კინორეჟისორების, დოკუმენტალისტების, ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლების განცხადება

16 ივლისი, 2023

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ და კინორეჟისორები, დოკუმენტალისტები, ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საქართველოს კულტურის მინისტრ თეა წულუკიანისა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის მიმართ, სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ და წართმეული ქონების დოკუმენტური და სამეცნიერო პოპულარული ფილმების სტუდიისთვის დაბრუნებას მოითხოვენ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს.

„ჩვენ, იურისტები, ხელოვნების დარგის წარმომადგენლები, კინორეჟისორები და კინოდოკუმენტალისტები, ერთობლივი განცხადებით გვსურს მივმართოთ საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს კულტურის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს და ეკონომიკის მინისტრს, ბატონ ლევან დავითაშვილს, მათ, ვისაც ხელეწიფებათ ჩვენი პრობლემის მოსმენა, განხილვა და გადაწყვეტა, ქართული კინოს დახმარება და მისი წარმომადგენლების წინაშე დაშვებული სისტემური შეცდომების გასწორება, სამართლიანობის აღდგენა და დოკუმენტური და სამეცნიერო პოპულარული ფილმების სტუდიის მხარდაჭერით, კინო-ინდუსტრიის მხარდაჭრა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დოკუმენტური და სამეცნიერო პოპულარული ფილმების სტუდია „რაკურსი“, წლების მანძილზე, მუხლჩაუხრელად ედგა ქართული დოკუმენტური კინოს შექმნას და ამ სტუდიამ შექმნა საზოგადოებისთვის და დოკუმენტური კინემატოგრაფიისთვის ღირებული მრავალი კინონაწარმოები.

2011 წლის ივნისი, ივლისი და აგვისტო, საბედისწერო აღმოჩნდა სტუდიის საქმიანობის მომავლისათვის. დროის ამ მონაკვეთში, კინო-დოკუმენტალისტებმა გამოაქვეყნეს ჟურნალისტური გამოძიება - დოკუმენტური ფილმი: „გიფსოკარდონი: თბილისის დანაშაულებრივი რეაბილიტაციის ქრონიკა“, რომელიც შეეხებოდა დ. აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში არსებულ კორუფციას. შედეგად, მაშინდელმა ხელისუფლებამ, პირადად პრეზიდენტ სააკაშვილისა და თბილისის მერ უგულავას ერთობლივი ღონისძიებით, გადაწყვიტეს სტუდიის საქმიანობის შეჩერება, კინორეჟისორებისა და კინოდოკუმენტალისტების დასჯა და 2011 წლის 1 აგვისტოს, სახელმწიფომ ძალადობის გზით, მოახდინა სტუდიის დარბევა.

საზოგადოებას ახსოვს და ჩვენ კვლავ ვუჩვენებთ იმ დოკუმენტურ კადრებს, თუ რა ფორმით და საშუალებებით მოხდა სტუდიის საქმიანობის შეჩერება, თანამშრომლების შენობიდან გაყრა და დემონტაჟის წარმოება. ამ ფორმით, სახელმწიფოს ძალმომრეობის შედეგად, არამხოლოდ განეიტრალდა მაშინდელი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული რეჟისორების და დოკუმენტალისტების პოზიცია, არამედ სახელმწიფომ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიისაკუთრა სტუდიის მართლზომიერ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა, ქალაქის ცენტრში, მარჯანიშვილის N9 ნომერში მდებარე 211.40 კვ.მ შენობა-ნაგებობის ფართი, რომელიც ჯერ გადავიდა თბილისის განვითარების ფონდის, შემდეგ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და დღევანდელი მდგომარეობით, მთავრობის საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრებაში.

ამ ვანდალური აქტიდან 13 წელი გავიდა, და ჩვენი კინორეჟისორები და დოკუმენტალისტები, შეუჩერებლად აგრძელებდნენ წართმეული ქონების დაბრუნებაზე სამართლებრივ ბრძოლას, დარღვეულ უფლებებში აღგენას, რაც არაერთმა მოქალაქემ და იურიდიულმა პირმა მიაღწია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, მაგრამ მთავრობის, საგამოძიებო უწყების და სახელმწიფო უფლებამოსილი უწყებების დაპირებების მიუხედავად, ჩვენ ვხედავთ სრულ უმოქმედობას და სახელმწიფოს მხრიდან მოქნეული ხელის ნებსით და უნებლიეთ გამართლებას, საკითხის შეფერხებას მმართველობის საშუალო რგოლიდან მაღალი რგოლის შუალედში, საგამოძიებო ორგანოში - წართმეული ქონების დაბრუნებისთვის კანონიერი მოქმედებების არარსებობას, გადაწყვეტილების მიმღებ უწყებებში კი - უპასუხობას და კანონის უზენაესობის მიმართ ინდიფერენტულ დამოკიდებულებას, რაც მთლიანობაში, საზიანოდ აისახება არამხლოდ კინომატოგრაფიის დარგის განვითარებაზე, არამედ უარყოფითად აისახება ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხზე და ჩვენს დამსახურებულ რეჟისორებს დაუმსახურებლობასთან ერთად, უტოვებს სრულ რწმენას და წარმოდგენას, რომ წართმეული ქონების დაბრუნებაზე ბუნდოვანი პოზიციები ემსახურება ქონების მიმართ ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირის კერძო ინტერესს ან პოლიტიკურ ინტერესს, ოპოზიციური შეფერილობის განწყობების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა საბოტაჟი მოუხდინონ სამართლიანობის აღდგენის მთავრობისეულ იდეას.

ამიტომაც მივმართავთ, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ქალბატონ თეა წულუკუანს და ბატონ ლევან დავითაშვილს.

