ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ 24.05.2023 გამოქვეყნებულ საჯარო დოკუმენტს პასუხობს, რომელიც შეეხება საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების შეფასებას და ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გზობავასთან მიმართებით გაკეთებულ დასკვნებს. კერძოდ, სტატიაში: „ვინ არიან და რა კავშირები აქვთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ არამოსამართლე წევრებს“ აღნიშნულია, რომ გიორგი გზობავას წარმდგენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებს“ პარლამენტისთვის კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება არ ჰქონდა და იმ პირობებში როდესაც, პარლამენტში წარდგენილი და მოპოვებული დოკუმენტაციის თანახმად, „ახალგაზრდა ადვოკატებს“ საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება არ ჰქონდა, პარლამენტის მიერ საბჭოს წევრად გიორგი გზობავას არჩევა კანონის ცალსახა დარღვევაა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, საზოგადოებისთვის გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, ვინაიდან გიორგი გზობავას კანდიდატურა პარლამენტს დადგენილი ყველა წესის დაცვით წარედგინა. კერძოდ, ორგანიზაციამ 2022 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის კანდიდატურად შემდგომი განხილვისა და მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს პარლამენტს წარუდგინა გიორგი გზობავას, რუსუდან კვინიკაძისა და ლია მუხაშავრიას კანდიდატურები.
ორგანიზაციამ 2022 წლის 14 ნოემბერს წერილით პარლამენტს დამატებით წარმოუდგინა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებდა ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ გამოცდილებას საერთო სასამართლოებში საქმისწარმოების განხორციელებასთან დაკავშირებით. ამასთან, 2022 წლის 7 დეკემბრის წერილით, დამატებით იქნა წარმოდგენილი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებები, რომელიც ადასტურებდა, რომ ორგანიზაცია საერთო სასამართლოებში მისი ხელმძღვანელის მონაწილეობით ახორციელებდა წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. მომართვას თან დაერთო 4 საქმესთან დაკავშირებით, შერჩევითი პრინციპით მიღებული გადაწყვეტილებები. ამის შემდეგ, ყველა კანდიდატს მოუსმინა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა და პარლამენტს ორგანიზაციის მიერ წარდგენილი არც ერთი კანდიდატურის წარდგენასთან მიმართებით შენიშნვა არ გამოუთქვამს.
ამდენად, გაუგებარია, რას ეფუძნება ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ან რატომ ჩაითვალა მისი მხრიდან „ახალგაზრდა ადვოკატები“ პროფესიულად იმდენად მოუმზადებელ ორგანიზაციად, რომ მას გადაედგა არამხოლოდ კანდიდატების საზიანო ნაბიჯი, არამედ გამოევლინა კანონის ღია უცოდინრობა და ყოფილიყო არაკომპეტენტური.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2023 წლის 24 მაისს წერილით მიმართა ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და აღინიშნა, რომ ვინაიდან მასალის მიზანი არ უნდა იყოს სხვა იურიდიული პირის დისკრედიტაცია, საქმიანი რეპუტაციის შელახვა, მოთხოვნილი იქნა წარმოდგენილი იქნეს წერილობითი პოზიცია, თუ რითი მტკიცდება საჯარო განცხადება რომ - „„ახალგაზრდა ადვოკატებს“ პარლამენტისთვის კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება არ ჰქონდა“ და „იმ პირობებში როდესაც, პარლამენტში წარდგენილი და ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტაციის თანახმად, „ახალგაზრდა ადვოკატებს“ საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება არ ჰქონდა, პარლამენტის მიერ საბჭოს წევრად გიორგი გზობავას არჩევა კანონის ცალსახა დარღვევაა“.
ორგანზიაციამ, 2023 წლის 24 მაისს, აგრეთვე წერილობით უკვე მიმართა საქართველოს პარლამენტს და მოითხოვა გიორგი გზობავას წარდგენასთან დაკავშირებით ყველა ოფიციალური მიმართვის გასაჯაროვება, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, თუ სამართლებრივად რაოდენ ზუსტი, ამომწურავი, გამართული და დადგენილ წესებთან შესაბამისი დოკუმენტაცია იქნა წარდგენილი პარლამენტისთვის.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიზანი, წარმოდგენილი საჯარო შეფასებით იმ ხაზის ჩვენებაა, რომ საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე არჩეული წევრები დამოუკიდებელი პირები არ არიან და სასამართლოს საზიანო გადაწყვეტილებებში მონაწილეობდნენ.
