მთლიანად თრგუნავს სისტემის გამართულად ფუნქციონირებას და უარყოფითად აისახება ინდივიდუალური მოსამართლის როლზე. კანონმდებლობით განმტკიცებული ყველა დეკლარირებული პრინციპი - სასამართლოს დამოუკიდებლობა, სასამართლოს საქმიანობაში ჩაურევლობა, მოსამართლის ხელშეუხებლობა და მასთან დაკავშირებული სოციალური დაცვის გარანტიები, რეალურ მნიშვნელობას კარგავს, როდესაც სახეზეა  მითითება სისტემაში კორუფციულ გარიგებებზე. ამდენად, მაღალი საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია წარმოდგენილი იქნეს მამხილებელი დოკუმენტაცია და დაიწყოს საკითხზე სამართლებრივი რეაგირება - საქართველომ, როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ შექმნილ სკანდალს უნდა უპასუხოს სწრაფი, ეფექტიანი და გამჭვირვალე გამოძიებით.

საზოგადოებას აქვს მოლოდინი დადგინდეს სიმართლე - ბრალდება დასაბუთებულია თუ წარმოადგენს პოლიტიკურ დემარშს ე.წ. ანტიდასავლური განწყობების საპასუხო გადაწყვეტილების სახით.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებამდე 8 თვით ადრე, ქვეყნის სასამართლო სისტემაში არამხოლოდ მმართველობითი რგოლის წამომადგენლების, არამედ მოქმედი მოსამართლეების კორუმპირებულებად გამოცხადება, კანდიდატის სტატუსის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთვის, მნიშვნელოვანი შეფერხება იქნება.

მით უფრო, ევროკავშირის რეკომენდაციის 12-პუნქტიან გეგმაში ცალკე ადგილი ეთმობა  გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას, ელიტური კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმებს, რასაც ნაკლებად მოსალოდნელია ახლადშექმნილი ანტიკორუფციული სააგენტო საერთოდ გაუმკლავდეს.

ამდენად, ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ერთის მხრივ დაადასტუროს პარტნიორ სახელმწიფოებთან - აშშ-თან და ევროკავშირთან სტრატეგიული ურთიერთობების გაგრძელების შეუქცევადი პროცესი, გააძლიეროს ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში აქტიური მონაწილეობა, მეორეს მხრივ გამოხატოს ღიაობა პოლიტიკური და სამართლებრივი ბრალდებების საპასუხოდ, რაც ეროვნული ინტერესების მქონე საკითხია. 



კომენტარები