რესტორან „ურმულის“ პირვანდელი მფლობელის, ბიზნესმენ არსენ კუტალაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე კვლავ გამოუძიებელია და არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მტკიცება, რომელიც პასუხს გასცემდა 5 წლის წინ, 2019 წლის 9 იანვარს ბიზნესმენის დაღუპვის არსებული ვერსიის დამაჯერებლობას - ჯერ კიდევ, არაერთი გარემოების შესწავლის შედეგად, დასადგენია, არსენ კუტალაძის სხეულში ნარკოტიკული ნივთიერება ნების საწინააღმდეგოდ აღმოჩნდა თუ ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ მკვლელობას და არა - უბედურ შემთხვევას. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ და არსენ კუტალაძის ოჯახი ავრცელებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქმე ეხება სარესტორნო, მოძრავი ტექნიკისა და დისტრიბუციის სფეროში ცნობილი ბიზნესმენის არსენ კუტალაძის გარდაცვალებას და იმ გარემოებების შესწავლას, რომელიც ჭეშმარიტების დადგენის კუთხით მნიშვნელობას იძენს.
2019 წლის 9 იანვარს, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის დეპარტამენტის მე-4 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანის მე-9 კმ.-ზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „რომპეტროლის“ ტერიტორიაზე არსენ კუტალაძის გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ბიზნესმენი გარდაცვლილი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების შედეგად იპოვეს, მაგრამ ოჯახი და საქმის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები დასახელებული პირველადი ვერსიის დამაჯერებლობას გამორიცხავენ. არსენ კუტალაძე სახლს ტოვებს დილით, მიემგზვარება შეხვედრაზე, დღის განმავლობაში მასთან კონტაქტი არ ხერხდება, იგი არ პასუხობს შემავალ ზარებს, საღამოს კი სამუშაო ფართში გარდაცვლილი ხდება. საქმის მასალებით დგინდება, რომ არსენ კუტალაძე ბიზნესიდან რეგისტრირებული და არარეგისტრირებული წილებიდან გასვლას და სამშენებლო სფეროში საქმიანობის გაგრძელებას აპირებდა. შესაბამისად, პარტნიორების წინაშე იდგა კუთვნილი წილის კომპენსაციის გადახდის საკითხი, რაც მილიონს აღემატება. შესაბამისად, არ გამოირიცხება ბიზნესმენის დაღუპვა სხვა ფაქტორებით ყოფილიყო შესრულებული, რასაც არც გამოძიება გამორიცხავს, საქმეზე დაისმის პარტნიორებს შორის ურთიერთობის შესწავლაზე შესაბამისი კითხვები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, არსენ კუტალაძე დაიღუპა ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით, რომელიც ეფუძნება ორ გარემოებას - გარდაცვალების ადგილის დათვალიერებას და გარდაცვლილის ოჯახის წევრების, ბიზნესს-პარტნიორების, ხშირ შემთხვევაში, არაპირდაპირ და ირიბ ახსნა-განმარტებებს. თითქოსდა გამოძიების დაწყების მომენტიდანვე გადაწყვეტილი იქნა საკითხი, რომ არსენ კუტალაძე ზედოზირებით დაიღუპა, ამას ყველა საუბრობდა მაშინ, როცა დანიშნული ექსპერტიზის პასუხი ჯერ ისევ ცნობილი არ იყო.
აქტიური კვლევის, გამოკვეთილი სარწმუნო გარემოებების, საქმესთან შემხებლობაში მყოფი ადამიანების ახსნა-განმარტებებით, დადგენილი უდავო გარემოებების ერთობლიობით ცხადი ხდება, რომ არსენ კუტალაძის გარდაცვალება შესაძლოა კარგად დაგეგმილი ორგანიზებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს, რომელიც შესრულებული იქნა ყველაზე მძიმე და სათაკილო საფუძვლების შექმნით - ნარკოტიკული საშუალების გადაჭარბებული დოზის მოხმარებით გამოწვეული სიკვდილით.
