სასამართლომ ბიზნესმენ არსენ კუტალაძის წილების საქმეზე მთავარი სხდომა 20 მარტს დანიშნა

14 თებერვალი, 2024

თბილისის საქალაქო სასამართლო რესტორან „ურმულის“ პირვანდელი მფლობელის, ბიზნესმენ არსენ კუტალაძის სამ კომპანიაში კუთვნილი წილების დაბრუნების საქმეზე სამართალწარმოებას აგრძელებს. სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, საქმეს დაურთო ახალი მტკიცებულებები და საქმის განხილვა მთავარი სხდომის პროცესუალურ ეტაპზე გადავიდა. მომდევნო სხდომაზე, 2024 წლის 20 მარტს, მოწმეთა გამოკითხვა შედგება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

სასამართლომ 2024 წლის 14 თებერვლის სასამართლო სხდომაზე, საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო დავის საგნის ირგვლივ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებში გასული მასალა. მოპასუხე მხარე, სამართალწარმოების მიმდინარეობის მანძილზე, არაერთგზის განუმარტავს სასამართლოს, რომ თითქოსდა არსენ კუტალაძის ირგვლივ სამართლებრივი მოქმედებები საზოგადოებას მიეწოდება ნეგატიურ კონტესტში და მედია-საშუალებებში ვრცელდება ცილისწამებლური ან არასწორი ინფორმაცია, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. შესაბამისად, არსენ კუტალაძის ოჯახმა სასამართლოს წარუდგინა სრული დოკუმენტური მასალა, რაც ცხაყოფს, რომ ყველა საჯარო განცხადება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს არ ცდება და არც შეურაცხყოფს პროცესის მონაწილე არც ერთ მხარეს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მერაბ კუტალაძის წარმომადგენელმა სასამართლოს მტკიცებულების სახით წარუდგინა კლინიკური ფსიქოლოგ ნათია წერეთლის ორი დასკვნა, რომელიც პასუხსს სცემს შეკითხვას, თუ როგორია არსენ კუტალაძის ძმის - მერაბ კუტალაძის, ძმისშვილებისა და დის ფსიქოლოგიური პორტრეტი. მთლიანობაში, დასკვნაში აღნიშნულია, რომ მერაბ კუტალაძეს „გააჩნია კომპლექსური ტრავმა, ადაპტაციური სირთულეები, იმყოფება კრიზისულ მდგომარეობაში, რომელიც გამოწვეულია მის შვილებსა და ოჯახზე დარდით, ცხოვრებისეული მიზნებისა და ძმისშვილებთან ურთიერთობის ბლოკირებით, უსამართლობის განცდით, ჯანმრთელობის შერყევით, პატივმოყვარეობის შელახვით“, რასაც საფუძვლად უდევს, დასკვნის ავტორის აზრით, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებში არსენ კუტალაძის მეუღლის მიერ გაკეთებული განცხადებები. ამ დასკვნებს და ფაქტს არასერიოზულს უწოდებს არსენ კუტალაძის ოჯახის წარმომადგენელი და აღნიშნავს, რომ მიზანი სამართალწარმოების გამჭვირვალობის შეფერხება და დათრგუნვაა, ვიდრე სამართალწარმოების არსებობის ფაქტით პროცესუალური მოწინააღმდეგეების შეწუხება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ არსენ კუტალაძე ეწეოდა მრავალმხრივ ბიზნეს-საქმიანობას. კერძოდ, 2011 წლის 13 აპრილიდან გახლდათ დაფუძნებული შპს „ამდ“-ს დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი, 2013 წლის 29 მაისიდან გახლდათ დაფუძნებული შპს „LTD.NAN“-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი, მაგრამ იმავდროულად არარეგისტრირებულ წილს ფლობდა 2005 წლის 28 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „კ.მ.კ & კომპანია“-ში, 2006 წლის 2 მაისს დაფუძნებულ შპს „რადამოტორს“-სა და 2017 წლის 15 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „ა. მ. ტრანს“-ში. კერძოდ, 2005 წლის 28 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „კ.მ.კ & კომპანია“-ში არსენ კუტალაძე ფლობდა 33.3% წილს. 2006 წლის 2 მაისს დაფუძნებულ შპს „რადამოტორს“-ში არსენ კუტალაძე ფლობდა 33.3% წილს. 2017 წლის 15 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „ა. მ. ტრანს“-ში არსენ კუტალაძე ფლობდა 50% წილს.

