2024 წელს, არსენ კუტალაძის საქმეზე გადაწყვეტილებებს სასამართლოსთვის ექნება ტესტის მნიშვნელობა

30 დეკემბერი, 2023

„- 2023 წელს ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის ადვოკატირება, რომელიც შეეხება რესტორან „ურმულის“ ჩამორთმევის საქმეს, რომლის ერთადერთი და პირვანდელი მფლობელი გახლდათ არსენ კუტალაძე, ბიზნესმენი, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა და საზოგადოებამ ჩვენი მხრიდან უკვე იხილა ის მასშტაბური სამართალწარმოება, რომელიც ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად დაიწყო, რომელიც ამ საქმეს მიიყვანს ბოლომდე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, 2024 წელს, ამ კუთხით განვახორციელებთ სტრატეგიულ სამართალწამოებას და ვფიქრობთ, რომ ეს ერთ-ერთი საქმეა, რომელიც ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ტესტს აჩვენებს 2024 წლის შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის“ - აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა ვრცლად ორგანიზაციის 2023 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ინტერვიუს დროს ისაუბრა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქმე ეხება სარესტორნო, მოძრავი ტექნიკისა და დისტრიბუციის სფეროში ცნობილი ბიზნესმენის არსენ კუტალაძის გარდაცვალებას და იმ გარემოებების შესწავლას, რომელიც ჭეშმარიტების დადგენის კუთხით მნიშვნელობას იძენს.

2019 წლის 9 იანვარს, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის დეპარტამენტის მე-4 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანის მე-9 კმ.-ზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „რომპეტროლის“ ტერიტორიაზე არსენ კუტალაძის გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ბიზნესმენი გარდაცვლილი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების შედეგად იპოვეს, მაგრამ ოჯახი და საქმის სპეციალისტები დასახელებული პირველადი ვერსიის დამაჯერებლობას გამორიცხავენ.

არსენ კუტალაძე სახლს ტოვებს დილით, მიემგზვარება შეხვედრაზე, დღის განმავლობაში მასთან კონტაქტი არ ხერხდება, იგი არ პასუხობს შემავალ ზარებს, საღამოს კი სამუშაო ფართში გარდაცვლილი ხდება. საქმის მასალებით დგინდება, რომ არსენ კუტალაძე ბიზნესიდან რეგისტრირებული და არარეგისტრირებული წილებიდან გასვლას და სამშენებლო სფეროში საქმიანობის გაგრძელებას აპირებდა. შესაბამისად, პარტნიორების წინაშე იდგა კუთვნილი წილის კომპენსაციის გადახდის საკითხი, რაც მილიონს აღემატება. შესაბამისად, არ გამოირიცხება ბიზნესმენის დაღუპვა სხვა ფაქტორებით ყოფილიყო შესრულებული, რასაც არც გამოძიება გამორიცხავს, საქმეზე დაისმის პარტნიორებს შორის ურთიერთობის შესწავლაზე შესაბამისი კითხვები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

საერთო სასამართლოებში მიმდინარეობს საქმისწარმოება, რომელიც არსენ კუტალაძის სხვადასხვა კომპანიაში რეგისტრირებული და არარეგისტრირებული წილების საკუთრებას შეეხება.

ბიზნესმენის გარდაცვალების შემდეგ, სამკვიდროს მოწმობის გაცნობის შემდეგ, არსენ კუტალაძის მეუღლემ და სამმა არასრულწლოვანმა აღმოაჩინეს, რომ ოჯახის კუთვნილი რესტორანი „ურმული“ უსასყიდლოდ გადაფორმებული იქნა დღევანდელი მფლობელი - მერაბ კუტალაძის სახელზე, რომელიც გარდაცვლილის ძმაა. ამასთან, ბიზნესმენის გარდაცვალების შემდეგ, სამკვიდროს მოწმობის გაცნობის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ არსენ კუტალაძის კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც დროებით სარგებლობაში დაეთმო მერაბ კუტალაძის ოჯახს, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაფორმებული იქნა არასრულწლოვანი ძმისშვილის, მერაბ კუტალაძის შვილის სახელზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ უძრავი ქონებების გადაფორმების შესახებ ოჯახისთვის ცნობილი არსენ კუტალაძის გარდაცვალების შემდეგ გახდა, მაგრამ რესტორნის და საცხოვრებელი სახლის გასხვისება არ იქნა მიჩნეული თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებად, რაც საქმის მასალების მიხედვით, სრულიად მოულოდნელი და მიკერძოებული შედეგი გახდა. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო წესით, ხოლო საქმის მასალებით დადგენილია, რომ მერაბ კუტალაძე არამხოლოდ სარესტორნო ბიზნესში, არამედ მოძრავი ტექნიკისა და სადისტიბუციო სფეროშიც, არსენ კუტალაძის თანამეწილე და პარტნიორია.



კომენტარები