„ახალგაზრდა ადვოკატები“ 2024 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილებების კონტროლის ახალ ფორმატს შექმნის

30 დეკემბერი, 2023

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სასამართლო გადაწყვეტილებების საზოგადოებრივი კონტროლის სადისკუსიო ფორმატს შექმნის და 2024 წლიდან პროფესიული საზოგადოების მონაწილეობით, არაერთ ღონისძიებას და განხილვას გამართავს. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა ვრცლად ორგანიზაციის 2023 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ინტერვიუს დროს ისაუბრა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ახალი ინიციატივის მიზანია - გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის, სასამართლო ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდის, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების პროცესში არსებული მიდგომების, მართლმსაჯულებაზე შესაძლო გავლენების კვლევისა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოკიდებულებების შეფასება.

„საზოგადოება, ცალკეული პროფესიული წრე შეაფასებს ცალკეული ინსტანციებისა და ცალკეული მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების საკითხს. მართალია, კანონში წერია, რომ არავის არ აქვს უფლება მოსამართლეს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე მოსთხოვოს პასუხი. მოსამართლე ამ კუთხით ხელშეუხებელია, მაგრამ საზოგადოებრივი კონტროლი, უწინარესს ყოვლისა, გულისხმობს საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების მიმართ და მართლმსაჯულების ნდობა კონკრეტული გადაწყვეტილებებით არის შემოფარგლული“ - აღნიშნა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით,  სასამართლო გადაწყვეტილებების საზოგადოებრივი კონტროლის სადისკუსიო ფორმატის ფარგლებში მოწვეულნი იქნებიან იურიდიული სფეროს წარმომადგენლები, ადვოკატები, ექსპერტები, რომელთა მეშვეობითაც მოხდება ერთგვროვანი სასამართლო პრაქტიკისთვის დასრულებული ან მიმდინარე გადაწყვეტილებების განხილვა. ფორმატი და სადისკუსიო პროცესი გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირებით და განსახილველი გადაწყვეტილების ირგვლივ წარმოდგენილი მოსაზრებები რეკომენდაციების სახით მიეწოდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოს, როგორც მართლმსაჯულების განხორციელებაზე პასუხიმგებელ კონსტიტუციური ორგანოს, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აგრეთვე, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში დიპლომატიურ კორპუსს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ 2024 წლიდან ციფრული კვლევის მიმართულებასაც შექმნის და საზოგადოებას მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზე დოკუმენტურ ფილმებს შესთავაზებს.



კომენტარები