ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონში მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს და მიუთითებს, რომ ცვლილებები და ახალი რეგულაციები ქვეყანაში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებისათვის, მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებებზე მიუთითებს. ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილება ვილნიუსის სამიტზე საქართველომ მოახდინოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება და ქვეყანაში განახორციელოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სტანდარტების შემოღება, მიუთითებს შესაძლებლობებზე, რა დროსაც, ქართული ბაზარი უნდა გათავისუფლდეს არსებული მონოპოლიებისა და ოლიგიოპოლიებისაგან. ამის შესახებ 2013 წლის 28 ნოემბერს „რეპორტიორის“ პრეს–კლუბში, ორგანიზაციის იურისტმა, ნინო ისაკაძემ განაცხადა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მომზადებული კანონპროექტის ღირსებას წარმოადგენს ის გარემოებები, რომ მოქმედი კონკურენციის სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, თუმცა მას, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საკუთარი შემოსავლებიც ექნება. სააგენტო ანგარიშვალდებულია პრემიერისა და პარლამენტის წინაშე. ყოველი წლის 1 მაისს, სააგენტო მოამზადებს და პარლამენტს, პრემიერ-მინისტრსა და საზოგადოებას წარუდგენს წლიურ ანგარიშს გაწეული მუშაობისა და საქართველოს სასაქონლო ბაზრებზე კონკურენტული გარემოს მდგომარეობის შესახებ, რაც იძლევა პრაქტიკულ შესაძლებლობას, რომ სააგენტომ ახალი უფლებამოსილებების ფარგლებში, განახორციელოს ეფექტური მმართველობა. ამასთან, ახალი კანონის ეფექტურობისათის მნიშვნელოვანია, რომ სააგენტოს წარმოადგენდეს დამოუკიდებელ ორგანოს, რომლის საქმიანობაშიც, ვერც ხელისუფლება და ვერც ბიზნესი ვერ ჩაერევა.
ნინო ისაკაძის განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკა კონკურენციას განიხილავს, როგორც ეკონომიკური ზრდისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მნიშვნელოვან ფაქტორს. საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო აქტებით და კონვენციებით უზრუნველყოფილია საქართველოში თავისუფალი ბაზრის ლიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა, კერძოდ, ევროკავშირისა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ 43 და 44 მუხლების თანახმად, საქართველო უნდა ეცადოს, ეტაპობრივად ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის სამართლებრივ სივრცეს დაუახლოვოს, ვინაიდან ანტიმონოპოლიური კანონმდბელობა და შესაბამისი სამსახურის ფუნქციონირება ევროკავშირის უმთავრესი პირობაა, რომელსაც ის საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გამარტივების წინაპირობად აყენებს.
ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს რეალობით, დღეს სამომხმარებლო ბაზრის სხვადასხვა სეგმენტი მონოპოლიზირებულია მაღალი კონტროლირებადი ფასებით ერთი ან ერთმანეთთან მორიგებული რამდენიმე კომპანიის მიერ. ფაქტობრივად, არ არსებობს ან შეზღუდულია თავისუფალი საბაზრო კონკურენცია. ყველა იმ საქონელს, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად მოვიხმართ ერთი და იგივე ფასი აქვს და თანაც ძალიან მაღალი. მონოპოლიური ფასები არის ნავთობპროდუქტების ბაზარზე, საკვებ პროდუქტებზე, ფარმაცევპულ ზაბარზე, სარეკლამო და საბანკო სფეროში, რკინიგზაზე, ელექტრომომარაგებაში, წყალმომარაგებაში, კავშირგაბმულობაში, შემოთავაზებული არის ერთნაირი ფასები და ხარისხი, რითაც იზღუდება მომხმარებლების ინტერესები. ასევე გადასახედია ფასების მიბმა მსოფლიო ბირჟებზე.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი, ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მიღებაა. ორგანიზაცია, პროექტ „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან“ ფარგლებში, კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, საქართველოს მთავრობასთან ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომნლობისათვის. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, 2013 წლის 12 ოქტომბერს საკითხს სპეციალური კონფერენციაც ,,ევროკავშირის სტანდარტები, თავისუფალი ვაჭრობა და კონკურენცია საქართველოში“ მიუძღვნა.