დაუსაქმებლობა დარღვევად არ ჩაითვალა და განათლების საერთაშორისო ცენტრს გრანტის დაბრუნებაზე უარი ეთქვა

15 თებერვალი, 2024

2024 წლის 15 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სარჩელი აპლიკანტის მიმართ გრანტის სახით გაცემული თანხის - 13,120.46 ლარის დასაქმების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო უკან დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში. სასამართლომ პირობაზე - აპლიკანტი განსაზღვრულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დასრულებიდან დაბრუნდეს საქართველოში და 3 წლამდე ვადით დასაქმდეს საქართველოში შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში - მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა, რაც ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის პრეცედენტულ საქმეს წარმოადგენდა - აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცლებეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქმის მასალების მიხედვით, აპლიკანტი მონაწილეობას იღებდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2015 წლის 16 დეკემბრის N24-15 ბრძანებით გამოცხადებულ სასტიპენდიო კონკურსში - „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ და გახდა ამ კონკურსის გამარჯვებული. კერძოდ, აპლიკანტმა მიიღო დაფინანსება საფრანგეთში, სიანს პოს უნივერსიტეტში, პრიორიტეტულად გამოცხადებულ საჯარო მმართველობით მიმართულების საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება ადგილობრივ დონეზე  და ევროპაში საჯარო პოლიტიკის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ამავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2016-2017 სასწავლო წლისთვის სწავლის საფასურის და სწავლის პერიოდში ამავე ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მიზნით.

დგინდება, რომ გრანტის გამცემი - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემდა მიზნობრივ ფულად სახსრებს, სწავლის საფასურისა და სწავლის პერიოდში საფრანგეთში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. თანხის გაცემა განხორციელდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა და უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სამინისტროების მეურვეობას დაქვემდებარებულ ორგანიზაციის - კამპუს ფრანსის მეშვეობით, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრს, საფრანგეთის საელჩოს საქართველოში და კამპუსს ფრანსს შორის 01.12.2015 წელს გაფორმებული „პარტნიორობის შესახებ“ ხელშეკრულების შესაბამისად. აპლიკანტი სტიპენდიით სარგებლობდა 16.09.2016 წლიდან 15.06.2017 წლამდე. სტიპენდია მოიცავდა ყოველთვიურად 614 ევროს და ასე ნაწილდება - 475 ევრო საქართველოს მხრიდან და 140 ევრო საფრანგეთის მხრიდან. ამასთან, კამფუსს ფრანსი გადახდილ ყოველთვიურ 140 ევროს განიხილავდა სტიპენდიას და არა - გრანტს, რომლიც არ ექვემდებარებოდა დაბრუნებას, თუმცა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა წარმოდგენილი სარჩელით სრულად მოითხოვა თანხის დაბრუნება.

აპლიკანტმა მიზნობრივად გამოიყენა სასწავლო გრანტი და 1 აკადემიური წლის განმავლობაში, დაასრულა საფრანგეთში, სიანს პოს უნივერსიტეტში, პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად გამოცხადებული საჯარო მმართველობის მიმართულების საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება. შესაბამისად, აპლიკანტმა სწავლება დაასრულა 2017 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. შემდეგ, დაბრუნდა საქართველოში და სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრს წარუდგინა აკადემიური მოსწრების ამსახველი დოკუმენტი. გრანტის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, გრანტის გამცემს გრანტის მიმღებისთვის შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში, არ შეუთავაზებია დასაქმება საქართველოში. აპლიკანტმა დასაქმების საკითხებზე ვაკანსიის მოძიება გააგრძელა სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისგან დამოუკიდებლად, თუმცა სადავო პერიოდში - უშედეგოდ.

2022 წლის 29 აპრილის წერილით, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მხრიდან აპლიკანტის მიმართ მოთხოვნილი იქნა გრანტის თანხის უკან დაბრუნება. საფუძვლად მითითებული იქნა - დაუსაქმებლობის შედეგად გრანტის შესახებ ხელშეკრულებით არსებული ვალდებულების დარღვევა. აპლიკანტმა სარჩელის გამომრიცხველი შედავება წარუდგინა სასამართლოს და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც სახეზე არ არის დასაქმების შეთავაზება, ამ შეთავაზებაზე უარი, „თვითნებური“ დასაქმების რაიმე გამოვლინება, ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1.3 პუნქტის თანახმად, გრანტის გამცემს უფლება არ ჰქონდა გრანტის მიმღების მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაზე წარმოედგინა პრეტენზია და მოიეთხოვა გრანტის სახით გაცემული თანხის უკან დაბრუნება. შესაბამისად, აპლიკანტს არავითარი ვალდებულება არ ჰქონდა დარღვეული, ცენტრის მოთხოვნა ემსახურებოდა სასარჩელო მოთხოვნის ინტენსიფიკაციას, მოთხოვნა უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და ამასთან, ხანდაზმულიც იყო, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა.

სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ პირობა - აპლიკანტი განსაზღვრულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დასრულებიდან დაბრუნდეს საქართველოში და 3 წლამდე ვადით დასაქმდეს საქართველოში შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში, არ უნდა ატარებდეს ილუზიურ ხასიათს. სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი სახელმწიფოს სახელით ახორციელებდა საგრანტო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებას და გაცემული თანხის შესაბამისად, სამშობლოში დაბრუნებული აპლიკანტებისთვის უნდა შეექმნა დასაქმების შესაბამისი გარემო. სხვა შემთხვევაში, დასაქმების შეთავაზების პირობა თავის იურიდიულ მნიშვნელობას კარგავდა. ვინაიდან სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მხრიდან არ მომხდარა სათანადო ძალისხმევის აღმოჩენა აპლიკანტის დასაქმების უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლომ არ ჩათვალა დაუსაქმებლობის ფაქტი გრანტის შესახებ ხელშეკრულების დარღვევად და მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქმე მოსამართლე დავით წერეთელმა განიხილა. აპლიკანტის ინტერესები წარმოადგინა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა და ორგანიზაციის იურისტმა ქეთევან თანდაშვილმა.  



კომენტარები