მეუღლემ, რომელმაც განქორწინება წამოიწყო, სასამართლომ 500,000 ლარის ღირებულების ქონება დაუყადაღა

17 სექტემბერი, 2023

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 სექტემბრის განჩინებით, მეუღლეს, რომელმაც განქორწინება წამოიწყო, 500,000 ლარის ღირებულების ქონების გასხვისება აუკრძალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გავრცელებულია 5 ფართზე, 1 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, 1 ავტოფარეხსა და 3 ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელთა საბაზრო ღირებულება ნახევარ მილიონს აღემატება. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია სამეწარმეო კომპანიებში საწესდებო კაპიტალში სადავოდ ქცეული რეგისტრირებული და არარეგისტრირებული წილების გასხვისება და სხვაგვარად დატვირთვა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ საერთო სასამართლოებში ყოფილი ქალბატონი მეუღლის ინტერესებს წარმოადგენს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეები 2015 წლის ივლისიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ შეეძინათ ორი საერთო შვილი. ქალბატონი 2022 წლის სექტემბერში სასწავლებლად, მოკლევადიანი პროგრამით გაემგზავრა საზღვარგარეთ. სწორედ დროის ამ მონაკვეთში, მამაკაცმა ღალატის საფუძველზე დაანგრია ოჯახი, რაც საქართველოში დაბრუნებამდე ცნობილი გახდა მოსარჩელისთვის. მხარეთა შორის შედგა კომუნიკაცია და თავდაპირველ სურვილს წარმოადგენდა, სასამართლოსადმი მიმართვის გარეშე მომხდარიყო შეთანხმება ქონებრივ და არაქონებრივ საკითხებზე. ამ მიზნით, გაფორმდა და სანოტარო წესით დამოწმდა დოკუმენტი: „შეთანხმება განქორწინების, ქონების გაყოფის, არასრულწლოვან შვილებზე ზრუნვისა და მათი რჩენაზე პასუხისმგებლობის თაობაზე“, მაგრამ დოკუმენტის მიხედვით, მამაკაცმა მხოლოდ განქორწინების პირობა შეასრულა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლობით, ქალბატონმა სარჩელით მიმართა სასამართლოს რეგისტრირებულ ქორწინებაში შეძენილი უძრავი და მოძრავი ქონების გაყოფაზე, რეგისტრირებული და არარეგისტრირებული წილებზე საკუთრების უფლების მოპოვების, ვალად აღიარებული თანხისა და არასრულწლოვანების მიმართ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით. სასამართლომ სარჩელი უხარვეზოდ ცნო და განსახილველად მიიღო.



კომენტარები