2024 წლის 18 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება და დაევალა მოთხოვნის არსებითი განხილვა მომჩივანის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე. საქმეს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელობა გააჩნია.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მომჩივანმა 1999 წელს ჩაირიცხა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტ „საქართველო“-ში სამკურნალო ფაკულტეტზე და 2007 წელს დაამთავრა ჯანდაცვის ფაკულტეტის სრული კურსი სტომატოლოგიის სპეციალობით. სწავლის პერიოდში მან გაიარა ყველა საგანი, რაც საჭირო იყო სპეციალობის კურსის დასრულებისთვის, მიიღო შესაბამისი შეფასება და კრედიტები. მას ჯანდაცვის ფაკულტეტის საატესტაციო კომისიის მხრიდან არ მინიჭებია სტომატოლოგიის დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი.
2022 წლის 4 ნოემბერს მომჩივანმა წერილით მიმართა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტ „საქართველოს“ ამჟამინდელ სამართალმემკვიდრე შპს უნივერსიტეტი „საქართველო“-ს და მოითხოვა კურსდამთავრებულს მინიჭებოდა სტომატოლოგის დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი და გაცემულიყო შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი, თუმცა მხარეს განემარტა, რომ ორგანიზაციას საგანმანათლებლო სფეროში შეწყვეტილი ჰქონდა საქმიანობა და შპს სამართალმემკვიდრეობას ახორციელებდა მხოლოდ საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით ცნობების მომზადება-გაცემის მიმართულებით. შესაბამისად, ვერანაირი სამართლებრივი მოქმედებები ვერ განხორციელდებოდა მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით.
2023 წლის 23 თებერვლის შპს „საქართველოს“ ცნობის (წერილის) თანახმად აღინიშნა შემდეგი, რომ მომჩივანი 1999 წელს ნამდვილად ჩაირიცხა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი „საქართველო“-ს (რომელიც 2000 წლის 25 ივლისიდან იწოდებოდა შპს უნივერსიტეტი „საქართველო“ და ამჟამად იწოდება შპს „საქართველო“) სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე და მიუხედავად ფინანსური დავალიანებისა გამონაკლისის სახით შპს უნივერსიტეტმა „საქართველო“-მ მას მისცა საშუალება 2007 წელს სრულად გაევლო ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიური სპეციალობის სრული კურსი. არსებული დავალიანების არდაფარვის გამო 2007 წელს მასზე არ გაიცა დიპლომი. მის მიერ გავლილი სასწავლო კურსის კრედიტ-საათები სრულად აკმაყოფილებდა 2007 წლის მოთხოვნით სტომატოლოგიის დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხის მიღებისთვის საჭირო კრედიტ-საათებს, თუმცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ მომჩივანის მიერ ნამდვილად გადახდილია უნივერსიტეტში სწავლის საფასური, საქმეზე წარმოდგენილი იქნა გადახდის დამადასტურებელი ქვითრები შესაბამისი დანიშნულებებით, უნივერსიტეტმა კი თავის დროზე არ უზრუნველყო კომისიის მოწვევა და კურსდამთავრებულისთვის დიპლომის გაცემა.
მიზეზი, რის გამოც დიპლომი არ გაიცა არის ის გარემოება, რომ უნივერსიტეტმა ფუნქციონირება შეწყვიტა, მას აღარ ჰქონდა აკადემიური საქმიანობის გაგრძელების სამართლებრივი საფუძველი, რასაც ადასტურებს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 04 თებერვლის N2-19/202 გადაწყვეტილებაც, როდესაც შპს უნივერსიტეტ „საქართველოს“ მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.
საქმის მასალების მიხედვით, 2021 წლის 30 სექტემბერს, მომჩივანმა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა განათლების მიღების ფაქტის დადასტურება. მას უარი ეთქვა მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებაზე უარი. 2021 წლის 5 ნოემბერს, მომჩივანმა ხელახალი განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა განათლების მიღების ფაქტის დადასტურების ხელახალი განხილვა წარდგენილი დამატებითი დოკუმენტაციის საფუძველზე. 2021 წლის 2 დეკემბრის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით მომჩივანის განცხადება (მოთხოვნა) დარჩა განუხილველი. გადაწყვეტილება დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ წარდგენილი მასალები მომჩივანის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების საკითხთან დაკავშირებით არ ცვლიდა ფაქტობრივ გარემოებას და კვლავ არ ჩაითვალა დოკუმენტაცია საკმარისს მტკიცებულებად განათლების მიღების ფაქტის დადასტურების უზრუნველსაყოფად, რაც არ გაიზიარა სასამართლომ. ცენტრს დაეკისრა სასამართლო და სასამართლოს გარეშე საპროცესო ხარჯებიც.
ცნობისთვის: მომჩივანმა სასამართლოს 2022 წლის იანვარში მიმართა. 2022 წლის ოქტომბერში მოხდა წარმომადგენლის ცვლილება და მომჩივანის ინტერესების დაცვა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა უზრუნველყო. საქმე მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა განიხილა.