გთხოვთ, დაინტერესდეთ, რა განაპირობებს წართმეული ქონების მიმართ, ქონების დღევანდელი მესაკუთრე საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 5 წლის წინ, მთავრობიდან წასული მინისტრ გიორგი ქობულიას მიერ დანიშნული კადრის, მოქმედი დირექტორ გიორგი დუგლაძის ხისტ პოზიციას, რომ დოკუმენტალისტებს არ გვხდება, სტუდიის უფლების დარღვევის ფაქტს არ აღიარებს, უარით გვპასუხობს მორიგების მიზით ორგზის წერილობით წარდგენილ საქმიან წინადადებებს, უარს გვეუბნება საკითხის მედიაციაში გადატანაზე და ქონების წართმევის ფაქტს არათუ 2011 წელს ვერ ხედავს, არამედ ვერც 2023 წლის მდგომარეობით ხედვას.

ბოლოსდაბოლოს, ბატონი გიორგი დუგლაძე 2011 წელს გაზეთ “New York Times”-ის საქართველოს წარმომადგენლობის კომერციული დირექტორი გახლდათ და საუკეთესოდ მოეხსენება, ღამის ნოტარიუსების, 1 ლარად გადაფორმებული ქონებების, სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვებული ქონებების საკითხი, მაგრამ საჯარო წყაროებით არ იძებნება ანალიტიკური მასალა ან რაიმე კომენტარი, რომელიც მედიის სფეროდან მას დაეწრეოს ან ეთქვას, იგი ან მაშინ ამართლებდა ან ახლა ამართლებს ქონებების წართმევის პოლიტიკას, რასაც მოწმობს მისი დღევანდელი დამოკიდებულება ცნობილი ქართველი რეჟისორების, დოკუმენტალისტებისა და სამეცნიერო წრის მოთხოვნაზე, რომ „რაკურსს“ დაუბრუნდეს წართმეული ქონება, ფართი, რომლის გამოყენებაც კვლავ კინოს შექმნას და მის შემდგომ აღორძიენებას მოხმარდება.

ჩვენ ხელთ გვიჭირავს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 სექტემბრის განჩინება, რომლითაც გიორგი დუგლაძის უწყებას აეკრძალა სტუდია რაკურსის სადავო ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. ეს გადაწყვეტილება გიორგი დუგლაძის უწყებამ გაასაჩივრა. ჩვენ ხელთ გვიჭირავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინება, რომლითაც ქონების გასხვისებაზე სააპელაციო პალატამაც უარი უთხრა გიორგი დუგლაძის უწყებას. ჩვენ ხელთ გვიჭირავს სასამართლოს განჩინება, რომლითაც გიორგი დუგლაძის სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უარი ეთქვა საქმის წარმოების შეწყვეტაზე და სტუდია რაკურსის სარჩელის განუხილველად დატოვებაზე. ჩვენ ხელთ გვიჭირავს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნა, რომელიც ადგენს, რომ ქონების მთლიანი საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 278 400 აშშ დოლარს ექვივალენტ ლარში, მაგრამ სააგენტო ამ დოკუმენტზე, სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით ამბობს, რომ ამას არ აქვს საქმისთვის მნიშვნელობა. ამდენად, ყოველივე ეს ბადებს ლეგიტიმურ შეკითხვებს - ადგილი აქვს პრობლემის მიმართ სახელმწიფოებრივი თვითშეგმებით მიდგომას თუ ადგილი აქვს ჩვეულებრივ პოლიტიკურ საბოტაჟს, როდესაც სახელმწიფომ კინოს, როგორც დარგის მიმართ, სწორი სახელმწიფო პოლიტიკა შემოგვთავაზა.

ამიტომაც, ჩვენი მივმართავთ მთავრობას, რომ მოხდეს საკითხის ძირფესვიანი შესწავლა და კანონიერი გადაწყვეტილებების მიღება დარღვეული უფლებების სასარგებლოდ. მოხდეს დავის მორიგებით დასრულების მიზნით, ჩვენი საქმიანი წინადადებების განხილვა, უწინარესს ყოვლისა, შეხვედრა სააგენტოში.

წერილი, რომ ქონების ეროვნული სააგენტო იმოქმედებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არის არა ირაკლი ღარიბაშვილის მთვრობის საჯარო სამართლის იურიდიული პირის გონივრული პასუხი, არამედ პრეზიდენტ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის მთავრობის  საჯარო სამართლის იურიდიული პირის პასუხი. სასამართლო, რა თქმა უნდა, მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას, იგი დროში გახანგრძლივებული პროცესია, მაგრამ ჩვენ არ გვსურს სახელმწიფოს მოვთხოვოთ ზიანი 1 მილიონი ლარი, რომელიც ბიუჯეტიდან, ხალხის ფულიდან და არა - გიორგი დუგლაძის პირადი ჯიბიდან უნდა ანაზღაურდეს. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ საკითხის მოგვარებას, დიალოგს და ალტერნატიული წინადადებების განხილვას.

ამდენად, ჩვენ ვთხოვთ საქართველოს პრემიერ მინისტრს, პირად კონტროლზე აიყვანოს დოკუმენტური და სამეცნიერო პოპულარული ფილმების სტუდია „რაკურსის“ საკითხი, ეკონომიკისა და კულტური მინისტრებმა მიიღონ ყველა ზომა სამართლიანობის აღდგენის პროცესში, საკითხში გარკვევისა და წართმეული ქონების ნამდვილი, ერთადერთი და პირვანდელი მართლზომიერი მფლობელების, მოსარგებლეებისა და მესაკუთრეების მიმართ დაბრუნებისთვის, რათა ჩვენმა გამოცდილმა კინორეჟისორებმა, დოკუმენტალისტებმა და კინომ გააგრძელოს განვითარების გზა" - ნათქვამია განცხადებაში. 



კომენტარები