ჩვენ, ცხადია, აქცენტს ვერ გავაკეთებთ სტატიაში დასახელებულ შოთა ქადაგიძის, წარსულში, ორგანიზაციის მიერ, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილ და მხარდაჭერილ არამოსამართლე წევრის თუ თავად გიორგი გზობავას პერსონალურ განცხადებებსა თუ გადაწყვეტილებების ხარისხზე, რაც სტატიაში იქნა გადმოცემული. ხდება ისე, რომ არც ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რომელიმე პოზიცია ყოფილა გაზიარებული თავის მიმდევრებსა და მხარდამჭერებში. ამიტომაც, არც პერსონების შეხედულებები, არავითარ შემთხვევაში, არ გამოხატავს ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეხედულებებს და შეიძლება ცალკეულ შემთხვევებში, ორგანიზაცია არც კი იზიარებდეს მათ აზრს. ამდენად, დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიმე ორგანიზაციის მიერ რომელიმე არჩევით პოზიციაზე რომელიმე კანდიდატურის წარდგენის საჯარო კრიტიკაც დასაშვებია, თუმცა როდესაც პროცესს თან სდევს დაუსაბუთებელი ბრალდებები, აუცილებელია დეტალური განმარტებების წარმოდგენა და საზოგადოების წინაშე ელემენტარული ანგარიშვალდებულება.
სამწუხაროდ, ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ცრუ ინფორმაციასთან ერთად, დაუმსახურებელ ცილისწამებასაც ავრცელებს, რა დროსაც ამავე მასალაში აღნიშნულია, რომ „ორგანიზაციას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ქართული ოცნების ე.წ. აქტივისტებს“. ამ განცხადების წყაროდ მითითებულია ჟურნალისტ თამარ ჩერგოლეიშვილის გამოცემა: „ტაბულა“ და ამავე გამოცემის 2017 წლის 3 ოქტომბრის სტატია: „უზენაესმა სასამართლომ ჩერგოლეიშვილზე ახალგაზრდა ადვოკატების საჩივარი არ მიიღო“. თავის მხრივ, დასახელებული მასალა მთლიანად აგებულია დამახინჯებულ ფაქტებზე, მათ შორის მსჯელობა იმის შესახებ, რომ „ახალგაზრდა ადვოკატები" აქტიურად ებრძოდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს იმ პერიოდში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების სხვა შტოების თავდასხმის ობიექტიც იყო, არის სრული ტყუილი.
მთელმა საზოგადოებამ, პროფესიულმა წრემ და სასამართლო სისტემამ კარგად იცის, რომ 2007 წლის ივნისში, საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადატანის შემდეგად, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი პაპუაშვილს საკუთრების უფლებით, სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად გადასცა ქონებაჩამორთმეულ როლანდ ბლადაძის საცხოვრებელი ბინა, რომელიც მრავალწლიანი სამართლებრივი ბრძოლის შედეგად, სწორედ „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის არჩილ კაიკაციშვილის პირადი ძალისხმევის შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით, სახელმწიფოს, გიორგი პაპუაშვილსა და როლანდ ბლადაძეს შორის ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების შედეგად, პირვანდელმა და ერთადერთმა კანონიერმა მესაკუთრემ დაიბრუნა. ეს იყო პრეცედენტი, არადა ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, სამწუხაროდ, არც 2007 წელს და არც შემდგომ წლებში, გამოხმაურება არ გაუკეთებია ქართულ სასამართლო სისტემაში მიხეილ სააკაშვილის მხრიდან იმ მასშტაბის კორუფციულ გარიგებაზე, რა დროსაც მოსამართლეებს სოციალური დაცვის საბაბით საკუთრების უფლებით საჩუქრად ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლები გადაეცა.
