2023 წლის 16 ნოემბერს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პრეცედენტური გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც სააქციო საზოგადოება „მრეწვრკინიგზა“ 2012 წლამდე მოქმედი ხელისუფლების პირობებში წართმეულ 6448.00 კვ.მ, 10705.00 კვ.მ, 46621.00 კვ.მ უძრავ ქონებებს დაიბრუნებს. სასამართლომ სააქციო საზოგადოება წართმეულ ქონებებზე ერთადერთ მესაკუთრედ ცნო და სახელმწიფო დასახელებული ქონებების უკანონო მფლობელად გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, სააქციო საზოგადოება „მრეწვრკინიგზას“ წარმომადგენლის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მიუკერძოებელი მართლმსჯაულების პირობებში, სამართლიანობის აღდგენა და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდა.
„ასეთი შედეგისთვის, ჩვენ სწორედაც უნდა გამოკვეთოთ ინდივიდუალური მოსამართლეების ძალისხმევა აღდგენილიყო დარღვეულ უფლებებში ბიზნესი და კომპანია. გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესს სასამართლოში ეკუთვნის მოსამართლე ბატონ რევაზ ნადარიას, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მოსამართლე ბატონ გელა ქირიას და თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ქალბატონ თამარ ბურჯანაძეს. სასამართლოს სამივე ინსტანციამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უძრავი ქონებების ნამდვილი მესაკუთრისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაუბრუნება დაავალა, რამაც მრავალწლიანი ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისთვის უფლების სასარგებლოდ დასრულდა. ჩვენ სწორედ ასეთი მართლმსჯაულება გვინდა, სადაც ხელისუფლების ერთი შტო ხელისუფლების მეორე შტოს გადაწყვეტილებებს უკანონოდ გამოაცხადებს და არ დაიჩაგრება კეთილსინდისიერი მესაკუთრე“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, საქმის ისტორია მოწმობს, რომ სააქციო საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონებების ნაწილი თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ქვეშ ექცეოდა. შესაბამისად, სახელმწიფომ კერძო მესაკუთრის უფლებების ხელყოფა ძალმომრეობით და უკანონო ჩარევის შედეგად გადაწყვიტა და არა - კანონის საფუძველზე. კომპანიას ქონებები ნების საწინააღმდეგოდ დაათმობინეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით კი დადგინდა, რომ მიღებული გადაწყვეტილებები კანონსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებების ქვეშ ექცეოდა. შედეგად, ბათილად იქნა ცნობილი გადაწყვეტილებები, აღიარებული იქნა კომპანიის საკუთრების უფლება უძრავ ქონებებზე და აღნიშნული ქონებები გამოთხოვილი იქნა უკანონო მფლობელობიდან, რომელიც დღემდე ირიცხებოდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე. მათი დღევანდელი საბაზრო ღირებულება 1 მილიონ ლარს აღემატება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2011 წლის 20 მაისს, ქ. თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის გელა ბარამაშვილის მიერ მოწმის სახით დაიკითხა სააქციო საზოგადოება „მრეწვრკინიგზის“ მაშინდელი დირექტორი და 63% წილის მფლობელი ჯუმბერ შენგელია. ჯუმბერ შენგელიას ნების საწინააღმდეგოდ მოუწია განმარტება იმის შესახებ, რომ 47 906 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 35 706 კვ. მ მიწის ნაკვეთის ფართობის მესაკუთრე სააქციო საზოგადოება არ იყო, რადგანაც აღნიშნულ ფართს საზოგადოება თითქოსდა ფლობდა სამართლებრივი საფუძვლების გარეშე და საზოგადოების რეალურ საკუთრებას წარმოადგენდა მხოლოდ თავდაპირველი, 12 200 კვ. მ მიწის ფართობი, რაც აღრიცხული იყო ტექბიუროშიც და საზოგადოებამ მიიღო მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 და 1998 წლის დადგენილებებით. ჩვენება სრულდება იმ დათქმით, რომ ჯუმბერ შენგელია ნებაყოფლობით აცხადებდა აღნიშნული 47 906 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 35 706 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს სასარგებლოდ სააქციო საზოგადოების საკუთრების უფლების მიტოვებას. აგრეთვე, ჯუმბერ შენგელია ჩვენების დასასრულს აცხადებდა, რომ სურდა სახელმწიფოს სასარგებლოდ ნებაყოფლობით მიეტოვებინა სააქციო საზოგადოების საკუთრების უფლება 10705 კვ.მ მიწის ფართობსა 6448 კვ.მ მიწის ფართობზე, რომელიც მდებარეობდა ლილოს სამრეწველო ზონაში.
