სასამართლომ ქონების ეროვნული სააგენტო ნაკლის მქონე ნივთის განკარგვაში ამხილა და მოიჯარის ინტერესები დაიცვა

29 დეკემბერი, 2023

2023 წლის 28 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დააკმაყოფილა, რომლითაც მოქალაქის მიმართ მოთხოვნილი იქნა საიჯარო ქირის - 34 560 ლარისა და პირგასამტეხლოს - 15,276,56 ლარის დაკისრება. სასამართლომ გაიზიარა მოქალაქის შეგებებული სარჩელით წარმოდგენილი პოზიცია და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოქალაქის სასარგებლოდ დააკისრა უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოქმნილი თანხის გადახდა. საქმეს სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის საიჯარო ურთიერთობებიდან წარმოქმნილი საკითხების მოწესრიგებისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია. აღნიშნულის შესახებ განცხადებას „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ 2019 წლის 27 მარტს, მოქალაქე გამარჯვებულად გამოცხადდა საჯარო აუქციონის წესით ჩატარებულ კონკურსში, რის შედეგადაც, 2019 წლის 08 მაისს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთან გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 10 წლის ვადით. მოქალაქეს სამეწამრმეო საქმიანობის უზრუნველსაყოფად, უნდა გადასცემოდა ობიექტი თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე, მდებარე 880.00 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებული 818.09 კვ.მ ფართიდან 802.79 კვ.მ ფართის და მასზე ნაწილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ N01.19.33.001.082).

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ აუქციონის წესით განკარგა ნაკლის მქონე ნივთი, რაც მოიჯარისთვის შემდგომში გახდა ცნობილი. სააგენტოს მოქალაქისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ნივთით მოსარგებლესთან დასრულებული ჰქონდა სასამართლო დავა და დაკისრებული იქნა ნივთის არამართლზომიერად ფლობიდან ზიანის ანაზღაურებაზე. მოქალაქემ სამეწარმეო მიზნებისთვის აღებული ფართით ვერ ისარგებლა, სააგენტომ კი სასამართლოს მიმართა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის წარმოება დაიწყო. ამ პროცესში, მოქალაქე მესამე პირად იქნა მოწვეული, სამართალწარმოება კი 2022 წლის შემოდგომაზე დასრულდა. დროის ამ მონაკვეთში, სააგენტო მოქალაქესგან მოითხოვდა ყოველთვიური საიჯარო ქირა გადაეხადა იმ ფართისთვის, რომლის სარგებლობასაც ვერ ახორციელებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მიუთითებდა, რომ იჯარის ხელშეკრულება შეწყდებოდა. ამდენად, მოქალაქე იძულებული გახდა 1 წელზე მეტი დროის მანძილზე, ყოველთვიურად სააგენტოს სასარგებლოდ გადაეხადა საიჯარო ქირა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მოქალაქის მონაწილეობა სააგენტოს გამოცხადებულ აუქციონში და აუქციონში გამარჯვების შედეგად მიღებული საიჯარო ფართი ლამინანტისა და ავეჯის დამზადების არსებული საქმიანობის გაფართოების მიზანს უნდა მომსახურებოდა. მოქალაქემ საქმიანობის განხორციელება სწორედ სააგენტოს ბრალეული ქმედების გამო ვერ შესძლო. მას მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, რის შედეგადაც, შესაგებელი სარჩელი აღძრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, რაც სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა - სააგენტო მოქალაქეს ზიანს აუნაზღაურებს.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 25 დეკემბერს, სასამართლოში საქმისწარმოების დასრულების შემდეგ, ელექტრონულ პორტალზე: Auction.ge სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან გამოქვეყნებული იქნა განცხადება იმ უძრავი ნივთის აუქციონის წესით გაყიდვაზე, რომელიც საიჯარო ვალდებულებით გადაცემილი იქნა მოქალაქისთვის. მართალია, განცხადების აღწერილობაში მითითებული იქნა, რომ გასაყიდ ფართზე მოქმედებდა იჯარის ხელშეკრულება 10 წლის ვადით, მაგრამ განაცხადში მიზანმიმართულად არ იქნა მითითებული, რომ შენობას არ გააჩნია აუცილებელი, სავალდებულო მისასვლელი გზა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ უძრავი ნივთის განკარგვის უფლების მიუხედავად, სამწუხაროდ, მოიჯარე კვლავ სათანადო ინფორმირების გარეშე აღმოჩნდა, რაც სააგენტოს არაკეთილსინდისიერ მოპყრობას ადასტურებს. მით უფრო, მოქალაქეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში არსებული ფართი მხოლოდ 2023 წლის 1 მაისს გადაეცა, თუმცა საქმიანობის დაწყება ამ დრომდე ვერ იქნა დაწყებული შენობის სახურავიდან წყლის ინტენსიური ჩადენების, მოუწესრიგებლობისა და გავერანებული გარემოს გამო.

ცნობისთვის: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ სასამართლოს სარჩელის 2022 წლის დეკემბერში მიმართა. საქმე მოსამართლე ელისო ტუკვაძემ განიხილა. მოქალაქის ინტერესებს „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და ორგანიზაციის იურისტი, ქეთევან თანდაშვილი წარმოადგენდნენ.



კომენტარები