არსენ კუტალაძე დასახელებული კომპანიებიდან იღებდა შემოსავალს, ახორციელებდა კომპანიების სრულ ფინანსურ მმართველობას, მაგრამ დასახელებულ კომპანიებში რეგისტრირებული წილის მფლობელ ბიზნეს-პარტნიორებთან - მერაბ კუტალაძესთან, რომელიც ძმაა და დავით ქათამაძესთან, რომელთანაც არსებობს მირონით ნათესაობა, სწორედ განსაკუთრებული ნდობისა და ნათესაური ურთიერთობის მხედველობაში მიღებით, წილობრივი მონაცემები ოფიციალურად არ განუსაზღვრავთ.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 9 იანვარს ჯერ კიდევ დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა არსენ კუტალაძე, 2019 წლის 7 აგვისტოს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, თუმცა სამკვიდრო ქონების მასაში, აგრეთვე არ აღმოჩნდა 2005 წლის 28 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „კ.მ.კ & კომპანია“-ში, 2006 წლის 2 მაისს დაფუძნებულ შპს „რადამოტორს“-სა და 2017 წლის 15 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „ა. მ. ტრანს“-ში არსებული არსენ კუტალაძის არარეგისტრირებული წილებიც, რომლის ფლობას, არსებობას, ნამდვილობას და შესაბამისი პროპორციულობით ფინანსური სარგებლობის მიღებას ადასტურებს არსენ კუტალაძის ბიზნეს-პარტნიორები, რომლებმაც აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენება უკვე მისცეს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს.

საქმეზე წარმოდგენილი, გამოძიებისა და ექსპერტიზის დასკვნით შემოწმებული 2019 წლის 22 თებერვლისა და 2019 წლის 7 მარტის, მათ შორის ოჯახთან ახლოს მყოფი სასულიერო პირის მონაწილეობით შეხვედრების ამსახველი აუდიო ჩანაწერებით დასტურდება არსენ კუტალაძის არარეგისტრირებული წილების არსებობის ფაქტი 2005 წლის 28 სექტემბერს, 2006 წლის 2 მაისსა და 2017 წლის 15 სექტემბერს დაფუძნებულ კომპანიებში, სწორედ იმ მოცულობითა და პროპორციულობით, რაც წარმოდგენილია სასამართლოში მოთხოვნის სახით.

საქმის მასალებით დგინდება, რომ ძმა - მერაბ კუტალაძე და გარდაცვლილი ბიზნესმენის პარტნიორი დავით ქათამაძემ მარინე წამალაიძეს, რომელიც გარდაცვლილის მეუღლეა, დაპირდნენ, რომ არსენ კუტალაძის არარეგისტრირებული წილები რეგისტრირდებოდა არასრულწლოვანი შვილების სახელზე, თუმცა დღემდე - უშედეგოდ. ამდენად, ოჯახმა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით და წილზე საკუთრების უფლების მოპოვებისთვის სასამართლოს მიმართა.

ცნობისთვის: მარინე წამალაიძემ სასამართლოს ოჯახის კუთვნილი წილების დაბრუნების მოთხოვნით, თავდაპირველად, 2020 წლის 12 თებერვალს მიმართა, მაგრამ 2022 წლის 18 აპრილს, ადვოკატმა კლიენტის სათანადო ინფორმირების გარეშე, სასამართლოს სარჩელის განუხილველად დატოვების მოთხოვნა წარუდგინა. შესაბამისად, სარჩელი განუხილველად იქნა ცნობილი. მოგვიანებით, საკითხზე ახალი გარემოებები გამოიკვეთა - 2022 წლის 22 ივნისს მერაბ კუტალაძემ, ხოლო 2022 წლის 9 სექტემბერს დავით ქათამაძემ საგამოძიებო ორგანოში მიცემული ჩვენებებით დაადასტურეს და აღიარეს არსენ კუტალაძის წილების არსებობა ერთობლივ კომპანიებში. შედეგად, 2023 წლის 2 აგვისტოს, მარინე წამალაიძემ ახალი წარმომადგენლის ფარგლებში, კვლავ მიმართა სარჩელით სასამართლოს. ამჟამად, პარტნიორებსა და მოპასუხე კომპანიებს წილების გასხვისების უფლება ან სხვაგვარად უფლებრივად დატვირთვის შესაძლებლობა, სასამართლოს მხრიდან აკრძალული აქვს და დავის მონაწილე მოპასუხე კომპანიებსა და რეგისტრირებული წილის მფობელ პირებს სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, ბიზნესმენ არსენ კუტალაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის შესწავლაც დაიწყო, რომელიც საგამოძიებო პროცესში არსებული შედეგების ანალიზს და საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებების შეფასებას შეეხება. საქმის მასალებით დგინდება, რომ არსენ კუტალაძე ბიზნესიდან რეგისტრირებული და არარეგისტრირებული წილებიდან გასვლას და სამშენებლო სფეროში საქმიანობის გაგრძელებას აპირებდა. შესაბამისად, პარტნიორების წინაშე იდგა კუთვნილი წილის კომპენსაციის გადახდის საკითხი, რაც მილიონს აღემატება. შესაბამისად, არ გამოირიცხება ბიზნესმენის დაღუპვა სხვა ფაქტორებით ყოფილიყო შესრულებული, რასაც არც გამოძიება გამორიცხავს, საქმეზე დაისმის პარტნიორებს შორის ურთიერთობის შესწავლაზე შესაბამისი კითხვები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

საქმეს მოსამართლე გოჩა დიდავა განიხილავს. სასამართლომ 04.12.2023 სხდომაზე არსენ კუტალაძის ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რაც საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვას, მოწმეთა გამოკითხვას და მესამე პირად საქმეზე არასრულწლოვანების ჩაბმას შეეხებოდა. ბიზნესმენის ოჯახის ინტერესებს ამჟამად „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი იცავს.



კომენტარები