ჯუმბერ შენგელია საგამოძიებო ნაწილში აიძულეს ადგილიდან დაერეკა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნანა ორაგველიძისთვის, რათა ამ უკანასკნელს მოეხდინა სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის დოკუმენტური გაფორმება დირექტორის მიერ მითითებულ მიწის ფართობების მიტოვებაზე. შესაბამისად, შედგა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე დგებოდა წინდადადება ქონებების სახელმწიფოს მიმართ უსასყიდლოდ გადაცემაზე.
ამდენად, სამეთვალყურეო საბჭომ ზეწოლის შედეგად, მიიღო ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვებისა და უსასყიდლოდ გადაცემის გადაწყვეტილება.
2012 წლის 26 ნოემბერს, პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, ს.ს. „მრეწვრკინიგზამ“ საჩივრით მიმართა საქართველოს პროკურატურას, სადაც საქმეზე შემაჯემებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
სასამართლო გზით დაიწყო სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოება, თუმცა დაცვის თავდაპირველი არასწორი სამართლებრივი სტრატეგიის პირობებში, საკუთრების უფლების აღიარების შედეგი არ დადგა. თავდაპირველმა ადვოკატმა სამართლებრივი საკითხის გადაჭრას სწორი არგუმენტაცია ვერ დაუხვედრა, იურიდიული მომსახურების სახით, შედეგის დაპირების საფუძველზე, სულ მიიღო - 40,926 ლარი, რაც ამჟამად, ცალკე სასამართლო დავის საგანია. ს.ს. „მრეწვრკინიგზა“ საფუძვლიანად მოითხოვს ზედმეტად (ავანსად) გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას, რაზეც ადვოკატი უარს აცხადებს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, „მრეწვრკინიგზას“ საქმის წარმოებაში 2019 წლიდან ჩაერთო. ორგანიზაციის სამართლის გუნდმა შეძლო გარდამტეხი ცვლილების შეტანა და წართმეული ქონების დაბრუნება ნამდვილი მესაკუთრისთვის. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, უკვე დადგენილია, რომ სახეზეა ნამდვილი მესაკუთრის სასარგებლოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-312 მუხლების საწინააღმდეგო მტკიცება, როდესაც რეესტრის ჩანაწერის უზუსტობამ, დღევანდელი მდგომარეობით, სახელმწიფოს გამოაცალა დასახელებული საკუთრებების ფლობისა და განკარგვის კეთილსინდისიერი, ლეგალური და ობიექტური საფუძველი, რითაც აღიარებით სარჩელს გაუჩნდა წარმატების პერსპექტივა და ვერ იქნა შემოსაზღვრული ხანდაზმულობის ვადებით.
ორგანიზაციის სასამართლო გზით პრობლემის გადაწყვეტას წინ უსწრებდა წართმეული საკუთრების შესახებ მომზადებული სამართლებრივი კვლევა და რეკომენდაციები, რომელიც 2021 წლის მარტში გამოქვეყნდა.
კვლევის შედეგები მაღალი პროფესიული სტანდარტით, ექსკლუზიურად გაშუქდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით, ჟურნალისტ ბელა ზაქაიძის მიერ მომზადებული სიუჟეტით. სასამართლომ, როგორც კვლევა, ასევე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტური მოკვლევა საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო.
ახალი სარჩელით სასამართლოს 2020 წლის ივლისში მიემართა. სასამართლომ გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც და სახელმწიფოს სადავო ქონებების გასხვისება ან/და იპოთეკით დატვირთვა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე აუკრძალა.