სასამართლო მამუკა ხაზარაძის მხარეს დგას და არც პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალ გადაწყვეტილებას იღებს

5 ივლისი, 2023

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ლისის ტბის მართვაზე პასუხისმგებელ კომპანიებს შორის წილების დაბრუნების საკითხზე, რომელიც ლისის ტბის გარშემო არსებული მიწის ნაკვეთის (საერთო ფართით 63,5 ჰა) და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების ყოფილ მფლობელ რამაზ ახვლედიანსა და ბიზნეს-პარტნიორ მამუკა ხაზარაძის ყოფილ კომპანია „თბილისის უძრავი ქონებას“ შორის მიმდინარეობდა, მამუკა ხაზარაძის ინტერესები გაიზიარა და რამაზ ახვლედიანის მოთხოვნები, ხანდაზმულობის გამო, არ დააკმაყოფილა. სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება 2023 წლის 5 ივლისს, მოსამართლეების: გოჩა ჯეირანაშვილის (თავმჯდომარე), ლაშა თავართქილაძისა და ოთარ სიჭინავას შემადგენლობით მიიღო.

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, რამაზ ახვლედიანის წარმომადგენლის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კრიტიკას ვერ უძლებს და მხარის პოზიციები განპირობებული არ არის არასასურველი შედეგით. საქმის ყველა დოკუმენტი არამხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის არარსებობაზე მეტყველებს, არამედ მამუკა ხაზარაძის კომპანიის რამაზ ახვლედიანის მიმართ არაკეთილსინდისიერ მოქმედებებზე, მაგრამ სასამართლო, უკვე მერამდენედ, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, არ იღებს რამაზ ახვლედიანის სასარგებლო კანონიერ გადაწყვეტილებას. რამაზ ახველდიანის საქმე ცხადყოფს, რომ სასამართლო გავლენებისგან ბოლომდე თავისუფალი არ არის. სასამართლო ახორციელებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დამღუპველია, 2012 წლამდე ხელისუფლების პირობებში დაჩაგრული ადამიანები კი სამართალს კვლავ ვერ აღწევენ, რადგანაც პოლიტიკური ოლიგარქები, როგორიცაა ამ საქმისთვის მამუკა ხაზარაძე, ერთი ხელით, ქვეყანაში მართლმსაჯულების არარსებობაზე საუბრობს, მეორე ხელით კი შეუძლია სასამართლო დაიქვემდებაროს და სასურველი შედეგები კანონის უზენაესობის საწინააღმდეგოდ განისაზღვროს. სამწუხაროდ, ეს არ არის დამოუკიდებელი სასამართლოს საუკეთესო მაგალითი, რაც სამარცხვინოს ხდის მთლიანად პროცესს და სასამართლოს მხრიდან წარმოადგენს რამაზ ახველდიანის დარღვეული უფლებების აბუჩად აგდების მცდელობას.

რამაზ ახვლედიანი თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საქართველოს უზენაესს სასამართლოში გაასაჩივრებს, საზოგადოებას კი სასამართლოს და პოლიტიკოსების ფარული გარიგებების მიუხედავად, დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საქმის შემდგომ მსვლელობასა და გარემოებებზე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ გაგრძელდება რამაზ ახვლედიანის დარღვეული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სამართლებრივი პროცესი. ამ კუთხით, ლისის ტბის მართვაზე პასუხისმგებელ კომპანიებს შორის წილების დაბრუნების საქმე უშუალოდ ეხება მამუკა ხაზარაძეს და რამაზ ახვლედიანთან ერთად, ერთობლივი საქმიანობით დაფუძნებულ სააქციო საზოგადოებას, რომელიც ამ დრომდე, სრულიად უსაფუძვლოდ, არ ახდენს რამაზ ახვლედიანს დაუბრუნოს კუთვნილი 2/3 წილი.