გარდაცვლილის სხეულში აღმოჩენილი იქნა 1915 მგ. მეთადონი, რაც ჩვეულებრივ ვითარებაში, 8-ჯერ აღემატება დაშვებულ დოზას და დაუყოვნებლივ იწვევს ფატალურ შედეგს. ვინაიდან გამოძიება მუშაობს თვითმკვლელობამდე მიყვანის გარემოებების შესწავლაზე, არსებობს არაერთი წინააღმდეგობრივი ფაქტი, სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილი არ არის. კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებში ნახსენებია ნემსი, რომლითაც არსენ კუტალაძის სხეულში, სავარაუდოდ მოხდა ინექციის გაკეთება, მაგრამ მტკიცებულების სახით იგი მოძიებული და საქმეზე დამაგრებული არ არის. ეს ერთ-ერთი მთავარი გარემოებაა, ვინაიდან აღნიშნულ ნივთზე ბიოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნით შესაძლებელი გახდებოდა იმის დადგენა, თუ ვის ჰქონდა შემხებლობა ნივთთან. დადგენილი არ არის, თუ რა ტევადობის ე.წ. „შპრიცთან“ გვაქვს საქმე და შესაძლებელი იქნებოდა თუ არა მასში მოთავსებული ყოფილიყო იმ რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაშია აღწერილი. დადგენილია, რომ არსენ კუტალაძის გვამს აღენიშნებოდა ნაჩხვლეტები მხრის და გულმკერდის არეში. აღნიშნული ფაქტის ერთდროულობა მიუთითებს, რომ არსენ კუტალაძეს თავისი ნების შესაბამისად არ მოუხდენია ნარკოტიკული საშუალების მიღება. ამდენად, თუ რა მოხდა 2019 წლის 9 იანვრის დილიდან, ვიდრე არსენ კუტალაძეს საღამოს გარდაცვლილს იპოვიდნენ, სისხლის სამართლის საქმეზე შემდგომი ახალი დასკვნების საფუძველი უნდა გახდეს. შესაბამისად, გარდაცვალების ადგილის მხოლოდ ფორმალური დათვალიერება, შეუძლებელია გამოდგეს იმ მტკიცების საფუძვლად, რომ არსენ კუტალაძემ თავისი ნების შესაბამისად მოიხმარა სხეულში აღმოჩენილი 1915 მგ. მეთადონი.
ამდენად, წარმოდგენილი საქმის მთლიანი ანალიზი ცხადყოფს, რომ არსენ კუტალაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე გამოუძიებელია და ღია კითხვებს აჩენს. მნიშვნელოვანია, გამოძიება წარიმართოს ობიექტურად, უნდა მოხდეს საქმეში მონაწილე ყველა მოწმის ხელახალი გამოკითხვა იმ კუთხით, რომ დადგინდეს შემთხვევის დღეს მათი გადაადგილების და მოქმედების გეგმა. ასევე კონტაქტები, შესაბამისი ანძების მითითებით, ამოღებულ უნდა იქნეს მათ მობილურ ტელეფონებზე განხორციელებული შემავალ/გამავალი ზარების ნუსხა, უნდა დაისვას კითხვები შემთხვევის ადგილზე არსებული ნივთმტკიცებების დაკარგვასთან თუ განადგურებასთან დაკავშირებითაც. მოწმეთა მიერ მიღებული ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებით, უნდა ჩატარდეს ყველა შესაბამისი საგამოძიებო ექსპერტიმენტი.
ოჯახი სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურებიდან, ბოლო 5 წელია კანონიერ გადაწყვეტილებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას ელოდება, რაც საგამოძიებო უწყების და სასამართლოების სათანადო ნების არარსებობის პირობებში, ვერ განხორციელდება. ამასთან, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ბიზნესმენის წარმოჩენა ნარკოდამოკიდებულ პირად მთლიანობაში ემსახურება მიზანს, რომ დაუსაბუთებელი, დაუმტკიცებელი მითითებებით შეიქმნას ნეგატიური აზრი მისი პიროვნების შესახებ, სასამართლო თუ საგამოძიებო ორგანოები წინსწრებად ანტაგონოსტურად განეწყონ ჭეშმარიტების დადგენის მიმართულებით და საზოგადოდ წარმოაჩნდეს, რომ არსენ კუტალაძე მართლაც გახლდათ ნარკოდამოკიდებული, სჩადიოდა მორალურად გასაკიცხ ქმედებას, არ გააჩნდა საქმიანი რეპუტაცია და თითქოსდა არ შეიძლებოდა მისი ნდობა ან წესიერების მაგალითად ჩვენება. ოჯახმა ამ ფაქტის საწინააღმდეგოდ, არაერთი მტკიცებულება მოიპოვა.
