სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ყალბი მინდობილობის საფუძველზე წართმეული 231,000 აშშ დოლარის ღირებულის ქონება დაუბრუნა

30 დეკემბერი, 2023

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ჩართულობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ  პირვანდელ და ერთადერთ მესაკუთრეებს - ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს ყალბი მინდობილობის საფუძველზე წართმეული სამი უძრავი ქონება დაუბრუნა, კიდევ სამ უძრავ ქონებაზე კი სამართალწარმოება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით გაგრძელდება. მთლიანობაში, უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულება 430,000 აშშ დოლარს აღემატება, დაბრუნებული ქონების ღირებულება კი 231,400 აშშ დოლარს შეადგენს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცლებეს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც მშობლიურ ქვეყანაში ცნობილი ექიმები გახლავთ, გააჩნდათ საქართველოში დროებითი ბინადრობის მოწმობა და საქართველოში ცხოვრებისა და საქმიანობის გამოცდილება. მათ 2018 წელს საქართველოში შეიძინეს 6 უძრავი ქონება - 5 ბინა და ერთი მიწის ნაკვეთი. 2020 წელს, ახალი კორონავირუსის შედეგად წარმოშობილი აკრძალვების, შეზღუდვებისა და ცხოვრების განსაკუთრებული რეჟიმის გამო, მათი საქართველოს საზღვრის კვეთა არ დაფიქსირებულა. მას შემდეგ, რაც მიწის ნაკვეთზე გამოითქვა ინვესტიციის განხორციელებისა და მრავალბინიანი სახლის მშენებლობის ინტერესი, აღმოჩნდა, რომ უძრავი ქონებები გასხვისებული იქნა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი იქნა უძრავ ქონებებთან დაკავშირებული ყველა მასალა. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებში და უფლებადამდგენი დოკუმენტები, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ 2020 წლის 27 თებერვალს, ვინმე მაჰდი ფაჟანგი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ამზადებს მოჩვენებითი რეკვიზიტებით უძრავი ნივთის ნამდვილი მესაკუთრეების რწმუნებით მინდობილობას, საქართველოში თითქოსდა ამოწმებს ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში, იურიდიულ ძალმოსილებას იძენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტროლის ქვეშ, ახდენს სპარსულიდან ქართულ ენაზე თარგმანს, შინაარსის კვლევის გარეშე, თარგმანს ამოწმებს სანოტარო წესით და იწყებს უძრავი ნივთის გასვისების პროცესს. ამ მოქმედებების შემდეგ, მაჰდი ფაჟანგი უკავშირდება ადვოკატ ანა რომანჩენკოს, მხარეთა შორის დგება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი - მინდობილობა, რომლითაც ანა რომანჩენკოს უფლება ეძლევა გაასხვისოს მაჰდი ფაჟანგის სახელზე უკანონოდ რეგისტრირებული ქონებები, მხარეთა შორის დგება იურიდიული მომსახურების სტანდარტული ხელშეკრულებები, რის შემდეგაც ანა რომანშჩენკო აქტიურად იწყებს ქონებების გასხვისების პროცესს.

