საკონსტიტუციო სასამართლო ერთზე მეტი სასწავლო გრანტის მიღების კანონიერებაზე საქმის განხილვას იწყებს

26 ოქტომბერი, 2023

2023 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომას გამართავს, რომლის თანახმადაც, საქართველოში, ერთზე მეტი სასწავლო გრანტის მიღების აკრძალვა, შესაძლოა, გაუქმდეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქართველოში, სწავლის თითოეულ საფეხურზე ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის შეზღუდვა, შესაძლოა, გაუქმდეს და ერთი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით, შესაძლოა სამაგისტრო გრანტიც მხოლოდ ერთხელ აღარ გაიცეს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მოთხოვნილია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შესაბამისი მუხლების საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად გამოცხადება.

დღეს მოქმედი წესის თანახმად, „დაუშვებელია ერთსა და იმავე პირისათვის სწავლის თითოეულ საფეხურზე ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა.“ „მაგისტრანტი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსდება მხოლოდ ერთხელ, ერთი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების, მიხედვით.“ „დაუშვებელია ერთსა და იმავე პირისათვის სწავლის თითოეულ საფეხურზე ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა. მაგისტრანტი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსდება მხოლოდ ერთხელ, ერთი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით“.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს კონსტიტუციის 27–ე მუხლის მიხედვით, „ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება“. ამავე მუხლის მე–2 პუნქტის მიხედვით, „მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.“ განათლების უფლება კონსტიტუციით აღიარებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ადამიანის პიროვნული განვითარების ძირითად ფაქტორს წარმოადგენს. ამ მიზნების აღსასრულებლად, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას განსაკუთრებით წარჩინებული შედეგების მქონე პირებს, მიანიჭოს უმაღლესი განათლების სტადიაზე დაფინანსების მიღების შესაძლებლობა. განათლების წახალისების მიზნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო სწავლის საფეხურებზე აწესებს სასწავლო გრანტს. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სადავო ნორმების შესაბამისად, პირს შეზღუდული აქვს უფლება და შესაძლებლობა, რომ უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე სახელმწიფო გრანტი ერთზე მეტად მოიპოვოს. აღნიშნული დანაწესი მოდის წინააღმდეგობაში როგორც სარჩელში მითითებულ კონსტიტუციურ ნორმებთან, ასევე იმ კანონების მიზნებსა და ამოცანებთან, რომლებიც უმაღლესი განათლების წესებსა და სტანდარტებს ადგენენ.

სადავო სამართლებრივი ნორმები აფერხებს და ზღუდავს პირის შესაძლებლობას, საკუთარი უნარებიდან გამომდინარე, არაერთჯერადად მიიღოს უმაღლესი განათლების მიღებიდან გამომდინარე სიკეთე. მაგალითისთვის, თუკი პირი დაინტერესებულია სამართლით და განათლება მიღებული აქვს ისტორიის მიმართულებით, სახელმწიფო არ უნდა ზღუდავდეს მის შესაძლებლობას, ისწავლოს იმავე, ბაკალავრიატის საფეხურზე, მისთვის საინტერესო მიმართულებით, რაც მის ცოდნასა და უნარებს, როგორც სამართლის, ასევე ისტორიის მიმართ გაცილებით ღრმასა და ხელშესახებს გახდიდა და კონკრეტულ დარგში გამორჩეულ ცოდნას მიანიჭებდა. ამას გარდა, არსებობს დარგები, რომელთა შესწავლის შემთხვევაშიც სტუდენტი, შესაძლოა, სამომავლოდ გაცილებით პერსპექტიული იყოს და მას საკუთარი უნარების წარმოჩენაში სწორედ უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ორი ხარისხი დაეხმაროს.

ქართულ რეალობაში, საკუთარი უნარების რეალიზების შედეგად, სრულიად შესაძლებელია პირი მოხვდეს უმაღლესი განათლების ნებისმიერ დაწესებულებაში, მოიპოვოს სასწავლო გრანტი საკუთარი ცოდნისა და უნარების რეალიზების შედეგად. მიუხედავად ამისა, მისი უფლება, გრანტის მეორედ მიღების თვალსაზრისით არის შეზღუდული. შესაბამისად, პირი კარგავს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვაზე ხელმისაწვდომობას და მიმდინარე პერიოდისათვის დაწესებული საგანმანათლებლო შესაძლებლობის მიღებაზე წვდომას. აქედან გამომდინარე, ორგანიზაციის აზრით, შეზღუდვა არ არის ლეგიტიმური და ხდება განათლების მიღების უფლებაში ჩარევა. ამდენად, აუცილებელია უფლება შეზღუდული სტუდენტებისთვის არსებული შეზღუდვების მოხსნა და მათთვის მეტი განვითარების შესაძლებლობის გადაცემა, რაც, მხოლოდ და მხოლოდ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შედეგად იქნება შესაძლებელი.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკონსტიტუციო სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის ივლისში მიმართა. ორგანიზაციამ სარჩელი მოამზადა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების: ციცი ჭელიძის, სოფიკო ჯიჭონაიას, მარიამი ბარსონიძის, ანა გაგუას, მარიამ შათირიშვილის, სოფიკო თვალაბეიშვილისა და თამარი სტეფანიშვლის აქტიური ჩართულობითა და მათთან ერთობლივი თანამშრომლობით. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.



კომენტარები