არსენ კუტალაძე ეწეოდა მრავალმხრივ ბიზნეს-საქმიანობას. კერძოდ, 2011 წლის 13 აპრილიდან გახლდათ დაფუძნებული შპს „ამდ“-ს დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი, რომლის სახელზეც რეგისტრირებულია რესტორანი „ურმული“. 2013 წლის 29 მაისიდან გახლდათ დაფუძნებული შპს „LTD.NAN“-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილი იყო მძიმე ტექნიკის გაქირავებით ცნობილი კომპანია. იმავდროულად, არსენ კუტალაძე არარეგისტრირებულ წილს ფლობდა 2005 წლის 28 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „კ.მ.კ % კომპანია“-ში, 2006 წლის 2 მაისს დაფუძნებულ შპს „რადამოტორს“-სა და 2017 წლის 15 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „ა. მ. ტრანს“-ში. დასახელებულ კომპანიებში არსენ კუტალაძის კუთვნილ წილზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, ამჟამად, თბილისის სასამართლოში მიმდინარეობს საქმისწარმოება, ისევე, როგორც სასამართლოში დავა გრძელდება ბიზნესმენის გარდაცვალების შემდეგ აღმოჩენილ ფაქტზე - რესტორან „ურმულის“ ძმისა და ბიზნეს-პარტნიორის - მერაბ კუტალაძის და საცხოვრებელი სახლის - ძმისშვილის სახელზე მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებებით გადაფორმების ბათილად ცნობაზე.
არსენ კუტალაძეს გააჩნდა მრავალმხრივი ურთიერთობა საქმიან წრეებთან, ბიზნეს-კომპანიებთან, მაღალი ნდობისა და პასუხისმგებლობის პირობებში, სხვადასხვა ობიექტზე ასრულებდა ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის დაკვეთებსა და მომსახურებებს. მას აღიარებდნენ და პატივს სცემდნენ, როგორც საიმედო პარტნიორსა და კეთილსინდისიერ ბიზნესმენს. მას იცნობდნენ არამხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში, სადაც ზემოთ დასახელებული კომპანიების საქმიანობა ხორციელდებოდა, ბიზნესს-ურთიერთობები ყალიბდებოდა და რეპუტაცია იქმნებოდა. მის სახელს უკავშირდება ქ. თბილისში თემქაზე, მე-3 მკ/რ-ში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის აშენებაში მონაწილეობის მიღება, ქ. თბილისში ს. ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე, ინფექციური საავადმყოფოს ეზოში მდებარე, წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის აშენებაში მონაწილეობის მიღება. მშობლიურ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემოხეთში ტაძრის მშენებლობა (აგება).
2015 წლის 13 ივნისის თბილისის წყალდიდობის დროს, არსენ კუტალაძე პირველი ბიზნესმენი იყო, რომელმაც მძიმე ტექნიკის სრული პარკი შპს „რადამოტორსიდან“ და შპს „LTD NAN“-დან, სრულიად უსასყიდლოდ დაუთმო თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და წარიმართა ვერეს ხეობის გაწმენდითი სამუშაოები.
ყველგან, სადაც არსენ კუტალაძეს საქმიანი და პირადი ურთიერთობები გააჩნდა, დაიმსახურა ბუნებრივი პატივისცემა, ავტორიტეტი და ნდობა. ვერეს ხეობის გაწმენდის შემდგომ, მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოხდა თბილისის დაზიანებული ზოოპარკის აღდგენა. 2015 წლიდან, მისი მეშვეობით და ხელმძღვანელობით დაიწყო გზების გაყვანა და გზებისთვის არსებული კომუნიკაციების მოწესრიგება „მწვანე ქალაქი ლისზე“. მის ბიზნეს-საქმიანობას უკავშირდება არაერთი მსხვილი მშენებლობებიც (დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, გზების მშენებლობაში მონაწილეობის მიღება, დიღმის ოლიმპიური ქალაქის შემოგარენის მოპირკეთება და ა.შ).
შესაბამისად, ბიზნესმენის მიმართ, როგორც სიცოცხლეში, ასევე გარდაცვალების შემდეგაც, ჩამოყალიბებული იქნა საჯარო (მომეტებული) ინტერესი, როგორც კერძო სამართლის სუბიექტების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისა და ცნობილი ბიზნესმენის მიმართ, რაც ექცევა განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ქვეშ. ორგანიზაცია და სამართლის სპეციალისტები, არსენ კუტალაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ადვოკატირებას გააგრძელებენ და იმედს გამოთქვამთ, რომ ბიზნესმენის გარდაცვალების გამოძიება პრიორიტეტული გახდება ქვეყანაში ზოგადად, ბიზნესის დაცულობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხითაც.