ხანგრძლივი შრომისუუნარობის პრაქტიკაში მესამე საქმეზე მუშაკის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღეს

25 მაისი, 2024

2024 წლის 22 მაისის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩა, რითაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის, მამუკა ჯანგულაშვილის მიერ 2021 წლის 31 დეკემბერს მიღებული იქნა უკანონო და დაუსაბუთებელი ბრძანება ამავე ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის II კატეგორიის სპეციალისტ ელენე კაპანაძის გათავისუფლების თაობაზე. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაევალა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, ელენე კაპანაძის მიმართ კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების გადახდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ელენე კაპანაძის საქმეს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნდა, ვინაიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა მუშაკის ხანგრძლივი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს. სასამართლომ უარყო დასაქმებულის ხანგრძლივი შრომისუუნარობის არსებობა და გაიზიარა მომჩივანის პოზიცია, რომ კანონის ჩანაწერი - შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ნორმის არსიდან გამომდინარე, უნდა განიმარტებულიყო არა სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით, არამედ, გაგებულ იქნას, როგორც სამუშაო დღეები. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულის ხანგრძლივი შრომისუუნარობის საკითხზე სასანართლოსთვის წინამდებარე დავა მესამე საქმე გახლდათ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს იურიდიულმა სამმართველომ ყველაფერი გააკეთა ელენე კაპანაძის გათავისუფლებულ თანამდებობასა და ტოლფასს თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობის სამართლებრივი მოსპობით. კერძოდ, ერთის მხრივ, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილების სპეციალისტის (II კატეგორია) თანამდებობაზე დანიშნა მაია ჯალაღანია, მეორეს მხრივ კი, მას შემდეგ, რაც სასამართლოში დაზუსტდა ტოლფასი თანამდებობა და მიეთითა სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილების სპეციალისტის (III კატეგორია) პოზიცია, ბიუროს უფროსის ბრძანებით, ამ თანამდებობაზე, დაინიშნა ხატია ბუგიანიშვილი. აღსანიშნავია, რომ III კატეგორიის სპეციალისტის თანამდებობა, როგორც ტოლფასი თანამდებობა, მისი სასამართლოსთვის მითითების პერიოდში, იყო ვაკანტური და მხოლოდ 2022 წლის 9 სექტემბრის სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტით აღმოჩნდა, რომ 2023 წლის 29 იანვრის მდგომარეობით, ვაკანტური თანამდებობა დაიკავა ხატია ბუგიანიშვილმა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ სასამართლომ საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი დავით მაღრაძე და ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილების სპეციალისტი (II კატეგორია) მაია ჯალაღანია, რომელიც ბიუროს გადაწყვეტილებით, შრომითი ხელშეკრულებიდან ელენე კაპანაძის გათავისუფლების შემდეგ, გამოთავისებულ საშტატო ერთეულში დაინიშნა. ორგანიზაცია კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ დავით მაღრაძისა და მაია ჯალაღანიას მიერ სასამართლოსთვის მიცემული განმარტებები მიზნად ისახავდა ელენე კაპანაძის დისკრედიატაციას, თუმცა დაცვის მხარემ ასეთ ვითარებაშიც შესძლო სასამართლოსთვის თვალნათელი გამხდარიყო დეპარტამენტში არსებული მძიმე ურთიერთობები, კარიერული ზრდის არაფორმალური მხარე, რომელიც არა ცოდნაზე ან გამოცდილებაზე, არამედ - პირადზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით კვალიფიციური კადრების გაწირვით და არასათაანდო მოპრობით გამოიხატა, რაც ორგანიზაციის აზრით, ყველაზე მეტად საჯარო სამსახურის საქმიანობის უმთავრესს პრინციპს - გამჭვირვალობას აზიანებს.

საერთო სასამართლოების წინაშე, ხანგრძლივი განხილვების შედეგად, ობიექტურად წარმოჩნდა დავით მაღრაძისა და მაია ჯალაღანიას მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების მცდარი და არაობიექტური მხარეები. გასახსენებელია, რომ ყველასთვის მოულოდნელად, დავით მაღრაძემ მოწმის სახით გამოკითხვის დასრულების შემდგომ, დარბაზიდან გასვლისას და დარბაზის ღია კართან დგომით, შეურაცმხყოფელი, შეუფერებელი და ცინიზმით აღსავსე გამონათქვამებით მიმართა, როგორც ელენე კაპანაძეს, ასევე მის წარმომადგენელს. ორგანიზაცია, აგრეთვე, შეშფოთებულია ბიუროს იურიდიული სამმართველოს უფროსის მოადგილის სოფიო ჩიხრაძის მხრიდან სამართალწარმოების მანძილზე, ელენე კაპანაძესთან  დამოკიდებულებების ხარისხით, ტონით, რომელიც ეფუძნებოდა სიძულვილის ენას, რაც ცდება პროფესიული ეთიკის ჩარჩოს და არ წარმოადგენდა განსხვავებული პროცესუალური აზრის პირობებში დაფიქსირებულ პოზიციებს. სწორედ სოფიო ჩიხრაძე და ბიუროს იურიდიული სამმართველოა იყო პასუხისმგებელი ელენე კაპანაძის უკანონო გათავისუფლების მიღებასა და შემდგომ ხელოვნურ გადაწყვეტილებებში, რაც სასამართლოს მომავალი აქტის აღსრულებისთვის დაბრკოლებების შექმნას ისახავდა მიზნად.

ელენე კაპანაძესა და მოპასუხე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შორის არსებობდა უვადო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა, 2003 წლიდან 2021 წლის 31 დეკემბერის მდგომარეობით. ბიურომ გათავისუფლების გადაწყვეტილება დააფუძნა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ი“ ქვეპუნტქზე, რა დროსაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლია ხანგრძლივი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს. ბრძანებაში აღინიშნა, რომ 2020 და 2021 წლებში, თითქოსდა დაფიქსირებული იქნა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შეუსრულებლობა, შრომითი ურთიერთობის შეჩერება არაერთგზის, რამაც, ბიუროს აზრით, საქმისწარმოების ფუნქციათა დროულად და ეფექტიანად შესრულების შეფერხება გამოიწვია. დასაქმებულს ანაზღაურების გარეშე შვებულებით 2021 და 2020 წლების განმავლობაში, გამოყენებული ჰქონდა შვებულება 2020 წლის 7 დეკემბრიდან - 2021 წლის 7 ივნისის ჩათვლით, ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე, 23 აგვისტოდან - 3 სექტემბრის ჩათვლით დასაქმებული იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. ასევე, საავადმყოფო ფურცლით შრომისუუნარობის მოტივით 2021 წლის 17 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით და 2021 წლის 21 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით და 2021 წლის 15 ნოემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით (43 კალენდარული დღე).

საქმის მასალებით დადგინდა, რომ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში, ყველა საჭირო დღე ელენე კაპანაძემ საკუთარი სოცოცხლის გადასაჩენად და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გამოიყენა. დასაქმებულმა გულზე რამდენიმე მძიმე ოპერაცია გაიკეთა. ამას დაემატა პანდემია და მისგან გამომდინარე გართულებული ჯანმრთელობა. სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეუძლებლობის ყველა შემთხვევა, მათ შორის კანონით არსებული შვებულებით სარგებლობა, სრულად იქნა დოკუმენტურად შეთანხმებული დამსაქმებელ ორგანიზაციასთან. მიუხედავად იმისა, რომ ელენე კაპანაძე ირიცხებოდა სოციალურად დაუცველთა ბაზაში, გააჩნდა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისგან გამოწვეული სირთულეები, სახელმწიფოს ხარჯზე სარგებლობდა დაქირავებული საცხოვრებლით, გახლდათ მარტოხელა მშობელი, სახეზე იყო სხვადასხვა საბანკო მიმდინარე ვალდებულება, მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო გახლდათ ხელფასი, მისი სიცოცხლის გადასარჩენად ბიუროს თანამშრომლებმა არაერთხელ გამოხატეს სოლიდარობა და ფინანსური მხარდაჭერა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მხრიდან მუშაკის გათავისუფლების ფაქტმა არსებითად წარმოაჩინა სამსახურის არაკოლეგიალობა, სიხისტე და კოროპრატიული პასუხისმგებლობის იდეის უგულვებელყოფა. კვალიფიციური თანამშრომლის ქუჩაში გაგდებით, იურიდიულად დაუსაბუთებელმა, დასაქმებულის თავიდან მოშორების სურვილით განზრახ მიღებულმა გათავისუფლების გადაწყვეტილებამ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საზოგადოებრივი ნდობა მნიშვნელოვნად შეარყია, რაც ელენე კაპანაძის საქმეზე წარმოებული სასამართლო განხილვების პროცესში, კიდევ უფრო მეტად გახდა თვალსაჩინო.

მეტიც, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა, მამუკა ჯანგულაშვილმა უპასუხოდ დატოვა ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ 2022 წლის 22 ივნისის წერილიც დავის მორიგების დასრულების მიზნით წარდგენილ წინადადებებზე. რაც მთავარია, სასამართლომ არ გაიზიარა გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული საფუძვლები ელენე კაპანაძის ხანგრძლივი შრომისუუნარობის თაობაზე. მხარემ წარადგინა არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ შრომისუუნარობა აღემატებოდა არათუ 40 დღეს და შეადგენდა 43 კალენდარულ დღეს, არამედ მთლიანობაში სახეზე იყო 35-დღიანი სამსახურში გამოუცხადებლობა, რასაც გააჩნდა ობიექტური მიზეზი და დამსაქმებელთან შეთანხმება, რასაც არ გამოუწვევია საქმიანობის შეფერხება ან სამსახურის მიმართ ზიანი. შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ნორმის არსიდან გამომდინარე, უნდა განიმარტებულიყო არა სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით, არამედ, უნდა შეფასებულიყო, როგორც სამუშაო დღეები.

ცნობისთვის: ელენე კაპანაძემ სასამართლოს სარჩელით 2022 წლის იანვარში მიმართა. ორგანიზაციამ აღნიშნული დავა Pro-bono პრინციპის საფუძველზე აწარმოა. დაზარალებულის ინტერესები ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა წარმოადგინა. თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნათია მარშანიამ მიიღო, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმე ერთპიროვნულად მოსამართლე ოთარ სიჭინავამ განიხილა, საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებმა: მირანდა ერემაძემ (თავმჯდომარე), ლევან მიქაბერიძემ და ვლადიმერ კაკაბაძემ განიხილეს.



კომენტარები