დგინდება, რომ მამუკა ხაზარაძის მფლობელობაში არსებულ შპს „თბილისის უძრავი ქონებასა“ და რამაზ ახვლედიანის მფლობელობაში არსებულ შპს „ტურისტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი ლისის ტბას“ შორის, ლისის ტბის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის აღდგენა-განვითარების მიზნით, 2004 წლის 6 დეკემბერს გაფორმდა განზრახულობათა ოქმი, რომლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ სამოქმედო 12-პუნქტიან გეგმაზე. მხარეებმა დააფუძნა ს.ს. „ლისის ტბა". დასახელებული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე 2021 წლის მაისამდე გახლდათ მამუკა ხაზარაძე, თავმჯდომარის მოადგილე კი - დღემდე რამაზ ახვლედიანი.

ს.ს. „ლისის ტბას" საწესდებო კაპიტალის შესავსებად, რამაზ ახვლედიანი იღებდა ვალდებულებას, რომ იგი განახორციელებდა ქონებრივ შენატანს ქ. თბილისში, ლისის ტბის გარშემო არსებული მიწის ნაკვეთის (საერთო ფართით 63,5 ჰა) და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების სახით აღნიშნული ქონების მის საკუთრებაში გადმოფორმებისთანავე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ს.ს. "ლისის ტბას" შექმნის დღეს რამაზ ახვლედიანი შპს "თბილისის უძრავ ქონებას" დაუთმობდა შპს „ტურისტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსის ლისის ტბის" წილის 2/3-ს (66.66%-ს). იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ობიექტური მიზეზის გამო რამაზ ახვლედიანი ვერ შეძლებდა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვას და ს.ს. "ლისის ტბას" საწესდებო კაპიტალის შევსებას, შპს „თბილისის უძრავი ქონება რამაზ ახვლედიანს დაუბრუნებდა შპს „ტურისტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსის ლისის ტბის" წილს - 2/3-ს (66.66%-ს).

რამაზ ახლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და აღენიშნა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა. მოგვიანებით, ჩამორთმეული ქონება რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორს, პირდაპირი მიყიდვის წესით, მამუკა ხაზარაძეს გადაეცა.

რამაზ ახვლედიანმა ვერ შეძლო განზრახულობათა ოქმით გათვალისწინებული პირობის შესრულება, შპს „თბილისის უძრავმა ქონებამ" კი არ მოახდინა წილის დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ რამაზ ახვლედიანმა ობიექტური მიზეზების გამო, ს.ს. „ლისის ტბის" საწესდებო კაპიტალში, ვერ შეძლო 63,5 ჰა მიწის ნაკვეთისა და მასზედ განთავსებულ შენობა-ნაგებობების შენატანა, შპს თბილისის ტურისტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი "ლისის ტბა" ექსკლუზიურად ფლობდა საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზიას, რაც რამაზ ახვლედიანს და შპს თბილისის ტურისტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი "ლისის ტბას" საიმედო პარტნიორად აქცევდა, როგორც შპს "თბილისის უძრავი ქონებისთვის", ასევე მამუკა ხაზარაძისთვის, თუმცა 2014 წლის ივნისში, რამაზ ახვლედიანმა მიიღო გადაწყვეტილება სააქციო საზოგადოება „ლისის ტბის“ დატოვების თაობაზე და მოითხოვა კუთვნილი წილების დაბრუნება, თუმცა უშედეგოდ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით შეფასდა, რომ რამაზ ახლედიანს სადავო წილის გადაცემის მოთხოვნა უნდა დეაყენებინა 2006 წლის 4 ნოემბრიდან სამი წლის განმავლობაში, რაც არ განუხორციელებინა. შესაბამისად, სასამართლომ მოთხოვნა მიიჩნია ხანდაზმულად, მაგრამ მხარე საქმესთან არსებული მტკიცებულებების, ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი დასკვნების ერთობლიობით ასაბუთებს, რომ  მოთხოვნის ათვლა უნდა დაიწყოს 2014 წლის ივნისიდან, რა დროსაც, რამაზ ახვლედიანმა მიიღო გადაწყვეტილება სააქციო საზოგადოება „ლისის ტბა“ დაეტოვებინა თაობაზე და დაებრუნებინა კიდეც კუთვნილი წილები, რაც შპს „თბილისის უძრავ ქონებას“ არ დაუბრუნებია, რომლის ვალდებულებაც კომპანიას გააჩნდა დაუყოვნებლივ, რამაზ ახვლედიანის მიერ განზრახულობათა ოქმის პირობების მიხედვით, სასამართლოს მიერაც დადგენილი ობიექტური საფუძვლებით ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის გამო და იმის მიუხედავად, მხარეთა თანამშრომლობა გაგრძელდა თუ - არა. 

