საკასაციო სასამართლომ შრომით დავაზე ხელახლა მიმართვის უფლებაზე პრეცედენტული განმარტება გააკეთა

28 ივნისი, 2023

2023 წლის 27 ივნისის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-6 ნაწილთან მიმართებით, მნიშვნელოვანი პრაქტიკული განმარტება იქნა გაკეთებული, რითაც სამსახურიდან გათავისუფლებული პირის სასარგებლოდ აღინიშნა, რომ სასამართლოს მიერ დასაქმებულის მიერ აღძრული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მას უფლება აქვს, იმავე სარჩელით განმეორებით მიმართოს სასამართლოს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების ან სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერ ძალაში შესული განჩინების მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

სასამართლომ განმარტა კანონის მოქმედების ფარგლები და სამართლებრივი ხარვეზი, რომელიც მოქმედი ნორმის ინტერპრეტაციას ქმნიდა და სარჩელის განმეორებით მიმართვა დაუქვემდებარა მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული განჩინების ჩაბარებიდან პერიოდის ათვლას, დღეს მოქმედი რედაქციით კი არავითარი დათქმა არ არსებობს, თუკი პირს გასაჩივრებული ექნებოდა აღძრული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სასამართლოს განჩინება, უნდა დალოდებოდა თუ არა ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების შედეგებს და ამის შემდეგ მიემართა ხელახლა სასასამართლოსთვის თუ განჩინების მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა მოეხდინა სარჩელის ხელახლა წარდგენა, იმის მიუხედავად, გაასაჩივრებდა თუ არა მას ზემდგომ ინსტანციაში.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოების წარმოებაშია შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა, რომელიც შეეხება სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. ყოფილი თანამშრომელი შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ 2021 წლის 11 მაისის ბრძანებას ასაჩივრებს, რომლითაც სამსახურიდან დათხოვნა მოხდა.

2021 წლის 14 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, სარჩელის წარმოებაში მიღებას ეთქვა უარი. 2021 წლის 21 ივნისს, მხარემ წარმოადგინა კერძო საჩივარი და კანონით დადგენილ ვადაში, გაასაჩივრა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება. ამასთან, მოსარჩელე არ დაელოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ პოზიციას და 2021 წლის 20 აგვისტოს, კვლავ მომართა სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს.

2022 წლის 7 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო. სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 46-ე მუხლის მე-6 ნაწილის შინაარსზე: დასაქმებულს უფლება აქვს, დამსაქმებლის წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. სასამართლოს მიერ დასაქმებულის მიერ აღძრული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში დასაქმებულს უფლება აქვს, იმავე სარჩელით განმეორებით მიმართოს სასამართლოს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების ან სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და აღნიშნა შემდეგი:

  • სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მან სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა, ხოლო ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე კვლავ აღძრა სარჩელი სასამართლოში, ვინაიდან საქართველოს შრომის კოდექსის 48.6 მუხლი მხარეს არ ართმევს სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას, თუმცა შრომით სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალური ორგანული კანონი შრომის კოდექსი პირდაპირ უთითებს, რომ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის განჩინების ჩაბარებიდან და არა განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 დღის ვადაში უნდა აღძრა სარჩელი. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსთან შედარებით, იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი და სპეციალური კანონის შრომის კოდექსის დებულებები უნდა იქნეს გამოყენებული სარჩელის გასახილველად უარი თქმის შესახებ განჩინება.

 

  • ჩაბარებიდან სარჩლის სასამართლოში ხელახლა აღძვრის უფლებამოსილებასთან მიმართებით, რაც განპირობებულია შრომით სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკით და მოსარჩლისათვის შრომის კოდექსის 48.9 მუხლით მინიჭებულია უფლებით მოითხოვოს იძულებითი განაცდური შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდისათვის, რის გამოც შრომით სამართლებრივი ხასიათის სარჩლის აღძვრის სპეციალური შემჭიდორებული და სპეციფიკური წესის ლეგიტიმური მიზნია ასეთი კატეგორიის დავის შემჭიდოებულ ვადებში, როგორც აღძვრას ასევე განხილვას, რათა მინიმალიზებული იქნეს დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყება. შესაბამისად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ ხანდაზმულია, ვინაიდან დარღვეულია შრომის კოდექსის 48.6 მუხლით განსაზღვრული სასამართლოსათვის მიმართვის სპეციალური ვადა, რაც სამართლებრივად გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

2022 წლის 3 ოქტომბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება, არ დაეთანხმა სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის საკითხს და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნა ამავე ინსტანციის სასამართლოს.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა მომჩივანი მხარის სამართლებრივი პოზიცია მასზედ, რომ კანონის დასახელებული ჩანაწერი მოითხოვდა პრაქტიკულ განმარტებას და შეუძლებელია აღნიშნული განცალკევებით ყოფილიყო განხილული მართლმსაჯულების აქტის გასაჩივრების თანმდევი იურიდიული შედეგის მხედველობაში მიღებისგან, როდესაც მას აქვს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრების კონსტიტუციური უფლება. სარჩელი ხანდაზმული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელე მიიღებდა განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ, არ გაასაჩივრებდა ზემდგომ ინსტანციაში და არც ასეთი განჩინების ჩაბარებიდან 30-დღიანი ვადის დაცვით არ წარადგენდა ხელთავიდან სარჩელს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ მხრიდან, თუმცა 27.06.2023 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ საკასაციო საჩივარმა დასაშვებობის კანონით დადგენილი ზღვარი ვერ გადალახა და განუხილველად იქნა ცნობილი. ორგანიზაცია საკითხზე საერთო სასამართლოების მხრიდან დაფიქსირებული მსჯელობების მხედველობაში მიღებით, არ გამორიცხავს მოამზადოს საკანონმდებლო წინადადება და საქართველოს პარლამენტისგან მოითხოვოს საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-6 ნაწილის ნორმატიული შინაარსის დაკონკრეტება. კერძოდ, შემდეგი რედაქციით: სასამართლოს მიერ დასაქმებულის მიერ აღძრული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში დასაქმებულს უფლება აქვს, იმავე სარჩელით განმეორებით მიმართოს სასამართლოს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების ან სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერ ძალაში შესული განჩინების მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმე მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილმა განიხილა, სააპელაციო ეტაპზე მოსამართლე მერაბ ლომიძემ, ხოლო საქართველოს უზენაესს სასამართლოში ალექსანდრე წულაძემ.



კომენტარები