2024 წლის 28 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსამართლე მანანა მესხიშვილის თავმჯდომარეობით, რესტორან „ურმულის“ პირვანდელი მფლობელის, ბიზნესმენ არსენ კუტალაძის არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ მარჩენალის გარდაცვალების გამო, სარჩოს (ალიმენტის) დაკისრების მოთხოვნა, არ დაკმაყოფილდა. სარჩელით მოთხოვნილი იქნა პაპა ბებიისა და ბიძის მიმართ ალიმენტის დაკისრება. სასამართლოს განმარტებით, პაპა-ბებიას საალიმენტო ვალდებულებები ვერ დაეკისრებოდა, რადგანაც შესაბამისი შემოსავალი მათ არ გააჩნდათ, ხოლო ბიძის ნაწილში, კანონი არ განსაზღვრავდა სანათესაო სტატუსის ქვეშ ბიძას, ვის მიმართაც ალიმენტის მოთხოვნის წარდგენა იქნებოდა შესაძლებელი. დავა, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების კუთხით, სწორედ ამ კუთხით უნდა შეფასდეს, როგორც პრეცედენტული.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმის მასალებზე დაყდნობით აღნიშნავს, რომ 2019 წლის 9 იანვარს, ჯერ კიდევ დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა ბიზნესმენი არსენ კუტალაძე. მას დარჩა სამი არასრულწლოვანი შვილი. ისინი მამის გარდაცვალების შემდეგ, სრულიად უმწეო, დაუცველ და სოციალურად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. 2023 წლის 27 სექტემბრის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრის ცნობის თანახმად, ბავშვები მარჩენალის გარდაცვალების გამო, სოციალური პაკეტის ფარგლებში, ღებულობენ თვეში 300 ლარს. ამჟამად, არასრულწლოვანი დედის - მარინე წამალაიძის ძირითადი შემოსავალი გარდაცვლილი მეუღლის შპს-ს საკუთრებაში არსებული რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალების გაქირავებით შემოსული თანხებია. მოსარჩელე ზრდის სამ შვილს და არ არის დასაქმებული, რასაც ადასტურებს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი წერილი. შვილების აღზრდას, მოვლას, ყოველდღიურ საჭიროებებზე ზრუნვას სჭირდება ტიტანური შრომა, რაც არ ტოვებს მოსარჩელის დასაქმების შესაძლებლობას. სამწუხაროდ, მოპასუხეების მხრიდან არასრულწლოვანების მიმართ დაიკარგა ემპათია, მხარდაჭერა, ელემენტარული ინტერესი და ზრუნვის ვალდებულება. დედის არჩევანი - ჭეშმარიტება დადგინდეს არსენ კუტალაძის გარდაცვალებისა და ქონებების კუთვნილების საკითხში, დასჯადი აღმოჩნდა, რამაც გამოიწვია მოპასუხე მერაბ კუტალაძისა და სხვა მოპასუხეების, მთლიანად სანათესაო ოჯახის მხრიდან გარიყვა, ნათესაური ურთიერთობების მოშლა, ფინანსური და ადამიანური ზრუნვის შეწყვეტა.
საქმის მასალებით დგიდნება, რომ არსენ კუტალაძის გარდაცვალების შემდეგ, არასრულწლოვანების სრულწლოვანებამდე სარჩოთი უზრუნველყოფა იკისრა ბიძამ - მერაბ კუტალაძემ, რომელმაც გადაიხადა იმ თანხის ნაწილი, რომელიც არასრულწლოვანების ამჟამინდელი საცხოვრებელი ბინის სესხისა და იპოთეკის ვალდებულების დასრულებას ეხებოდა, არასრულწლოვანების სწავლის საფასურის ნაწილი, იმ აუცილებელი ყოველთვიური საჭიროებების ხარჯი, რომელიც ძმისშვილების მოთხოვნილებებსა და ზრუნვით იყო განპირობებული. მაგალითად, 2020 წლის 19 მარტს, სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებელით, მხარეთა შორის წარმოებულ ერთ-ერთ დავაზე, მერაბ კუტალაძე აღნიშნავდა და მიუთითებდა, რომ „მერაბ კუტალაძე საკუთარ შვილებად მიიჩნევს და ყველა ღონეს და რესურს ხმარობს, რომ ბავშვები აღიზარდონ სრულფასოვნად, ბავშვთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვით, სათანადო გარემოში“ (სტილი დაცულია), მაგრამ მას შემდეგ, რაც არსენ კუტალაძის სიკვდილის მოტივებთან დაკავშირებით, მეუღლე მარინე წამალაიძის საგამოძიებო უწყებისთვის საქმის ხილული და საეჭვო გარემოებების გამოკვეთის გამო მიცემული განმარტებები მერაბ კუტალაძეს არ მოეწონა, მან შეწყვიტა არასრულწლოვნებზე ზრუნვა და ყოველთვიური ფინანსური დახმარება გაცემა.
