„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ქეთევან თანდაშვილს კონფლიქტოლოგიის კურსის წარმატებული კურსდამთავრებულის სერტიფიკატი გადაეცა

30 დეკემბერი, 2023

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის წევრს, იურისტ ქეთევან თანდაშვილს მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ერთობლივი სასერტიფიკატო კურსების „კონფლიქტის მართვა: სამხრეთ კავკასიის სიტუაციის ანალიზი” და „მედია და კონფლიქტების” წარმატებული კურსდამთავრებულის სერტიფიკატი გადაეცა.

კურსი მიზნად ისახავს საფუძვლიანი პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაზიარებას კავკასიაში არსებული კონფლიქტების შესახებ და მათი პოლიტიკურ-სოციალური და ეკონომიკური გავლენის მიმოხილვას. კურსი შედგებოდა ლექციებისგან, რომელსაც უძღვებოდნენ პრაქტიკოსი ჟურნალისტები, ექსპერტები და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები. პროგრამა განხორციელდა პროექტ: „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში, შვეიცარიული საერთაშორისო ორგანიზაცია „HEKS-EPER"-ის ფინანსური მხარდაჭერით.

ქეთევან თანდაშვილი „ახალგაზრდა ადვოკატების“ გუნდს 2022 წლის ოქტომბრიდან შემოუერთდა. სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ჩართულია სტრატეგიული სამართალწარმოების პროცესში. ახორციელებს მოქალაქეთა სამართლებრივ კონსულტირებას და საჭიროების შემთხვევაში, წარმოადგენს მათ ინტერესებს პირველი ინსტანციის სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან დავაში. მონაწილეობას იღებს კვლევების, მონიტორინგებისა და პროექტების წარმოდგენასა და განხორციელებაში. აგრეთვე, სამართლებრივი დასკვნების მომზადებასა და საზოგადოებრივი თემების შექმნაში. ორგანიზაცია მიულოცავს ქეთევანს პროფესიულ წარმატებას და უსურვებს აქტიურ მოღვაწეობას.



კომენტარები