"ახალგაზრდა ადვოკატები" ზაზა ხატიაშვილს შეხვდნენ

27 ნოემბერი, 2013

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო პროგრამების გაცნობის მიზნით, კანდიდატებთან შეხვედრებს იწყებს. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ორგანიზაციამ პირველი ასეთი შეხვედრა მოქმედ თავმჯდომარესა და იმავდროულად, თავმჯდომარეობის კანდიდატთან, ზაზა ხატიაშვილთან გამართეს. შეხვედრას ორგანიზაციის სამუშაო გუნდის მთლიანი შემადგენლობა და წევრი ადვოკატები ესწრებოდნენ.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მომზადებულ შეხვედრაზე ასოციაციის თავმჯდომარემ განვლილი  4-წლიანი საქმიანობა შეაფასა და სამომავლო პრიორიტეტები წარმოადგინა. ზაზა ხატიაშვილის შეფასებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ 2008–2012 წლებში, მძიმე პერიოდი განვლო და მოახერხა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ ინსტიტუციად ჩამოყალიბებულიყო, თუმცა მოქმედი თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ადვოკატთა კორპუსის მიმართ მთავრობას სხვა ჩანაფიქრიც ჰქონდეს და ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატთა შორის დასახელდეს პიროვნება, რომელსაც ხელისუფლების მხარდაჭერა ექნება. ზაზა ხატიაშვილი ადვოკატთა კორპუსს განვლილი საქმიანობის შეფასებისას სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს და მიუთითებს, რომ ასოციაციას საეტაპო პერიოდი უდგას, რა დროსაც უნდა გადაწყდეს – რამდენად თანასწორუფლებიანი გახდება ადვოკატთა კორპუსი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში და რამდენად იქნება შენარჩუნებული ადვოკატის პროფესიაში დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპები.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ზაზა ხატიაშვილს ახალი ინიციატივა შესთავაზეს. კერძოდ, ორგანიზაცია გამოვიდა წინადადებით, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში შეიქმნას ახალგაზრდა ადვოკატების უფლებების დაცვის დროებითი კომისია, რომელიც იტვირთებდა უფლებამოსილებას ასოციაციის საქმიანობაში, ასაკით ახალგაზრდა ადვოკატების მეტი ჩართულობისა და თანამონაწილეობისათვის. კომისია მოახდენდა ახალგაზრდა ადვოკატების მიერ წარმოდგენილი საჩვრებისა თუ განცხადებების ეფექტურ განხილვას. მისი კომპეტენციის ფარგლებში, შექმნიდა ისეთ სისტემას, რომელიც ახალგაზრდა ადვოკატების პროფესიულ განვითარებას და საერთაშორისო კონტაქტებს უზრუნველყოფდა. ორგანიზაციის ინიციატივას, ზაზა ხატიაშვილმა მხარდაწერა გამოუცხადა და დასძინა, რომ მისი თავმჯდომარედ გახდომის მომენტიდან, ახალაგზრდა ადვოკატების წინაშე არსებული საკითხები ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე, ჯერ–ჯერობით, ღია მხარდაჭერას არც ერთი კანდიდატის მიმართ არ გამოხატავს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ისინი გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც კანდიდატებს შეხვდებიან და მათ პროგრამებს შეფასებენ.

ცნობისთვის: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ახალ თავმჯდომარეს, აგრეთვე აღმასრულებელ საბჭოს, ეთიკისა და სარევიზიო კომისიებს 2013 წლის 8 დეკემბერს, საერთო კრებაზე აირჩევს. 



კომენტარები