მთავრობის პროგრამის ცენტრალური მონაწილე საზოგადოებაა

22 ნოემბერი, 2013

„ახალაგზრდა ადვოკატები“ ქვეყნის დემოკრატიზაციისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლებების განმტკიცების მიმართულებით ორიენტირებულს უწოდებს საქართველოს მთავრობის პროგრამას და მიიჩნევს, რომ დოკუმენტი პასუხობს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებსა და მისაწრაფებებს, ქვეყნის წინაშე არსებულ სადღეისო გამოწვევებსა და იძლევა პრობლემებთან გამკლავების საშუალებას. ამის შესახებ For.ge-ის პრეს–კლუბში 22 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის იურისტმა, ლევან ბერაძემ განაცხადა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს მთავრობის პროგრამაში, სამი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნება იკითხება, რომელიც წინა მმართველობის პერიოდში, მთლიანად იგნორირებული იყო. კერძოდ, მისასალმებელია განახლებული მთავრობის დაპირება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, რეფორმების განხორციელებაში საზოგადოების აქტიური მონაწილეობა და მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის ხელშეწყობა. ასეთი მიდგომები შესაძლებელს ხდის მთავრობამ ეფექტური მმართველობა განახორციელოს და ხელისუფლების მთავარი წყარო – ხალხი რეალურად დაბრუნდეს პოლიტიკაში. ორგანიზაციის პოზიციით, ახალ მთავრობას ფუნდამენტურად სწორი ხედვა გააჩნია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მართლმსაჯულების რეფორმა, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი საჯარო მმართველობის სისტემა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ახალი პრემიერ–მინისტრისა და განახლებული მთავრობის მცდელობები, ქვეყანაში განმტკიცდეს დემოკრატია და ადამიანის უფლებები, არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო ჩართულობის ფონზე განხორციელდება. ამ მიმართულებით, მთავრობა ყურადღებას დაუთმოს გადაწყვეტილებების მიღების დროს ახალგაზრდების ხედვებსა და ჩართულობას. ორგანიზაცია საჭიროდ მიიჩნევს, სახელმწიფომ მეტი გააკეთოს ახალგაზრდული პოლიტიკის პრინციპების განხორციელებისთვის, რომელიც ერთ–ერთი გამოკვეთილი ნიშანი – თანამონაწილეობას გულისხმობს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ვფიქრობთ, რომ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა უფრო აქტიური გახდება. ორგანიზაცია, 2013 წლის აგვისტოდან ანხორციელებს პროექტს: „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისფლებასთან“, რომლის ფარგლებშიც, უკვე არაერთი შეხვედრა შედგა სამინისტროების პირველ პირებთან.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობის მომავალ საქმიანობას ოპტიმისტურად აფასებს და ამასთან, ხაზს უსვამს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებებს, ქვეყნისთვის ისტორიულ მომენტში მიღებული გადაწყვეტილებებისთვის. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის გადასვლა სამოქალაქო სექტორში კიდევ უფრო მეტად ზრდის საზოგადოების პასუხისმგებლობას, როგორც მთავრობის კონტროლის, ასევე ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრებისათვის. ამასთან, ორგანიზაცია მიესალმება ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სამოქალაქო კამპანიას: „მე ვამბობ მადლობას“, რომელიც საზოგადოების მადლიერების საუკეთესო გამოხატულებად შეიძლება მივიჩნიოთ. 



კომენტარები