2024 წლიდან „ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდი ახალი მექანიზმით განახლდება

30 დეკემბერი, 2023

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის განახლება 2024 წლიდან ახალი ფორმატით მოხდება და პროფესიაში მყოფი ახალგაზრდა სპეციალისტების რეესტრს შექმნის. იურისტები, რომლებიც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან შესაბამისი კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან, მონაწილეობას მიიღებენ საერთო სასამართლოებში არსებულ ორგანიზაციის მიმდინარე საქმეებზე.

„ - ჩვენ, ამ ფორმატით, გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ იმ როლსა და ფუნქციას, რომელიც ორგანიზაციას თავიდანვე ჰქონდა, რომ იყოს ახალგაზრდული ორგანიზაცია და ყველა ახალგაზრდას ჰქონდეს ამ ორგანიზაციაში თავისი შესაძლებლობების გამოვლენის ფარგლები“ - აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა ვრცლად ორგანიზაციის 2023 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ინტერვიუს დროს ისაუბრა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანობის პლათფორმა, 2012 წლიდან ეფუძნება აღმასრულებელ გუნდის პერიოდულ განახლებას კვალიფიციური და პროფესიონალი ახალგაზრდების მეშვეობით. ორგანიზაციის აღმასრულებელ გუნდში სხვადასხვა დროს მოღვაწე პირები დღეს წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში, კერძო სექტორში, ბიზნესში, ადამიანის უფლებათა სფეროში, საერთაშორისო ორგანიზაციებში. პლათფორმის მიზანიც იმ ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაა, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობას და საუკეთესო ტრადიციებს შეუძლია. აღმასრულებელი გუნდის განახლება მუდმივად ეფუძნება ღია, გამჭვირვალე და მიუკერძოებელ კონკურსის შედეგებს. შესაბამისად, ორგანიზაციის აღმასრულებელ გუნდში მოხვედრა თითოეული კანდიდატის გამოწვევაა, რასაც მუდმივად მოწმობს ყოველი კონკურსის დროს რეგისტრირებულ აპლიკანტთა სიმრავლე.

„ახალგზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდი უკანასკნელად 2022 წელს განახლდა. ორგანიზაციას 2023 წლის საქმიანობის განხორციელება საოფისე ფართის გარეშე მოუწია. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება საოფისე ფართის მესაკუთრის მხრიდან შეწყდა, ვინაიდან უძრავი ნივთი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეზე გასხვისდა. ორგანიზაციას ახალი საოფისე ფართის შეძენისთვის საკმარისი ფინანსური რესურსი არ აღმოაჩნდა, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. მიუხედავად სირთულეებისა, ორგანიზაციის აღმასრულებელმა გუნდმა საქმიანობის უწყვეტობა შეინარჩუნა.



კომენტარები