სასამართლო ბიზნესმენ არსენ კუტალაძის კუთვნილი წილების დაბრუნებაზე განხილვებს იწყებს

3 დეკემბერი, 2023

2023 წლის 4 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია რესტორან „ურმულის“ პირვანდელი მფლობელის, ბიზნესმენ არსენ კუტალაძის ოჯახის სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც გარდაცვლილი ბიზნესმენის სამ კომპანიაში კუთვნილი წილების დაბრუნებას და წილებზე საკუთრების უფლების აღიარებას შეეხება. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ არსენ კუტალაძე ეწეოდა მრავალმხრივ ბიზნეს-საქმიანობას. კერძოდ, 2011 წლის 13 აპრილიდან გახლდათ დაფუძნებული შპს „ამდ“-ს დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი, 2013 წლის 29 მაისიდან გახლდათ დაფუძნებული შპს „LTD.NAN“-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი, მაგრამ იმავდროულად არარეგისტრირებულ წილს ფლობდა 2005 წლის 28 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „კ.მ.კ & კომპანია“-ში, 2006 წლის 2 მაისს დაფუძნებულ შპს „რადამოტორს“-სა და 2017 წლის 15 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „ა. მ. ტრანს“-ში. კერძოდ, 2005 წლის 28 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „კ.მ.კ & კომპანია“-ში არსენ კუტალაძე ფლობდა 33.3% წილს. 2006 წლის 2 მაისს დაფუძნებულ შპს „რადამოტორს“-ში არსენ კუტალაძე ფლობდა 33.3% წილს. 2017 წლის 15 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „ა. მ. ტრანს“-ში არსენ კუტალაძე ფლობდა 50% წილს.

არსენ კუტალაძე დასახელებული კომპანიებიდან იღებდა შემოსავალს, ახორციელებდა კომპანიების სრულ ფინანსურ მმართველობას, მაგრამ დასახელებულ კომპანიებში რეგისტრირებული წილის მფლობელ ბიზნეს-პარტნიორებთან - მერაბ კუტალაძესთან, რომელიც ძმაა და დავით ქათამაძესთან, რომელთანაც არსებობს მირონით ნათესაობა, სწორედ განსაკუთრებული ნდობისა და ნათესაური ურთიერთობის მხედველობაში მიღებით, წილობრივი მონაცემები ოფიციალურად არ განუსაზღრავთ.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 9 იანვარს ჯერ კიდევ დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა არსენ კუტალაძე, 2019 წლის 7 აგვისტოს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, თუმცა სამკვიდრო ქონების მასაში, აგრეთვე არ აღმოჩნდა 2005 წლის 28 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „კ.მ.კ & კომპანია“-ში, 2006 წლის 2 მაისს დაფუძნებულ შპს „რადამოტორს“-სა და 2017 წლის 15 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „ა. მ. ტრანს“-ში არსებული არსენ კუტალაძის არარეგისტრირებული წილებიც, რომლის ფლობას, არსებობას, ნამდვილობას და შესაბამისი პროპორციულობით ფინანსური სარგებლობის მიღებას ადასტურებს არსენ კუტალაძის ბიზნეს-პარტნიორები, რომლებმაც აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენება უკვე მისცეს შსს . თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს.

საქმეზე წარმოდგენილი, გამოძიებისა და ექსპერტიზის დასკვნით შემოწმებული 2019 წლის 22 თებერვლისა და 2019 წლის 7 მარტის, მათ შორის ოჯახთან ახლოს მყოფი სასულიერო პირის მონაწილეობით შეხვედრების ამსახველი აუდიო ჩანაწერებით დასტურდება არსენ კუტალაძის არარეგისტრირებული წილების არსებობის ფაქტი 2005 წლის 28 სექტემბერს, 2006 წლის 2 მაისსა და 2017 წლის 15 სექტემბერს დაფუძნებულ კომპანიებში, სწორედ იმ მოცულობითა და პროპორციულობით, რაც წარმოდგენილია სასამართლოში მოთხოვნის სახით.

