საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, კომპენსაციის, იძულებითი განაცდურის, შრომის ანაზღაურების დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების საქმეზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და მომჩივანის მოთხოვნა სრულად გაიზიარა. საქმეს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელობა გააჩნია. შედეგად, სამშენებლო კომპანია „არქი პრომოუშენმა" დამსაქმებელთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოებული დავა წააგო და სოლიდური ფინანსური დავალიანება - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ნებაყოფლობითაც აღასრულა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მომჩივანი კომპანიაში 2022 წლის 10 იანვარს, უმცროსი იურისტის პოზიციაზე, ზეპირი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმდა. 2022 წლის 27 იანვარს, ფუნქციურმა ხელმძღვანელმა მომჩივანს აცნობა რომ მასთან ვეღარ გაგრძელდებოდა შრომითი ურთიერთობა, ხოლო 28 იანვარს, კომპანიის HR დეპარტამენტის უფროსმა მას აცნობა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მომჩივანმა 2022 წლის 31 იანვარს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთების მოთხოვნით მიმართა კომპანიას. 2022 წლის 1 თებერვალს, მომჩივანს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა გათავისუფლების შესახებ დასაბუთება, რომლის თანახმადაც მასთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე (დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება). დამსაქმებლის მითითებით, გამოსაცდელ ვადაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დასაბუთების ვალდებულება არ არსებობდა, თუმცა დასაქმებულს დამატებით მაინც განემარტა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაედო მომჩივანის სამსახურში არაერთგზისი დაგვიანება/გამოუცხადებლობა, რაც შემდგომში არ დადასტურებულა.
2022 წლის 29 სექტემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, მომჩივანის სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს შრომის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით, შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია მასთან მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით. ამავე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილების მიხედვით, დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის მხარეებს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულება, სადაც მითითებული იქნება გამოსაცდელ ვადაზე, პირიქით, კომპანია სადავოდაც არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ მომჩივანთან ხელშეკრულება დაიდო ზეპირი ფორმით. სასამართლომ განმარტა, რომ შრომის კოდექსით გათვალისწინებული ქვემდებარეობის პრინციპის გათვალისწინებით, დამსაქმებელს შეუძლია ხელშეკრულებით განსაზღვროს შრომის კოდექსისგან განსხვავებული მოწესრიგება და ცალმხრივად დაადგინოს შრომითი პირობები, თუმცა ეს პირობები არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას. განსახილველ შემთხვევაში, კანონი იმპერატრიულად ადგენდა გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულების ფორმას, შესაბამისად, კომპანია ზეპირი ფორმით ვერ დადებდა და ვერ შეუთანხმდებოდა მომჩივანს გამოსაცდელ ვადაზე.
2023 წლის 11 აპრილის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა „არქი პრომოუშენის“ სააპელაციო საჩივარი და სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა ვადიან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა საკასაციო წესით.
2024 წლის 29 მარტის საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, საკასაციო საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მომჩივანის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებული მიდგომები და მსჯელობები. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობები მიიჩნია უვადოდ გაფორმებულ ზეპირი ფორმით არსებულ ურთიერთობებად. პალატა ყურადღება გაამახვილა შრომითი დავებისათვის დამახასიათებელი მტკიცების ტვირთის სპეციალურ წესზე და განმარტავ, რომ მოპასუხე კომპანიას, როგორც ხელშეკრულების „ძლიერ მხარეს“ ევალებოდა წარმოედგინა მომჩივანთან წერილობით გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც აღნიშნული იქნებოდა გამოსაცდელი ვადის თაობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში ვერ განახორციელა. ამდენად, არ დასტურდება მომჩივანთან შრომითი ხელშეკრულების გამოსაცდელი ვადით დადების ფაქტი. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით დადებული არ ყოფილა. შესაბამისად, უკანონოდ იქნა აღნიშნული საფუძვლით მომჩივანთან შრომითი ურთიერთობის დასრულება.
ცნობისთვის: საქართველოს უზენაესს სასამართლოში საქმე მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილმა (თავმჯდომარე), ზურაბ ძლიერიშვილმა და მირანდა ერემაძემ განიხილეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე: ოთარ სიჭინავამ, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოში კი - მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ. მომჩივანის კანონიერი ინტერესები ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა წარმოადგინა.