როგორც მოპასუხე მერაბ კუტალაძეს, ასევე პაპა-ბებიას აქვთ შესაბამისი სოციალური და ფინანსური გარემო, რათა გადაიხადონ სარჩო (ალიმენტი) და გააგრძელონ ზნეობრივი მოვალეობის შესრულება. პაპა-ბებია ცხოვრობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში და აქტიურად ეწევიან სოფლის მეურნეობის განხორციელებას. კერძოდ, 2017 წელს, შვილების დახმარებით, პაპა-ბებიამ შეიძინეს 5000 ჰა მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლის შორი-ახლოს, რომელზედაც გაშენებულია თხილის პლანტაცია. საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, დაახლოებით 3000 კვ.მ ფართზე, აგრეთვე გაშენებულია თხილის ბაღი. ისინი აქტიურად ამუშავებენ თხილის პლანტაციას და ყოველწლიურად, მათი ინდივიდუალური შემოსავალი 30,000 ათასს ლარს აღემატება. ამასთან, პირადად უვლის და მნიშვნელოვანი შემოსავალს იღებს ბებია ჟოლოს ბაღისგან, რომელიც საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზეა გაშენებული. პაპა-ბებია დამატებით შემოსავალს იღებს ვენახებიდანაც. სახლის პირობებში მზადდება ღვინო და ჭაჭა, რომელსაც საცალოდ და ბითუმად იყიდება, მის ხელმძღვანელობას კი უშუალოდ ბაბუა ახდენს. პაპა-ბებია უვლის ფუტკრის სკასაც და ნატურალური თაფლისთვის ჰყავთ მუდმივი მყიდველი. ამდენად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პაპა-ბებიას შემოსავალი, ნაღდი თანხის ოდენობით, ყოველწლიურად 30,000-40,000 ლარის ფარგლებში მერყეობს. გარდა ამისა, ისინი იღებენ ასაკით პენსიას და მუდმივი ფინანსური ხელშეწყობა აქვთ მერაბ კუტალაძის მხრიდან. აღნიშნული სამეურნეო საქმიანობის განხორციელება სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით უარყოფილი არ აქვს მოპასუხე მხარეს.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სასამართლოს განმარტებით, პაპა-ბებიას საალიმენტო ვალდებულებები ვერ დაეკისრებოდა, რადგანაც შესაბამისი შემოსავალი მათ არ გააჩნდათ, ხოლო ბიძის ნაწილში, კანონი არ განსაზღვრავდა სანათესაო სტატუსის ქვეშ ბიძას, ვის მიმართაც ალიმენტის მოთხოვნის წარდგენა იქნებოდა შესაძლებელი. სასამართლოს განმარტება უსაფუძვლოა, ვინაიდან პაპა-ბებიის მიმართ შეუდავებელი შემოსავლების პირობებში, მარჩენალის გარდაცვალების გამო, სარჩოს (ალიმენტის) დაკისრების მოთხოვნა სრულად პასუხობდა კანონის მოთხოვნებს. რაც შეეხება მერაბ კუტალაძის მიმართ მოთხოვნის ნაწილში, სასამართლო უფლებამოსილი იყო ფართოდ განემარტა კანონი და მხედველობაში მიეღო საქმეში არსებული ინდივიდუალური გარემოებები.
კერძოდ, მომჩივანი განმარტავს, რომ ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს. ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისას გაითვალისწინება მისი ოჯახურ გარემოში პიროვნული განვითარების უფლება, ბავშვის სოციალური და კულტურული მახასიათებლები, მის მიერ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დამოუკიდებლად რეალიზების შესაძლებლობა და ბავშვის მოსაზრებები. ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას.
სამართლის ნორმის განმარტებისას გამოყენებული უნდა იქნეს ის განმარტება, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ყველაზე მეტად შეესაბამება, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ოჯახის რჩენა ერთდროულად რამდენიმე პირის მოვალეობაა, სასამართლო მათი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით განსაზღვრავს თითოეულის წილის ოდენობას ამ მოვალეობის შესრულებაში; ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ალიმენტის გადამხდელ ყველა პირს, იმისდა მიუხედავად, ალიმენტს სთხოვენ ყველა ამ პირს, თუ მხოლოდ ერთ ან რამდენიმე მათგანს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტის თაანხმად, კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია). თუ კანონის ანალოგიის გამოყენება შეუძლებელია, ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლის ზოგადი პრინციპების საფუძველზე, აგრეთვე სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნების შესაბამისად (სამართლის ანალოგია).