საქმის მასალებით დგინდება, რომ ანა რომანჩენკოს მხრიდან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში გასხვისებული იქნა 3 უძრავი ქონება. დარჩენილ 3 უძრავ ქონებაზე, მაჰდი ფაშანგსა და ანა რომანჩენკოს შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულებები უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით. მას შემდეგ, რაც გამოაშკარავდა გაყალბებული მინდობილობის საფუძველზე ქონებების გასხვისების ფაქტი და პროცესი, სასამართლოს მხრიდან გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ანა რომანჩენკოსა და სხვა შემძენთა სახელზე რიცხულ ქონებების გასხვისება და სხვაგვარად უფლებრივად დატვირთვა აიკრძალა. ანა რომანჩენკომ, ამ მოვლენების კვალდაკვალ, 10.02.2023 თავად მიმართა სასამართლოს და მოთხოვა კონვერსია - მაჰდი ფაჟანგთან ნასყიდობის ხელშეკრულებების (გამოსყიდვის უფლებით) ბათილად ცნობა და გარიგებების იპოთეკის ხელშეკრულებებად ცნობა, რაც სხვა სამართალწარმოების ფარგლებში, არ დაკმაყოფილდა. 2023 წლის 6 ივნისის სასამართლოსთვის წარდგენილი განცხადებით, ანა რომანჩენკომ უარი განაცხადა მაჰდი ფაშანგის წარმომადგენლობაზეც.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ წინამდებარე საქმეზე სტრატეგიული სამართალწარმოება განახორციელეს. შედეგად, საქმეზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 17 მაისის წერილი, რომლითაც ცალსახად დადასტურდა, რომ მაჰდი ფაჟანგის მინდობილობა გადაგზავნილი იქნა ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში, რომლის პასუხადაც, საელჩომ დაადასტურა, რომ აღნიშნული დოკუმენტი გაყალბებულია და არ არის დამოწმებული საქართველოში ირანის საელჩოს მიერ. შესაბამისად, საელჩოდან მიღებული ინფორმაცია ეცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს. ამჟამად, საქმეზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამასთან, საქმის მასალებით იკვეთება, რომ სადავო ქონებების გასხვისების პროცესში, ანა რომანჩენკო მაჰდი ფაჟანგს წერს, რომ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმირებულია. ამავე მიმოწერით იკვეთება, რომ ანა რომანჩენკო უძრავი ნივთის ერთ-ერთ შემძენს ატყობინებს, რომ ყურადღება არ მიექცია გასაყიდი ქონების ამონაწერის განახლებისთვის, რომელიც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნებისთვის ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ იყო ქონების გასხვისებამდე 1 დღით ადრე განახლებული და მოუწოდებდა მყიდველს, რომ დაუყოვნებლივ შეეძინა ქონება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა პირზე გაასხვისებდა. შესაბამისად, მხარე ადასტურებდა, რომ როგორც „მყიდველი“, ასევე „გამყიდველი“, არაკეთილსინდისიერ შემძენად უნდა აღიარებულიყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანა რომანენკოს სახელზე რეგისტრირებული და გაუსხვისებელი უძრავი ქონებებზე გარიგებები ბათილად იქნა ცნობილი და მის პირვანდელ და ერთადერთ მფლობელებს დაუბრუნდათ. სასამართლომ განმარტა, რომ გასათვალისწინებელი იყო ფაქტიც, რომ ანა რომანჩენკო თავად მიუთითებდა ნების ნაკლზე და რომ სადავო ხელშეკრულებები წარმოადგენდა ბათილ გარიგებებს. რაც შეეხება გასხვისებულ ქონებებს, რომლის შემძენებიც ერთი ოჯახის წევრები არიან, სასამართლომ მიიჩნია, რომ თითქოსდა მხარე ჯეროვანი მტკიცებულებებით ვერ ადასტურებდა, რომ შემძენმა პირებმა იცოდნენ, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. სასამართლოს პოზიციით, დასახელებული პირების მიერ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები აკმაყოფილებდა ნამდვილი გარიგებისთვის დამახასიათებელ კანონით განსაზღვრულ წინაპირობებს, მათ მიერ გადახდილი იქნა ნასყიდობის ღირებულება და შეძენილ ქონებაში განხორციელებული იქნა სარემონტო სამუშაოებიც. ამდენად გარიგების ბათილად ცნობის და მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა, აღნიშნული კი გამორიცხავდა ძველ მესაკუთრეზე ქონების დაბრუნების შესაძლებლობას. მხარე არ დაეთანხმა სასამართლოს ამ პოზიციას და გადაწყვეტილება ნაწილობრივ გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების გადაწყვეტილება მიიღო ანა რომანჩენკომაც, თუმცა ორგანიზაცია ფიქრობს, რომ აღნიშნული საპროცესო მოქმედება მოსალოდნელი სამართლებრივი პასუხისმგებლობების არიდებისა და „კეთილსინდისიერი მხარის“ სტატუსის შენარჩუნებისთვის ჩვეულებრივი მოჩვენებითი ნაბიჯია.  

ცნობისთვის: სასამართლო საქმეზე სამართალწარმოებას 2021 წლის თებერვლიდან ახორციელებს. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილმა მიიღო. თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმეს მოსამართლე: ეკატერინე ყანჩაველი განიხილავს. ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების ინტერესებს საერთო სასამართლოებში ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს.



კომენტარები