საქმის მასალებით დგინდება, რომ ძმა - მერაბ კუტალაძე და გარდაცვლილი ბიზნესმენის პარტნიორი დავით ქათამაძემ მარინე წამალაიძეს, რომელიც გარდაცვლილის მეუღლეა, დაპირდნენ, რომ არსენ კუტალაძის არარეგისტრირებული წილები რეგისტრირდებოდა არასრულწლოვანი შვილების სახელზე, თუმცა დღემდე - უშედეგოდ. ამდენად, ოჯახმა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით და წილზე საკუთრების უფლების მოპოვებისთვის სასამართლოს მიმართა.

ცნობისთვის: მარინე წამალაიძემ სასამართლოს ოჯახის კუთვნილი წილების დაბრუნების მოთხოვნით, თავდაპირველად, 2020 წლის 12 თებერვალს მიმართა, მაგრამ 2022 წლის 18 აპრილს, ადვოკატმა კლიენტის სათანადო ინფორმირების გარეშე, სასამართლოს სარჩელის განუხილველად დატოვების მოთხოვნა წარუდგინა. შესაბამისად, სარჩელი განუხილველად იქნა ცნობილი. მოგვიანებით, საკითხზე ახალი გარემოებები გამოიკვეთა - 2022 წლის 22 ივნისს მერაბ კუტალაძემ, ხოლო 2022 წლის 9 სექტემბერს დავით ქათამაძემ საგამოძიებო ორგანოში მიცემული ჩვენებებით დაადასტურეს და აღიარეს არსენ კუტალაძის წილების არსებობა ერთობლივ კომპანიებში. შედეგად, 2023 წლის 2 აგვისტოს, მარინე წამალაიძემ ახალი წარმომადგენლის ფარგლებში, კვლავ მიმართა სარჩელით სასამართლოს. ამჟამად, პარტნიორებსა და მოპასუხე კომპანიებს წილების გასხვისების უფლება ან სხვაგვარად უფლებრივად დატვირთვის შესაძლებლობა, სასამართლოს მხრიდან აკრძალული აქვს და დავის მონაწილე მოპასუხე კომპანიებსა და რეგისტრირებული წილის მფობელ პირებს სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, ბიზნესმენ არსენ კუტალაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის შესწავლაც დაიწყო, რომელიც საგამოძიებო პროცესში არსებული შედეგების ანალიზს და საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებების შეფასებას შეეხება. 2019 წლის 9 იანვარს, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის დეპარტამენტის მე-4 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანის მე-9 კმ.-ზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „რომპეტროლის“ ტერიტორიაზე არსენ კუტალაძის გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ბიზნესმენი გარდაცვლილი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების შედეგად იპოვეს, მაგრამ ოჯახი და საქმის სპეციალისტები დასახელებული პირველადი ვერსიის დამაჯერებლობას გამორიცხავენ. არსენ კუტალაძე სახლს ტოვებს დილით, მიემგზვარება შეხვედრაზე, დღის განმავლობაში მასთან კონტაქტი არ ხერხდება, იგი არ პასუხობს შემავალ ზარებს, საღამოს კი სამუშაო ფართში გარდაცვლილი ხდება. საქმის მასალებით დგინდება, რომ არსენ კუტალაძე ბიზნესიდან რეგისტრირებული და არარეგისტრირებული წილებიდან გასვლას და სამშენებლო სფეროში საქმიანობის გაგრძელებას აპირებდა. შესაბამისად, პარტნიორების წინაშე იდგა კუთვნილი წილის კომპენსაციის გადახდის საკითხი, რაც მილიონს აღემატება. შესაბამისად, არ გამოირიცხება ბიზნესმენის დაღუპვა სხვა ფაქტორებით ყოფილიყო შესრულებული, რასაც არც გამოძიება გამორიცხავს, საქმეზე დაისმის პარტნიორებს შორის ურთიერთობის შესწავლაზე შესაბამისი კითხვები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.  

საქმეს მოსამართლე გოჩა დიდავა განიხილავს. 2023 წლის 4 დეკემბრის სხდომა 13:00 საათზე, N46 დარბაზში გაიმართება. მარინე წამალაიძის ინტერესებს ამჟამად „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი იცავს.



კომენტარები