2023 წლის 4 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით, ცნობილი კომპოზიტორი და პიანისტი ცოტნე ზედგინიძე, კანონიერი წარმომადგენლის - მამის თანხმობის გარეშე, ბერლინსა და როტერდამში დაგეგმილ მუსიკალურ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, სასამართლოს წარმოებაშია არასრულწლოვანთა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, ალიმენტის დაკისრებისა და ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის უფლებაზე სარჩელი. ერთ-ერთი არასრულწლოვანი - ცოტნე ზედგინიძე ცნობილი კომპოზიტორი და პიანისტია. სასამართლოს შვიდგზის - 2021 წლის 20 სექტემბერს, 2021 წლის 8 ნოემბერს, 2022 წლის 31 მაისს, 2022 წლის 28 ივნისს, 2023 წლის 23 თებერვალს, 2023 წლის 17 მარტს და ახლა უკვე - 4 მაისს, მოუხდა ცოტნე ზედგინიძის საერთაშორისო ღონისძიებებში გამგზავრებასთან დაკავშირებით მამის თანხმობის (მონაწილეობის) გარეშე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.
სწორედ ჰუმანური მოსამართლის დამსახურებაა ცოტნეს საერთაშორისო აღიარებები და წარმატებების მიღწევა, ვინაიდან ბავშვის საუკეთესო ინტერესების სწორად განსაზღვრამ შესაძლებლობა გააჩენა ახალგაზრდა კომპოზიტორი და პიანისტი მსოფლიოს გაეცნო. შესაბამისად, გაეცნო საქართველო და მისი კულტურის ახალი თაობის წარმომადგენელი. ამის დასტურია 2022 წლის „Audi“-ის საზაფხულო კონცერტსა (ფესტივალსა) და ვერბიერის ფესტივალზე ცოტნეს გამოსვლა და შეფასებები. შემდეგ - მმართველობითი სააგენტოს „HarrisinParrott”-ის ცოტნე ზედგინიძისა და მისი მუსიკალური პედაგოგის, ნინო მამრაძის მიმართ გამოგზავნილი მოწვევა. 2023 წლის მარტში, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ცოტნემ გახსნა ტელეკომპანია „Mezzo”-ს 25 წლის იუბილის აღსანიშნავი კონცერტი და დაუკრა საერთაშორისო მსმენელის წინაშე. ის ფაქტი, რომ გაჩნდა ახალი კონტაქტებისა და მუსიკალურ საზოგადოებაში ცოტნეს მიმართ შეუქცევადი ინტერესი, მეტყველებს კიდევ ერთი მოწვევა, რომელიც ამჟამად დაგეგმილია ბერლინსა და როტენდამში.
ცოტნე ზედგინიძის მიმართ კვლავ იქნა წარმოდგენილი მოწვევა. კერძოდ, 2023 წლის 31 მარტის როტერდამის (ქვეყანა: ნიდერლანდები) ფილარმონიული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელის ფლორის დონის წერილით დგინდება, რომ ცოტნე მიწვეულია როტერდამში, De Doelen-ის საკონცერტო დარბაზში, 2023 წლის 11 მაისს ჩანიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, სადაც ორკესტრი შეასრულებს გუსტავ მალერის მეორე სიმფონიას მთავარი დირიჟორის ლაჰავ შანის ხელმძღვანელობით. ამასთან, კიდევ ერთი წერილით - 2023 წლის 12 აპრილის ლიზა ბათიაშვილის ფონდის მმართველი დირექტორ მარი-ლუიზ შაიტერერის მომართვით დგინდება, რომ ცოტნე თავის მუსიკალურ პედაგოგ ნინო მამრაძესთან ერთად, 2023 წლის 12 მაისიდან 19 მაისამდე, მიწვეულია ბერლინში (ქვეყანა: გერმანია) პროგრამის შესასრულებლად, მაესტრო დენიელ ბარენბოიმთან ერთად კერძო გამოსვლისა და მოსმენის შესაძლებლობის ჩათლით.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აგრძელებს არასრულწლოვანთა კანონიერი ინტერესების დაცვას და მიესალმება ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებზე მორგებულ მართლმსაჯულებას. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ჭინჭარაულმა მიიღო. არასრულწლოვანთა ინტერესებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს.