„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2024 წელი საქმიანობაში სამართალწარმოების ხარვეზებზე მუშაობის წლად გამოაცხადეს. ორგანიზაციის არჩევანი განაპირობა მართლმსაჯულების საკითხებზე მუშაობის, მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის შესწავლისა და საზოგადოებრის მხრიდან სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობის საკითხის პრაქტიკული მაჩენებლების გამოვლინებების ანალიზმა. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა ვრცლად ორგანიზაციის 2023 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ინტერვიუს დროს ისაუბრა.
„ახალგაზრდა ადვოკატებს“ აქვს მიდგომა, როდესაც საქმიანობას წლის მანძილზე უკავშირებს რომელიმე ჯგუფის უფლებეზე განსაკუთრებულ მუშაობას. ორგანიზაციისთვის 2023 წელი ჯანდაცვის სფეროში უფლებებზე მუშაობის წელი იყო, 2022 წელი განათლების უფლებების საკითხებზე მუშაობის წლად გამოაცხადეს, 2021 წელი შრომის უფლებებზე მუშაობის წელი იყო, 2020 წელი ბავშვთა უფლებებზე მუშაობის წელი, 2019 წელი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების წლად იქნა გამოცხადებული, 2018 - კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობის წლად, 2017 - სასამართლოს პრობლემატიკის კვლევის წლად, 2016 - ბანკების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის საქმეებზე მუშაობის წლად, 2015 - სამართლიანობის აღდგენის პრობლემებზე მუშაობის წლად, 2014 - ბავშვთა უფლებების დაცვის წლად.