ცნობისთვის: 2015 წლის 13 თებერვალს რამაზ ახვლედიანმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შპს „ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ლისის ტბის" საწესდებო კაპიტალში შპს „თბილისის უძრავი ქონების" სახელზე რეგისტრირებული 66,6835% წილის მესაკუთრედ ცნობა. სასამართლომ გამოიყენა უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა დაადო სადავო რეგისტრირებულ წილს. 2018 წლის 9 მარტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოებული რამაზ ახვლედიანის სხვა დავის გათვალისწინებით, სასამართლომ წილების საქმეზე საქმის წარმოება შეაჩერა და 2021 წლის 28 იანვარს წარმოება განაახლა. 2022 წლის 7 მარტს, სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება მისცა რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორმა მამუკა ხაზარაძემაც. მისი ჩვენება ლისის ტბის საქმეზე აქამდე არსებულ იმ სადავო საკითხებზე ზუსტ წარმოდგენას ქმნის, თუ როგორ მოხდა ხელისუფლების ზეწოლა რამაზ ახვლედიანის მიმართ, რატომ აირჩია პარტნიორის დაჩაგვრის დროს მამუკა ხაზარაძემ დისტანცირებული ურთიერთობები, რა მოლაპარაკებები აწამოა მამუკა ხაზარაძის კომპანიებმა მაშინდელ მთავრობასთან, რეალურად, რა ფასად იყიდა მამუკა ხაზარაძის კომპანიებმა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია და რამდენად კეთილსინდისიერი შემძენი აღმოჩნდა მამუკა ხაზარაძის ჯერ „ლისი 2007“, შემდეგ „ფროფერთი დეველოპმენტ ჰოლდინგი“ და ბოლოს, „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“ იმ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების შეძენის დროს, რომლის ფარგლებშიც მოექცეა რამაზ ახვლედიანის ლისის ტბის მიმდებარედ არსებულ 63,5 ჰა მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები.

საქმეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე), ლაშა თავართქილაძე და ოთარ სიჭინავა განიხილავდნენ, პირველი ინსტანციის სასამართლოში კი - მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე, რომელმაც სამართალწარმოების მიმდინარეობისას, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე 5 წუთით ადრე, საპაექრო ეტაპზე, რამაზ ახვლედიანს მიმართა და ერთმნიშვნელოვნად უთხრა, რომ სარჩელი ხანდაზმული იყო და ვერ დაკმაყოფილდებოდა, რითაც მხარის დარწმუნებით, მოსამართლემ დაარღვია მოსამართლის ეთიკის კოდექსის მე-6 მუხლისა (მოსამართლემ მართლმსაჯულება უნდა განახორციელოს რომელიმე მხარისადმი მიკერძოების, ფავორიტიზმის ან წინასწარი განწყობის გამოვლენის გარეშე. იგი უნდა მოერიდოს ისეთ ქცევას, რომელიც პროცესის მონაწილეებს ან საზოგადოებას შეუქმნის რწმენას, რომ მან გადაწყვეტილება მიიღო მტკიცებულებების წარდგენამდე და მხარეთა არგუმენტების მოსმენამდე) და მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის აუცილებელი პირობა (მოსამართლეს ეკრძალება მის წარმოებაში არსებული საქმის შედეგზე წინასწარ მითითება, გარდა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული (მაგ.: მორიგების მიზნით დავის გადაწყვეტის შესაძლო შედეგებზე მითითება და სხვ.) განმარტებების მიცემისა), რამაც ჯერ კიდევ საწყისს ეტაპზე შექმნა მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.



კომენტარები