ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გაცემულ დადებით რეკომენდაციას ისტორიულ გადაწყვეტილებას უწოდებს და აღნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილება არამხოლოდ ევროინტეგრაციის გზაზე არსებითი ხასიათის ნაბიჯია, არამედ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გარანტიებისთვის პოლიტიკურ, სამართლებრივ და ინსტიტუციურ დამატებით გარანტიებს ქმნის.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიზანს, რაც სრულად ასახავს მოსახლეობის ნებას გახდეს დემოკრატიული ქვეყნების ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი. მნიშვნელოვანია, ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნება და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოებული ძალისხმევის შედეგი. მწვავე პოლარიზაციის, ანტიპარტიული განწყობებისა და დეზინფორმაციის პირობებში, ევროკომისიის გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად ზრდის, როგორც ხალხის, ასევე სახელმწიფოს მომავალი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების საკითხს. ამ კუთხით, სახელმძღვანელო მიმართულებას წარმოადგენს ევროკომისიის 9 რეკომენდაცია საქართველოს მიმართ ყალბი ინფორმაციის აღკვეთის, ევროკავშირის ღირებულებებზე დაფუძნებული, საგარეო პოლიტიკის წარმოების, პარტიებს შორის პოლიტიკური დიალოგის შექმნის, სამართლიანი არჩევნების, მმართველობით სფეროში შემავალი საგამოძიებო და აღმასრულებელი ინსტიტუციების გამჭვირვალობის, ეფექტიანი მუშაობისა და ადამიანის უფლებების სფეროში განსახორციელებელი მოქმედებების შესახებ. ორგანიზციის აზრით, საჭიროა წარმოდგენილი იქნეს მკაფიო და ცხადი გეგმა, რომელიც გამოკვეთს ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებსა და ინსტიტუციებს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქართველომ დამსახურებულად მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის რეკომენდაცია, რაც პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მხოლოდ ერთი წლის დაგვიანებით მოხდა. ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობის, პარტიებს, საზოგადოების წევრებს, თანხმობის პოლიტიკით ქვეყანაში უზრუნველყოფი იქნეს ევროინტეგრაციის პროცესი და მშვიდობა, რომლის გარეშეც შეუძლებელია უსაფრთხოების და განვითარების ელემენტარული პირობების დაცვა.
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენით, იზრდება, როგორც მთავრობის, ასევე პოლიტიკური პარტიების ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე, რაც განუხრელად საჭიროებს ძალისხმევას:
- კანონის უზენაესობის დაცვის მიმართულებით;
- საჯარო მმართველობის გამჭვირვალობას;
- პოლიტიკური გადაწყვეტილებების პროცესში, ხალხის რეალურ თანამონაწილეობას;
- საზოგადოების ინფორმირების გაზრდას ევროინტეგრაციის სიკეთეებზე;
- მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის განმტკიცებას და რეფორმებს.
ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესაძლებლობების ეფექტური განხორციელება, სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით, მიგრაციის სფეროში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელება, ევროკავშირის დახმარების ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარება და ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის იმპლემენტაცია. საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განცხადება 2024 წლამდე არ უნდა გაეკეთებინა, თუმცა რუსეთის უკრაინაზე სამხედრო თავდასხმისა და წარმოებული ომის შედეგად, საერთო მსოფლიო პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება პასუხობს და გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ინტერესებს.