ჩვენ ვამაყობთ, რომ „ახალგაზრდა ადვოკატები“ არის დამოუკიდებელი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2012 წლის ივლისიდან აქტიურად მონაწილეობს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და სამართლებრივი საკითხების განხილვაში. ჩვენი ერთადერთი შემოსავალია იურიდიული მომსახურებიდან მიღებული თანხები, რადგანაც სწორედ დამოუკიდებელი შეხედულებების გამო, მცდელობების მიუხედავად, ვერ მოვიპოვეთ საგრანტო დაფინანსება. საგრანტო სფერო და პოლიტიკა საქართველოში სულ უფრო ჩაკეტილი, მონოპოლიზირებული და პოლიტიკური ბრძოლის იარაღი ხდება. სწორედ გრანტის გარეშე, ჩვენ შევძელით არაერთი მოქალაქის დარღვეული უფლების დაცვა და ყოველთვის ვაჩვენებთ მაგალითს, რომ ადამიანის უფლებებისთვის ზრუნვა შესაძლებელია პროფესიული ღირებულებებისა და ერთგულების ხარჯზე. ამდენად, ის ფაქტი, რომ 2017 წელს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ორგანიზაცია ადამიანის უფლებების დაცვისა და პროფესიული ერთგულებისთვის, სპეციალური სიგელით დააჯილდოვა, ხოლო 2022 წლის იანვარში, ორგანიზაცია გახდა არასამთავრობო ორგანიზაციების მსოფლიო ასოციაციის (WANGO) სრულუფლებიანი წევრი, მიუთითებს მხოლოდ საუკეთესო მაგალითებზე.
ორგანიზაციის პოზიცია არაერთხელ გამხდარა დისკუსიის საფუძველი მას შემდეგ, რაც „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პრინციპული პოზიცია დაასაბუთეს 2003-2012 წლებში, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის, სისტემური დანაშაულებისა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების კანონშეუსაბამო მოქმედებების თაობაზე. ორგანიზაციის მკვეთრი პოზიცია დასახელებულ პერიოდში სისტემური დანაშაულის საქმეებზე, ცალკეული ჯგუფების მხრიდან აღქმულია, როგორც მიკერძოებული დამოკიდებულება. შესაბამისად, ორგანიზაციის ბიოგრაფიის ნაწილია ცალკეული სასამართლო დავებიც, რომლიც მიზნად „ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანი რეპუტაციის დაცვას და ცილისწამებით მიყენებული ზიანის აღდგენას გულისხმობს. ერთ-ერთ ასეთ საქმეს ნამდვილად წარმოადგენდა ჟურნალისტ თამარ ჩერგოლეიშვილთან წარმოებული დავაც. ჩვენ გამოვაქვეყნეთ დასკვნა თამარ ჩერგოლეიშვილის მეუღლის, გიგა ბოკერიასა და მისი ოჯახის მილიონიან შემოსავლებზე, რაზეც თამარ ჩერგოლეიშვილმა ორგანიზაციას 2014 წელს „ქართული ოცნების“ „აქტივისტები“ უწოდა. სადავო განცხადებამ განვლო სასამართლოს კონტროლი, სადაც თამარ ჩერგოლეიშვილი ამტკიცებდა, რომ გამონათქვამი ექცეოდა ჟურნალისტის თავისუფლების ფარგლებში და არ იქნა გაზიარებული ორგანიზაციის მტკიცება ცილისწამებაზე. შესაბამისად, თავად თამარ ჩერგოლეიშვილმა სასამართლოში წარმოდგენილი პოზიციით განმარტა, რომ სადავო გამონათქვამის დამამტკიცებელი დოკუმენტი არ გააჩნდა და სასამართლომ გადაწყვეტილება აზრის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
ამდენად, ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უნდა ესმოდეს, რომ მეტი წინდახედულება და გადამოწმებაა საჭირო პროცესის მონაწილე ერთი მხარის, ამ შემთხვევაში, თამარ ჩერგოლეიშვილის საკუთრებაში არსებული მედიით გავრცელებული მასალის დამოწმების დროს, თუ რამდენად შეესაბამება იგი სიმართლეს, როდესაც ავტორიტეტულ ორგანიზაციას გააჩნია პრეტენზია, რომ გადამოწმებულ და ზუსტ ინფორმაციას ასახავს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არ არის მისი თვითმიზანი. ამდენად, მასალაში გამოყენებული განცხადება: „ორგანიზაციას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ქართული ოცნების ე.წ. აქტივისტებს“, მიგვაჩნია, რომ ემსახურება ამ ორგანიზაციის ნდობისა და რეპუტაციის შელახვას და ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატებს“ აქვს საკმარისი მტკიცებულება, რომელიც არათუ გამორიცხავს რომელიმე პარტიასთან აფილირებას, არამედ მმართველ პარტიასთან რაიმე ფორმით დაკავშირება სასამართლოს სხვა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით, დადგენილია, რომ უსაფუძვლო და ცილისწამებაა (იხ. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ახალგაზრდა ადვოკატები, მურმან დუმბაძე და ახალგაზრდა ადვოკატები, გიორგი გაბუნია და ახალგაზრდა ადვოკატები).