განსახილველ შემთხვევაში, ერთის მხრივ კანონი შვილების რჩენის ვალდებულებას აკისრებს მშობლებს, პაპა-ბებიას, რომლებსაც ამ მოვალეობის შესრულებისთვის მობლების მსგავსად თანაბარი ვალდებულებები გააჩნიათ, მაგრამ კანონი სახელდობრ არ მიუთითებს ბიძის ნათესაური სტატუსის ქვეშ რჩენის ვალდებულების წარმოშობის საკითხზე. მიუხედავად ამისა, კანონი განსაზღვრავს პირობას, რომლის თანახმადაც, თუ ოჯახის რჩენა ერთდროულად რამდენიმე პირის მოვალეობაა, სასამართლო მათი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით განსაზღვრავს თითოეულის წილის ოდენობას ამ მოვალეობის შესრულებაში. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ალიმენტის გადამხდელ ყველა პირს, იმისდა მიუხედავად, ალიმენტს სთხოვენ ყველა ამ პირს, თუ მხოლოდ ერთ ან რამდენიმე მათგანს.
ცხადია, კანონის აღნიშნული დანაწესი უნდა განიმარტოს ფართოდ, სსკ-ის მე-5 მუხლის ქვეშ, როგორც კანონის, ასევე სამართლის ანალოგიის გამოყენებით. მხოლოდ სასამართლოა უფლებამოსილი განახორციელოს ნორმაშეფარდება დასაცავი სიკეთისა და დარღვეული უფლების სრულად აღდგენის კუთხით. ამ შემთხვევში, საქმის გარემოებებით და ისტორიით დგიდნება, რომ მერაბ კუტალაძემ, არასრულწლოვანების ბიძამ, გარდაცვლილი მამის ძმამ იკისრა ზნეობრივი მოვალეობის შესრულება და მარჩენალის გარდაცვალების შემდეგ ობლად დარჩენილი არასრულწლოვანების რჩენის ვალდებულება.
ამასთან, სასამართლომ სწორად უნდა შეაფასოს ის მოცემულობა, რომ რჩენის ვალდებულება შეწყდა განზრახი ქმედებით, მიზანმიმართული საფუძვლით და არა - ფინანსური საჭიროებების არქონით, მერაბ კუტალაძის პირადი მოსაზრებით მარინე წამალაიძის მხრიდან წარმოებული საჯარო პოზიციებისა და საგამოძიებო უწყებაში დაფიქსირებული მოსაზრებების გამო, რაც არ წარმოადგენს ზნეობრივი მოვალეობების შესრულებაზე უარის თქმის პატივსადებ მიზეზს და პირიქით, წარმოადგენს არასრულწლოვანების ინტერესების უგულვებელყოფას, მათი უფლებებისა ხელყოფას და განვითარების მოსპობას. შესაბამისად, უფროსს თაობას შორის უთანხმოება, ცხადია, არ უნდა იქნეს გამოყენებული არასრულწლოვანების ინტერესების საწინააღმდეგოდ და მხარე ასაბუთებს, რომ მოპასუხეებმა უნდა შეასრულონ ზრუნვის ვალდებულება ბავშვების წინაშე მათ სრულწლოვანებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით გასაჩივრდება. საქმეს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვისაც არსებითი მნიშვნელობა გააჩნია.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, ბიზნესმენ არსენ კუტალაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის შესწავლაც დაიწყო, რომელიც საგამოძიებო პროცესში არსებული შედეგების ანალიზს და საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებების შეფასებას შეეხება. საქმის მასალებით დგინდება, რომ არსენ კუტალაძე ბიზნესიდან რეგისტრირებული და არარეგისტრირებული წილებიდან გასვლას და სამშენებლო სფეროში საქმიანობის გაგრძელებას აპირებდა. შესაბამისად, პარტნიორების წინაშე იდგა კუთვნილი წილის კომპენსაციის გადახდის საკითხი, რაც მილიონს აღემატება. შესაბამისად, არ გამოირიცხება ბიზნესმენის დაღუპვა სხვა ფაქტორებით ყოფილიყო შესრულებული, რასაც არც გამოძიება გამორიცხავს, საქმეზე დაისმის პარტნიორებს შორის ურთიერთობის შესწავლაზე შესაბამისი კითხვები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სასამართლო საქმეს 2023 წლის ოქტომბერიდან განიხილავს. ბიზნესმენის ოჯახის ინტერესებს „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი იცავს. სასამართლოს გადაწყვეტილება ბავშვთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გადაეგზავნებათ.