ამასთან, პროფესიული საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2012 წლის ივლისში, „ახალგაზრდა ადვოკატების“ დამფუძნებელი პირები, ერთ შემთხვევაში - 2015 წლის 28 იანვრიდან, მეორე შემთხვევაში - 2018 წლის 27 დეკემბრიდან, არავითარ მონაწილეობას არ ღებულობდნენ ორგანიზაციის საქმიანობაში და მათი უფლებამოსილება შეჩერებული იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის მიხედვითაც. ორგანიზაციაში გადაწყვეტილების მიმღები პირი არის ხელმძღვანელი და აღმასრულებელი გუნდი, რომელიც ღია და გამჭვირვალე კონკურსის წესით შეირჩევა. შესაბამისად, ორგანიზაცია დროის არც ერთ ეტაპზე პასუხისმგებელი ვერ იქნება მისი ყოფილი დამფუძნებელი წევრების სხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჩართულობის გამო, რაც წარმოადგენს ინდივიდუალურ არჩევანს და ამ არჩევანს გავლენა არ მოუხდენია, როგორც ორგანიზაციის თავისუფლებაზე, ისე აღმასრულებელი გუნდის არც ერთი წევრის დამოუკდიებლობაზე.
ორგანიზაციის სამოქალაქო პოზიციისა და ჩართულობის მაგალითს წარმოადგენს 2017 წელს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ დავით ასათიანის წარდგენა და მხარდაჭერა, 2017 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შოთა ქადაგიძის წარდგენა და მხარდაჭერა, 2017 წელს, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის შესარჩევ კონკურსში ქეთევან ბექაურის წარდგენა და მხარდაჭერა, 2016 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად თემო ჭეიშვილის წარდგენა და მხარდაჭერა, 2015 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძის წარდგენა და მხარდაჭერა, 2012 წელს საქართველოს სახალხო დამცველად ლია მუხაშავრიას კანდიდატურის წარდგენა და მხარდაჭერა, 2022 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად გიორგი გზობავას, რუსუდან კვინიკაძისა და ლია მუხაშავრიას კანდიდატურების წარდგენა.
შესაბამისად, ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენი გააზრებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობას, მათ შორის ინიციატივების ფარგლებში და არავის მივცემთ საშუალებას მცირედი ჩრდილი მიაყენოს ორგანიზაციის საქმიან რეპუტაციას და ისტორიას. ამდენად, ორგანიზაცია მოუწოდებს ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეცვალოს გამოქვეყნებულ დასკვნაში მცდარი და დაუზუსტებელი ფაქტები ან დაამტკიცოს ბრალდების სისწორე, რომ „„ახალგაზრდა ადვოკატებს“ პარლამენტისთვის კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება არ ჰქონდა“ ან/და „იმ პირობებში როდესაც, პარლამენტში წარდგენილი და ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტაციის თანახმად, „ახალგაზრდა ადვოკატებს“ საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება არ ჰქონდა, პარლამენტის მიერ საბჭოს წევრად გიორგი გზობავას არჩევა კანონის ცალსახა დარღვევაა“. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკითხს გადაწყვეტს სასამართლო.